ამერიკული CVS Health Corp., რომელიც ფლობს სააფთიაქო ქსელს და სადაზღვევო კომპანია Aetna Inc.-ს, ახორციელებს ბიზნესის სტრატეგიულ შეფასებას, განიხილავს, კერძოდ, ოპერაციების გაყოფის შესაძლებლობას, წერს The Wall Street Journal ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
კომპანიის დირექტორთა საბჭომ ჩართო ბანკები ბიზნესის განვითარების ვარიანტების შესაფასებლად, რაც რამდენიმე კვირაა გრძელდება, – ამბობენ წყაროები. მათივე თქმით, CVS Health განიხილავს სხვადასხვა ვარიანტს ბიზნესის გაყოფისთვის.
„CVS Health-ის მენეჯმენტი და დირექტორთა საბჭო მუდმივად იკვლევს სააქციო ღირებულების გაზრდის გზებს. ჩვენ კვლავ ვართ ორიენტირებული შედეგების გაუმჯობესებაზე და მაღალი ხარისხის ჯანდაცვის პროდუქტებისა და სერვისების მიწოდებაზე, რაც შესაძლებელი გახდა კომპანიის ოპერაციების მასშტაბით და ინტეგრირებული მოდელით“ - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.
CVS, რომელმაც დაიწყო როგორც რითეილერმა სილამაზის და ჯანმრთელობის სფეროში, ფართოდ გახდა ცნობილი, როგორც აფთიაქების ქსელი. ბოლო წლებში მან გააერთიანა აფთიაქები, სადაზღვევო კომპანია Aetna და სამედიცინო კლინიკების ქსელი.
CVS-მა რამდენჯერმე შეამცირა შემოსავლის პროგნოზი გასული წლის განმავლობაში Medicare სადაზღვევო ბიზნესთან დაკავშირებული პრობლემების გამო და მისი აქციების ფასი 20%-ზე მეტი დაეცა 2024 წლის დასაწყისიდან.
კომპანია იმედოვნებს, რომ ამ სფეროში მუშაობისადმი მიდგომის შეცვლა მომავალ წელს შედეგების გაუმჯობესების საშუალებას მისცემს.
30 სექტემბერს CVS-მა გამოაცხადა, რომ შეამცირებს თავის კორპორატიულ მუშახელს 2900-ით, რაც გლობალური მუშახელის 1%-ზე ნაკლებს შეადგენს.
აგვისტოში კომპანიამ გამოაცხადა ხარჯების 2 მილიარდი დოლარით შემცირების გეგმა.