ანალიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ევროკავშირსა და აშშ-ს შორის გარიგებამ, შესაძლოა, ფარმაცევტულ სექტორს ხარჯები 19 მილიარდი დოლარით გაუზარდოს. ამის შესახებ Reuters-ი წერს და აღნიშნავს, რომ შეთანხმების შედეგად ფარმაცევტული კომპანიებისთვის წარმოქმნილი დამატებითი ხარჯები, სავარაუდოდ. 13-დან 19 მილიარდ დოლარამდე იქნება. ბრენდული მედიკამენტები 15%-იანი ტარიფით დაიბეგრება. დამატებითი ხარჯები კი  მომხმარებლებისთვის ფასების ზრდას გამოიწვევს, თუკი ფარმაცევტული კომპანიები არ მიიღებენ ზომებს ტარიფების გავლენის შედეგების შესარბილებლად.

ფარმაცევტული კომპანიები ისტორიულად საბაჟო გადასახადით არ იბეგრებოდა. აშშ-ში ევროპული ექსპორტის უმსხვილესი ნაწილი - 60% წამლებზე მოდის.

ამასთან, Bernstein-ის ანალიტიკოსის კორტნი ბრინის შეფასებით, დამატებით წარმოშობილი 19 მილიარდის ნაწილის დაფარვას კომპანიები შეძლებენ იმ ზომების დახმარებით, რომლებსაც უკვე იღებენ - ისეთების, როგორიცაა პრეპარატების მარაგების შექმნა და ახალი შეთანხმებები მკვლევრებთან.

მანამდე Roche-ს გენერალურმა დირექტორმა თომას შინეკერმა განაცხადა, რომ კომპანია ზრდის თავის მარაგებს აშშ-ში, რათა თავიდან აიცილოს ტარიფებით გამოწვეული მყისიერი წყვეტა.

UBS-ში კი ამბობენ, რომ ჯერჯერობით უცნობია, რომელი ჯენერიკები გათავისუფლდებიან გადასახადებისგან.

როგორც ცნობილია, ევროკავშირსა და აშშ-ს შორის დადებული სავაჭრო ხელშეკრულების მიუხედავად, ფარმაცევტული პრეპარატების ტარიფები ამ დრომდე გაურკვეველია. მართალია, ახალი სავაჭრო შეთანხმება ძალაში 1 აგვისტოდან შედის, თუმცა 15%-იანი ტარიფი, რომელიც ევროკავშირიდან აშშ-ში იმპორტირებული პროდუქტების უმრავლესობაზე დაწესდა, ფარმაცევტულ კომპანიებს ამ ეტაპზე არ შეეხება.