მოცვის გლობალური წარმოება წლიურად საშუალოდ 19.6%-ით გაიზარდა 2017-2021 წლებში და 1.8 მლრდ კგ-ს მიაღწია. მოცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (IBO) თანახმად, მოცვის წარმოება 2025 წლისთვის 3.0 მლრდ კგ-ს მიაღწევს. ზრდას განაპირობებს ახალი სახეობების გაშენებული ფართობი და გაზრდილი პროდუქტიულობა.

Galt&Taggart-ის ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში მოცვის დარგული ფართობი საშუალოდ წელიწადში 10.8%-ით იზრდებოდა 2017 წლიდან მოყოლებული და 2021 წელს 235000 ჰა-ს მიაღწია. აქედან 186000 ჰა იყო მსხმოიარე. IBO-ს ინფორმაციით, პროდუქტის პოპულარობის ზრდის შედეგად, მოსალოდნელია მოცვის ბაღების შემდგომი ზრდა.

ამერიკის შეერთებულმა შტატებსა და ჩინეთზე მსოფლიოს წარმოების 45.0% მოდის 2021 წელს. მათი მოსავლიანობა შედარებით დაბალია, თუმცა პირველობას ინარჩუნებენ გაშენებული ფართობების სიდიდის ხარჯზე. პერუს და ესპანეთს აქვთ ყველაზე ხელსაყრელი კლიმატური პირობები და ნიადაგი მოცვის წარმოებისთვის, რის შედეგადაც მათი მოსავლიანობა ყველაზე მაღალია.

მსოფლიოს მოცვის წარმოებაში საქართველო უმნიშვნელო პოზიციას იკავებს, თუმცა 1 ჰექტარზე მოსავლიანობით (14.5 ტონა) საქართველო უსწრებს არაერთ ქვეყანას და მსოფლიოში მე-7 ადგილზე დგას.

ლურჯი მოცვის მოხმარებამ მსოფლიოში 1.8 მლრდ კგ შეადგინა 2021 წელს. აქედან 67.1% იყო ახალი და 32.9% გადამუშავებული მოცვი. აშშ-ს და ჩინეთის წილმა ჯამურ მოხმარებაში 59.9% შეადგინა. ეს 2 ქვეყანა მოცვის უმსხვილესი მწარმოებლებიც არიან, მაგრამ მაღალი მოხმარებიდან გამომდინარე, ორივე ქვეყანა წმინდა იმპორტიორია.

მოცვის მსოფლიო ექსპორტი 2017-22 წლებში გაორმაგდა და 917.0 მლნ კგ-ს მიაღწია 2022 წელს. უმსხვილესი ექსპორტიორები იყვნენ პერუ, ჩილე და ესპანეთი. მათი წილი 2022 წლის მსოფლიო ექსპორტში 50.7%-ს შეადგენდა. საქართველოდან მოცვის ექსპორტი ამჟამად მცირეა და ჯამური მსოფლიო ექსპორტის მხოლოდ 0.2%-ს შეადგენდა 2022 წელს.

მსოფლიოში მოცვის ექსპორტის საშუალო ფასი კგ-ზე 5.2 აშშ დოლარი იყო. ჩილე და მაროკო არიან მსოფლიოში უმსხვილესი ექსპორტიორები.