ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წევრები ევროკავშირსა და ევროზონაში გერმანიის წევრობის საკითხზე პარტიის ხანგრძლივი ოპოზიციური პოზიციის შეცვლას უჭერენ მხარს. „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ პარტიის სტრატეგიულ დოკუმენტშია აღნიშნული.
დოკუმენტი, რომლის შესახებაც ინფორმაცია პირველად გამოცემა „ბილდმა“ გაავრცელა, ევროკავშირისა და ევროზონის დაუყოვნებლივ დატოვების ნაცვლად, ორივეს ძირეულ რეფორმირებას ითვალისწინებს.
დოკუმენტის თანახმად, ეს მცდელობებითუ წარუმატებელი აღმოჩნდება, პარტიამ გერმანიის ევროკავშირის წევრობის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება უნდა მოითხოვოს.
ამასთან, დოკუმენტი ითვალისწინებს ევროკავშირის „სუვერენული ერების გაერთიანებად“ გარდაქმნას, ბრიუსელის როლის შეზღუდვას საშინაო პოლიტიკის საკითხებში და ქვეყნებისთვის ეროვნულ დონეზე გამონაკლისების დაშვებას ისეთ საკითხებში, როგორიცაა მიგრაცია, ევროკავშირის ფინანსები და სოციალური პოლიტიკა.
როგორც მედია წერს, დოკუმენტი ევროპარლამენტში, გერმანიის ბუნდესტაგსა და ფედერალური მიწების პარლამენტებში წარმოდგენილმა AfD-ის დეპუტატებმა მოამზადეს და მისი განხილვა გასულ თვეში გამართულ შეხვედრაზე მოხდა.
მედიის ცნობით, პარტიის ათწლიანი პოლიტიკური პლატფორმის ცვლილება საბოლოოდ მომავალ წელს დაგეგმილ პარტიულ ყრილობაზე უნდა დამტკიცდეს.