ხელოვნური ინტელექტის სათანადო კონტროლის გარეშე განვითარებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მთელ კაცობრიობას. ამის შესახებ 23 სექტემბერს გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე AI-ის სფეროში მომუშავე უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელებმა ისაუბრეს.

OpenAI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სემ ალტმანმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. მისი თქმით, ხელოვნური ინტელექტის სისტემები შესაძლოა ინსტიტუტებზე სწრაფად განვითარდეს ან ძალაუფლების ზედმეტად მცირე ჯგუფის ხელში კონცენტრირება გამოიწვიოს.

„ინდუსტრიამ არ უნდა აიღოს საკუთარ თავზე გადაჭარბებული ტექნოლოგიური რისკები მხოლოდ იმიტომ, რომ პოტენციური სარგებელი იმდენად დიდი და მნიშვნელოვანი ჩანს, რომ განვითარების ტემპის შენელება რთულია“, — განაცხადა ალტმანმა.

OpenAI-ის ხელმძღვანელმა ასევე მოუწოდა მთავრობებს, ტექნოლოგიის განვითარების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას ერთმანეთთან და ინდუსტრიის წარმომადგენლებთან ითანამშრომლონ.

Anthropic-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დარიო ამოდეიმ კი AI-ის განვითარების პროცესში უსაფრთხოების კიდევ უფრო მკაცრი სტანდარტების დაწესების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

მისი განცხადებით, კომპანია განვითარების ტემპს იმდენად შეანელებს, რამდენადაც საჭირო იქნება იმის დასადასტურებლად, რომ მის მიერ გამოშვებული AI-ის ყოველი ახალი ტექნოლოგია უსაფრთხოა.

ამოდეის შეფასებით, ხელოვნური ინტელექტის არასათანადო მართვის შემთხვევაში, მას „შეუძლია საფრთხე შეუქმნას მთელ კაცობრიობას“.

სხდომაზე Hugging Face-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კლემან დელანგმა აღნიშნა, რომ მისმა კომპანიამ AI ტექნოლოგია თავადაც გამოიყენა კიბერშეტევების წინააღმდეგ. მისი თქმით, მსოფლიოს ახლა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, სჭირდება ღია კოდის მქონე ხელოვნური ინტელექტი, რათა ტექნოლოგიის გამოყენებით საფრთხეებისგან თავი დაიცვას.

ცნობისთვის, 19 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სპეციალური სტრუქტურა — „ხელოვნური ინტელექტის ძალები“ შეიქმნება.

ტრამპის განცხადებით, AI შესაძლოა გახდეს შემდეგი ინდუსტრიული რევოლუცია ან ინტერნეტის მსგავსი გარდამტეხი ტექნოლოგია, თუმცა მისი გავლენა შესაძლოა კიდევ უფრო მასშტაბური იყოს. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ AI-ზე შესაძლოა ქვეყნის მშპ-ის 25%-მდე მოდიოდეს და ხაზი გაუსვა ჩინეთთან ტექნოლოგიურ კონკურენციაში აშშ-ის ლიდერობის შენარჩუნების მნიშვნელობას.