აშშ უკრაინას სადაზვერვო მონაცემების მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ უკრაინელი სამხედროები რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე ახალ დარტყმებს განახორციელებდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენლებმა ვაშინგტონში უკრაინის საელჩო გააფრთხილეს, რომ რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე შემდგომი დარტყმების შემთხვევაში შეერთებული შტატები დაუყოვნებლივ შეწყვეტდა სადაზვერვო მონაცემების ყოველგვარ გაზიარებას.

წყაროს ინფორმაციით, აშშ-ის მხრიდან დაზვერვის მონაცემების გაზიარება არ შეწყვეტილა – ყოველ შემთხვევაში, სრულად არა, თუმცა ეს მუქარა კვლავ ძალაში რჩება.

„გაფრთხილებები იმდენად მასშტაბური იყო, რომ ზარი ყველამ მიიღო, ვისი გვარიც უკრაინულად ჟღერდა“, – განაცხადა წყარომ.

მისივე თქმით, რაკეტის ის ტიპი, რომელიც კიევს მოხვდა, ადრე საჰაერო თავდასხმის გამაფრთხილებელ სისტემებს გვერდს უვლიდა, თუმცა ბოლო პერიოდში ეს უკვე ასე აღარ არის.

შეგახსენებთ, აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც გააკეთა. მისი თქმით, „აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინას სადაზვერვო მონაცემების გაზიარების შეწყვეტით დაემუქრა, თუ უკრაინული ძალები რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე შორ მანძილზე მოქმედი დრონებით დარტყმებს არ შეწყვეტენ.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ კვლავ უზიარებს უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას, „მუშაობს მათთან და რუსეთთან, რათა ომი დასრულდეს“.

1tv.ge