ზაფხულის სეზონმა ტურიზმის სექტორის დიდი ნაწილის მოლოდინები ვერ გაამართლა. შავიზღვისპირეთში არსებული სასტუმროების და კვების ობიექტების უმრავლესობა ჩავარდნილ სეზონზე აქტიურად საუბრობს. 

როგორია მოლოდინი ზამთრის ტურიზმის მიმართულებით, ამ თემაზე „კომერსანტთან“ „ტრეფიკ თრეველის“ დამფუძნებელმა ცოტნე ჯაფარიძემ ისაუბრა.

„ზამთრის ტურიზმის იმედი არ გვაქვს, თოვლი ადრეც რომ მოვიდეს, უკვე უნდა ხდებოდეს ჩვენი სათხილამურო კურორტების პოპულარიზაცია იმ მიმართულებით რომ ხალხმა დაჯავშნოს სასტუმროები. გარდა ამისა, ადგილზე მდგომარეობაც მძიმეა, მაგალითად გუდაურში, რომელიც მოთხილამურეებისთვის ყველაზე განვითარებული კურორტია საქართველოში, კატასტროფულ მდგომარეობაშია გზები, ინფრასტრუქტურა და კურორტზე არსებული სიტუაციაც მძიმეა, ამიტომ რთულია რაიმეს იმედი გვქონდეს.

შესაბამისად, წლევანდელ ზამთარს განსაკუთრებული მოლოდინები არ გვაქვს, ტურიზმის სექტორი ისევ გადარჩენის რეჟიმში ვიქნებით. ყველა უკვე შეეგუა იმ ვითარებას, რომ ეს ის სფერო აღარ არის სადაც აქამდე შემოსავლების მიღება შეიძლებოდა“, - ამბობს ცოტნე ჯაფარიძე.

მისი თქმით, ყველა მიმართულებით ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი, იმისთვის, რომ ტურიზმის განვითარებას ხელი შეეწყოს და ამ მხრივ სახელმწიფოს ჩართულობა უმნიშვნელოვანესია.

„სანამ არ შეიცვლება მიდგომები ტურიზმის მიმართულებით არ გვაქვს მოლოდინი, რომ ან ზამთარი ან მომავალი წელი კარგი იქნება. მნიშვნელოვანია ამაზე იმუშაოს გუნდმა, რომელიც ჩათვლის რომ ეს არის სფეროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგი, რადგან საკმაოდ ინკლუზიური სფეროა და მოიცავს ბევრ საფეხურს, სუვენირის გამყიდველისგან დაწყებული ავიაკომპანიის მფლობელით დამთავრებული. ჩვენს ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციის შემოდინება მინიმალურია, ტურიზმი კი ასევე უცხოური ინვესტიციაა, რადგან ხელს უწყობს უცხოური ვალუტის შემოდინებას და ამას მხარდაჭერა სჭირდება“, - აღნიშნა ცოტნე ჯაფარიძემ.