„ჩვენ მიერ თბილისის სასტუმროებზე ჩატარებული კვლევის მიხედვით, 2022 წელთან შედარებით შემოსავალი 10%-ით არის შემცირებული. ყველაზე დიდი კლება მარტი-მაისის პერიოდშია. დანარჩენი თვეები 2022 წლის თითქმის იდენტურია“, - ამის შესახებ სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა გადაცემა „კომერსანტის დილაში“ საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, რეალური სურათის დასანახად, საჭიროა სტატისტიკის დათვლისას ვიზიტორი და ტურისტი ერთმანეთისგან განირჩეოდეს. 

„რაც შეეხება სტუმრების სტატისტიკას, დაველოდებით სახელმწიფოს მიერ მონაცემების გამოქვეყნებას, რაც, როგორც წესი, რეალობას არ ასახავს ხოლმე. მას შემდეგ რაც მიგრანტებისა და ტურისტები ერთმანეთისგან აღარ განირჩევა, რეალური სურათის დანახვა რთულია. აუცილებელია შეიცვალოს ტურისტების დათვლის მეთოდი. ტურისტების სტატისტიკის ზრდას იწვევს რუსეთიდან მიგრანტები, განსაკუთრებით პირველ კვარტალში და ეს სწორი მონაცემი არ არის, რადგან პირველ კვარტალში ჩვენ რუსეთიდან გვყავდა მიგრანტები და არა ტურისტები“, - აღნიშნა შალვა ალავერდაშვილმა. 

მისი თქმით, კვლევა თბილისის 3 და 4-ვარსკვლავიან სასტუმროებში ჩატარდა და შედეგების მიხედვით, მარჟა 18%-ით, ხოლო შემოსავალი 10%-ით არის შემცირებული. როგორც მან განმარტა, ყოველწლიურად ბევრი ახალი სასტუმრო შედის ექსპლუატაციაში და კონკურენცია ფასის კლებას იწვევს. ასევე შემცირდა შემოსავალი რეგიონების სასტუმროებშიც იანვარში, ამინდის შესაბამისი პირობების არ არსებობიდან გამომდინარე, რაც თებერვალ-მარტში დაბალანსდა. 

დასავლეთ ევროპიდან ჯგუფური ტურები თითქმის 80%-ითაა შემცირებული და ძირითადად ინდივიდუალურად შემოდიან ტურისტები, რადგან დასავლეთ ევროპაში უკრაინასთან ძალიან ახლოს მდგომ ქვეყნად მოვიაზრებით და ევროპელები საშიშროებას ხედავენ და თავს არიდებენ საქართველოში ვიზიტს. ასევე შემცირებულია ბალტიისპირა ქვეყნებიდან ვიზიტები. 

რაც გვახარებს არის ისრაელიდან ტურისტების რაოდენობის ზრდა. გალფის ქვეყნებიდან წელს ველოდებოდით ძალიან დიდ შემოდინებას, მაგრამ თურქეთმა გაუხსნა მათ საზღვრები და მას კონკურენციას ვერ ვუწევთ“, - განმარტა შალვა ალავერდაშვილმა. 

იგი სახელმწიფო უწყებებს მოუწოდებს ხელი შეუწყონ ვიზიტორების გამარტივებულ შემოსვლას.

„ინდოეთიდან 4 დიდი ტუროპერატორიდან, რომელიც გვინდოდა შემოგვეყვანა, გაეცნოთ საქართველო და შემდეგ ტურისტები შემოეყვანა, 3 დაგვიდეპორტეს.  ასე ტურიზმი ვერ ვითარდება. ამაში ვხარჯავთ ფულს და სხვა რესურსებს, რათა ტურიზმი განვავითაროთ, გვსურს, რომ ისინი უბრალოდ ქვეყანაში შემოუშვან. მიზეზი არ დაუსახელებიათ, უბრალოდ არ მოეწონა მებაჟეს და 3 პირი გააბრუნეს უკან“, - განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.