,,ეს უფრო ამერიკელებისთვის ხელსაყრელი შეთანხმებაა“- ასე აფასებს ამერიკისმცოდნეობის დოქტორი გიორგი ლაბაძე ევროკავშირსა და აშშ-ს შორის მიღწეულ შეთანხმებას. მისი თქმით, ტრამპმა მის ხელთ არსებული ბერკეტი გამოიყენა, რითაც ევროპისგან ვალის დაბრუნებას ცდილობს. ბერკეტი ევროკავშირის იარაღითა და თავდაცვით უზრუნველყოფაა. გიორგი ლაბაძე აცხადებს, რომ ევროპა დღეს რუსეთიდან მომდინარე საფრთხის წინაშე დგას, რასაც ტრამპი საკუთარი ინტერესების გასატარებლად იყენებს. გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ წლების განმავლობაში ევროკავშირი შტატებისგან ბენეფიტებს იღებდა და სანაცვლოდ არაფერს გასცემდა. გიორგი ლაბაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ვითარება შემოაბრუნა და ტარიფების დაწესებით ის ვალის უკან დაბრუნებას ცდილობს.
,,ეს უფრო ამერიკელებისთვის ხელსაყრელი შეთანხმებაა. თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ აქ არის მთელი რიგი სამხედრო შესყიდვების საკითხი. ევროპელებისთვის გამოვლინდა პრობლემა. ისინი დადგნენ რუსეთის საფრთხის წინაშე. ამერიკა ამ პროცესს იყენებს საკმაოდ კარგად. იმიტომ, რომ ერთის მხრივ იარაღს ყიდის ევროპას, რაც კომერციულად საინტერესოა შეერთებული შტატებისთვის. მეორეს მხრივ, ის უზრუნველჰყოფს, რომ ევროპელებმა თავად განსაზღვრონ თავისი თავდაცვა. ევროპამ თავად რომ აწარმოოს იარაღი ეს ჯერჯერობით ილუზიაა. ამერიკისგან შესყიდვები დასჭირდებათ ევროპელებს. სატარიფო პოლიტიკა უფრო მეტად ამერიკას აძლევს ხელს. მაგრამ, ვფიქრობ რომ სულ ცოტა უახლოესი ერთი წლის განმავლობაში ამისი გადახედვა ნაკლებად იქნება. რაღაც დონის სტაბილურობა შენარჩუნდება. ერთი წლის შემდეგ და მეტი ხნის შემდეგ, შეიძლება კიდევ რამე შეიცვალოს. ამას ტრამპი ასე უყურებს, რომ წლების განმავლობაში ამერიკის მიმართ იყო დაწესებული ტარიფები. (10%-იანი იყო მანქანებზე). ახლა შემოაბრუნეს ვითარება. ტრამპს სურს დაიბრუნოს ის ბენეფიტები, რაც ევროპამ მიიღო ამერიკისგან წლების განმავლობაში. ასე უყურებს ტრამპი ამ ამბავს. რამდენ ხანში დაიბრუნებს? ეს დროის საკითხია. თუ ისე მოხდება, რომ ერთმანეთთან ვალში აღარ იქნებიან, მერე შეიძლება ტარიფებიც გასწორდეს და 0 იყოს ორივესთვის. ამერიკა ეცადა, გამოეყენებინა თავისი ბერკეტი და თავდაცვის უზრუნველყოფის სანაცვლოდ რაღაც წამოეღო ევროპიდან. მან ეს გააკეთა. თუ დააკვირდით ფონ დერ ლაიენის მიმიკებს ის ბედნიერი არ ყოფილა მაინც და მაინც ამ შეხვედრის დროს. ამერიკელები ამ შემთხვევაში გამოვიდნენ იმ დროიდან, როცა ევროპას უბრალოდ გარანტირებულად უზრუნველყოფდნენ თავდაცვით და ევროპა ამაში არ დებდა თავის რესურსს.“- აცხადებს გიორგი ლაბაძე.