2022 წლის სტიქიური უბედურებების შედეგად გლობალური ეკონომიკისთვის მიყენებული ზარალის მთლიანი ოდენობა, 2021 წელთან შედარებით, დაახლოებით 15%-ით შემცირდა. ზარალმა $320-იდან $270 მლრდ-მდე იკლო. ამის შესახებ მსოფლიოს უდიდესი სადაზღვევო გერმანული კომპანიის, Munich Re-ს მონაცემებში წერია.

ამასთან, დაზღვეული ზარალის მოცულობა, ფაქტობრივად, უცვლელი დარჩა და 120 მლრდ დოლარი შეადგინა.

გასულ წლის ეკონომიკური ზარალი წინა ხუთი წლის საშუალო მაჩვენებელს გაუთანაბრდა, ხოლო დაზღვეული ზარალი მნიშვნელოვნად აღემატებოდა საშუალო მაჩვენებელს, რომელიც 2017-2021 წლებში 97 მლრდ დოლარს შეადგენდა.

გასული წლის ყველაზე დამანგრეველი მოვლენა იყო ქარიშხალი „იანი“, რომელიც ფლორიდის სანაპიროს სექტემბერში დაატყდა თავს. მას 250 კმ/სთ სიჩქარის ქარის ნაკადი მოჰყვა. სტიქიის მიერ მიყენებულმა ეკონომიკურმა ზარალმა 100 მლრდ დოლარს, ხოლო დაზღვეულმა ზარალმა 60 მლრდ დოლარს მიაღწია. ინფლაციის გათვალისწინებით და ზარალის ოდენობის მიხედვით, ქარიშხალი „იანი,“ 2005 წლის ქარიშხალ „კატრინის“ შემდეგ, ისტორიაში მეორე ადგილზეა.

2022 წლის სტიქიური უბედურებებიდან მეორე ადგილზე პაკისტანის წყალდიდობაა, რომელიც რეკორდულმა მუსონურმა ნალექმა გამოიწვია. წყალდიდობას, დაახლოებით, 1,7 ათასი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო უშუალო ზარალმა, მინიმუმ, 15 მლრდ დოლარი შეადგინა, რომლის, თითქმის, მთელი ოდენობა დაუზღვეველი იყო.

„საგანგაშოა ის ფაქტი, რომ სტიქიური უბედურებები განსაკუთრებით მძიმედ აზარალებს უღარიბეს ქვეყნებში მცხოვრებ მოსახლეობას, ამიტომ პრევენციულ ზომებსა და, მაგალითად, დაზღვევის სახით ფინანსურ დაცვას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს,” - აცხადებს Munich Re-ის დირექტორთა საბჭოს წევრი, თომას ბლიუნკი.

ვრცლად: bpn.ge