საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი და NBA-ის სამგზის ჩემპიონი, ზაზა ფაჩულია გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) ელჩად დაინიშნა.
ამ საპატიო თანამდებობაზე ზაზა ფაჩულია ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა სან-ფრანცისკოში “გოლდენ-სტეიტ უორიორსის” მატჩზე წარადგინა.
ქართველთან ერთად, UNWTO-ს ელჩის სტატუსი NBA-ის ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო კალათბურთელმა, სტეფ კარიმაც მიიღო.
სპორტსმენებმა აღნიშნული წოდება საზოგადოების განვითარებისადმი შეტანილი წვლილისთვის მიიღეს.
“სპორტულ კარიერაში მიღწეული წარმატება და საზოგადოების განვითარებისადმი ერთგულება ორივე მათგანს სამაგალითო ფიგურებად აქცევს. ეს ფაქტები კი, მთელს მსოფლიოში სპორტის ტურიზმის სარგებლიანობის პოპულარიზაციაზე დადებითად აისახება”, - განაცხადა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა.
გლობალური ტურიზმის მმართველი ორგანიზაციის ელჩად დანიშვნას თავად ზაზა ფაჩულიაც გამოეხმაურა. კალათბურთელის თქმით, UNWTO-ს ელჩის სტატუსი მსოფლიოში სპორტის დადებითი გავლენის შესახებ ცნობიერების ამაღლების საშუალებას მისცემს. “მთელი ცხოვრება სპორტს მივუძღვენი და ზუსტად მესმის რა დადებითი გავლენის მოხდება შეუძლია მას როგორც ტურიზმზე, ასევე ზოგადად ადამიანების ცხოვრებაზე. ამიტომ ეს როლი ჩემთვის ძალიან სასიამოვნო და ამავე დროს საპასუხისმგებლოა. ორგანიზაციასთან ერთად ჩემს გამოცდილებასა და ცოდნას მაქსიმალურად გამოვიყენებ იმისთვის, რომ სამყაროში სპორტის დადებითი გავლენის შესახებ ცნობიერება კიდევ უფრო გაიზარდოს. ეს კი, დარწმუნებული ვარ მსოფლიოს ჯანსაღი კუთხით განვითარებას ძალიან დაეხმარება. ამ შესაძლებლობისთვის მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს კარგ მეგობარს - გენერალურ მდივან ზურაბ პოლოლიკაშვილს”, - განაცხადა ზაზა ფაჩულიამ.
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის სპორტის ელჩების მთავარ მიზანია ისეთი ინიციატივებისა და აქტივობების მხარდაჭერა, რომელიც ხელს უწყობს სპორტის დახმარებით ტურიზმის განვითარებას, კულტურათა შორის კავშირების გაღრმავებას და ამ ყველაფრის საფუძველზე მდგრად ეკონომიკურ განვითარებას. ზაზა ფაჩულია, სტეფ კარისთან და სხვა ელჩებთან ერთად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სწორედ მსგავსი ტიპის აქტივობებში ჩაერთვება. საინტერესოა, რომ მოქმედ ელჩებს შორის საკალათბურთო სამყაროს მხოლოდ ორი წარმომადგენელი ჰყავს, როცა ფეხბურთელებს შორის ისეთ სახელებს ვხვდებით, როგორიცაა ლიონელ მესი, ანდრეს ინიესტა, დიდიე დროგბა, იკერ კასილასი და ფერნანდო იერო.
სხვათა შორის, იმავე მატჩზე, სადაც ზაზა ფაჩულია გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ელჩად წარადგინეს, ქართველმა კალათბურთელმა Money Ball-ით “გოლდენ-სტეიტ უორიორსის” ის მოთამაშეები დააჯილდოვა, რომელთაც NBA All Star-ის კვირეულში განსაკუთრებული შედეგი აჩვენეს.