2024 წლის ცხრა თვის განმავლობაში რუსეთში დარჩენილმა უცხოურმა  ბანკებმა $2.34 მილიარდის წმინდა მოგება გამოიმუშავეს, რაც 30%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია KSE Institute-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში.

მიუხედავად იმისა, რომ უცხოური ბანკების წილი რუსეთის საბანკო სისტემის აქტივებში 2.41%-მდე შემცირდა, მათ საერთო მოგების 8.01% უზრუნველყვეს.

აღნიშნულ  ბანკებს შორის ყველაზე დიდი მოგება Raiffeisen Bank-მა  მიიღო- 107.3 მილიარდი რუბლი (დაახლოებით $1.19 მილიარდი), რაც რუსული საბანკო სისტემის საერთო მოგების 4.08%-ს შეადგენს.

მნიშვნელოვანი შემოსავლები მიიღეს ასევე ICBC Bank-მა (25.5 მილიარდი რუბლი, ანუ $283 მილიონი), OTP Bank-მა (22.5 მილიარდი რუბლი, ანუ $250 მილიონი), Bank of China-მ (9.9 მილიარდი რუბლი, ან $110 მილიონი) და Credit Europe Bank-მა (12 მილიარდი რუბლი, ანუ $133 მილიონი).

აღსანიშნავია, რომ  ბოლო ცხრა თვის განმავლობაში მინიმუმ სამმა მსხვილმა უცხოელმა ბანკმა შეაჩერა საქმიანობა ან დატოვა რუსეთის ბაზარი: UniCredit, Citigroup და JPMorgan Chase.

ამჟამად რუსეთში 2223 საერთაშორისო კომპანია აგრძელებს მუშაობას, 1367 ამცირებს ოპერაციებს, ხოლო 452-მა სრულად დატოვა ბაზარი.

2024 წლის ნოემბერში, რუსეთში 12-მა კომპანიამ გააუქმა ან გაყიდა ბიზნესი, რომელთა ერთობლივი შემოსავალი 2021 წელს დაახლოებით $1 მილიარდს შეადგენდა.

ამ კომპანიებს შორის არიან: Foss A/S, Kemppi, Mitutoyo, Nurminen Logistics, Spectrum Brands, Constantia Flexibles, Digital Agency, EVN AG, GXO Logistics, Jaguar (როგორც Jaguar Land Rover-ის ნაწილი), PPF Life Insurance და Carlsberg.