აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლებმა უკრაინელ მაღალჩინოსნებს განუცხადეს, რომ რუსული დიზელის ექსპორტის დაშვების შესახებ შეთანხმება წარმოადგენს მცდელობას, რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნონ, - ამის შესახებ სააგენტო Reuters-ს შეხვედრის დეტალებზე ინფორმირებულ სამ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
წყაროების ინფორმაციით, დონალდ ტრამპის წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთის საკითხებში სტივ უიტკოფმა და ტრამპის სიძემ, ჯარედ კუშნერმა მაიამიში პარასკევს გამართულ შეხვედრაზე უკრაინულ მხარეს განუცხადეს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მზად არ არის უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებაზე მოსალაპარაკებლად, თუმცა გასულ კვირას გამოცხადებულმა შეთანხმებამ, შესაძლოა, ხელი შეუწყოს სამმხრივი მოლაპარაკებების განახლებას.
ერთ-ერთი წყაროს განცხადებით, აშშ-მა უკრაინულ მხარეს აცნობა, რომ დიზელის საწვავთან დაკავშირებულმა გარიგებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს მოსკოვის პოზიციის „შერბილებას“; ეს ნაწილობრივ იმით აიხსნება, რომ აღნიშნული ნაბიჯი „აგზავნის სიგნალს, რომ ტრამპი მზადაა რუსეთთან თანამშრომლობისთვის“.
ამასთან, შეხვედრის დეტალების მცოდნე კიდევ ერთმა პირმა განაცხადა, რომ დიზელის საწვავთან დაკავშირებული შეთანხმება უფრო ფართო განხილვის მხოლოდ ნაწილია, რომელიც ეხება უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას და ომის დასრულებას. წყაროს თქმით, შეხვედრაზე უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების საკითხიც განიხილეს, თუმცა დამატებითი დეტალები არ დაუკონკრეტებია.
ცნობისთვის, გარიგებამ, რომლის ფარგლებშიც რუსეთი აშშ-ისა და მსოფლიო ბაზრებს 2.25 მილიონ ბარელზე მეტ დიზელის საწვავს მიაწვდის, აშშ-ის ზოგიერთი კანონმდებლის უკმაყოფილება გამოიწვია. მათი თქმით, ეს მოსკოვს ომის გასაგრძელებლად საჭირო ფინანსურ რესურსს მისცემს, პუტინს კი კონფლიქტის დასასრულებლად დათმობებზე წასვლას არ აიძულებს.
დონალდ ტრამპი კი ირწმუნება, რომ შეთანხმება „ამერიკელი ხალხისთვის სწორი არჩევანია“ და ის აშშ-ში ენერგომატარებლებზე ფასებს შეამცირებს.