აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი იმუქრება, რომ თუკი ავღანეთი ბაგრამის ავიაბაზას აშშ-ს არ დაუბრუნებს, "ცუდი რაღაცები მოხდება". 

ამის შესახებ ტრამპი Truth Social-ზე წერს.

"თუ ავღანეთი ბაგრამის ავიაბაზას არ დაუბრუნებს მათ, ვინც ის ააშენა, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ცუდი რაღაცები მოხდება!" - წერს ტრამპი.

მანამდე, 18 სექტემბერს, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკა ავღანეთში მდებარე ბაგრამის ავიაბაზის დაბრუნებას ცდილობს, რომელიც ამერიკელმა ჯარისკაცებმა ქვეყნიდან გასვლისას, 2021 წელს მიატოვეს.

აღსანიშნავია, რომ ბაგრამის ავიაბაზა ავღანეთში აშშ-ს ყველაზე დიდი სამხედრო ბაზა და ოცწლიანი ომის ლოჯისტიკური ცენტრი იყო.

"ჩვენ მის დაბრუნებას ვცდილობთ". - განაცხადა მან ბრიტანეთის პრემიერმინისტრ კირ სტარმერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე და დაამატა, რომ ბაზა "დაახლოებით ერთ საათშია იმ ადგილიდან, სადაც ჩინეთი ბირთვულ იარაღს აწარმოებს".

19 სექტემბერს გამოცემა Wall Street Journal წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ აშშ მოლაპარაკებებს მართავს თალიბანთან ავღანეთში, ბაგრამის აეროდრომზე, აშშ-ს სამხედრო კონტინგენტის განთავსებასთან დაკავშირებით, რაც რეგიონში კონტრტერორისტული ოპერაციებისთვის აშშ-სთვის დასაყრდენი წერტილის როლს შეასრულებს.

წყარო: tabula.ge