2027 წლის ბოლომდე მსოფლიოს მასშტაბით ოთხ მილიონზე მეტი ადამიანი იძულებული გახდება სახლ-კარი დატოვოს, ომებისა და დონორების მხრიდან ჰუმანიტარული დახმარების შემცირების გამო, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს, ლტოლვილთა საქმეების დანიის საბჭოს გენერალურ მდივანზე, შარლოტ სლენტეზე დაყრდნობით.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში უკვე 117 მილიონამდე ადამიანია იძულებით გადაადგილებული. 

იძულებით გადაადგილებული ადამიანების რიცხვის ყველაზე დიდი ზრდა მოსალოდნელია სუდანში, სადაც ომი უკვე მეოთხე წელია გრძელდება. ამ პერიოდში სახლ-კარი დატოვა 13.5 მილიონამდე ადამიანმა, უახლოეს ორ წელიწადში იგივე ბედი შეიძლება ეწიოს კიდევ 670 ათას პირს.