საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები რეკორდულად გაიზარდა. 2023 წლის იანვარი-ივნისის მონაცემებით, საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან 1 804 529 935 დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებლის 123.9%-ით აღდგენაა. 2022 წელთან შედარებით კი, ტურიზმიდან შემოსავლები გაზრდილია 661 999 720 აშშ დოლარით.
საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი, ფინანსისტი ნიკა შენგელია „კომერსანტთან“ ამბობს, რომ თანხა, რომელიც ტურისტებიდან შემოდის, იმპორტით ისევ სხვაგან გადის და იმ ქვეყნის ეკონომიკას ამდიდრებს.
„საქართველოში ცხოვრება ძალიან გაძვირდა, რა თქმა უნდა, ტურისტისთვისაც გაძვირებულია სასტუმრო და კვების საფასური. თუ დავაკვირდებით, რეგიონში თურქეთი გაცილებით გამართულ ინფრასტრუქტურას და უკეთეს ფასებს სთავაზობს ტურისტებს, შესაბამისად გასაკვირი არ არის, რომ ევროპელი ტურისტი იქ გადაინაცვლებს, სადაც უფრო იაფია მისთვის დასვენება. საქართველოში დარჩება ისევ ადგილობრივი ტურიზმი და რუსეთიდან შემოსული ხალხი.
ევროპელი ტურისტი რომ მოვიზიდოთ, უნდა შევთავაზოთ მაღალი კლასის სასტუმროები, ასევე კომფორტი და ჯანსაღი პროდუქცია. ტურიზმი მაშინ არის მომგებიანი, თუ ტურისტს სთავაზობ ადგილობრივ პროდუქციას. სასტუმროებიც კი, სადაც შედიან და ისვენებენ, ქართული წარმოების მასალებით უნდა იყოს მოპირკეთებული, რაც ჩვენ ფაქტობრივად, არ გვაქვს. ავეჯი იქნება თუ მოსაპირკეთებელი მასალა, ყველაფერი იმპორტირებულია. ამიტომ, თანხა, რომელიც ტურისტებიდან შემოდის, იმპორტით ისევ გადის და სხვა ქვეყნის ეკონომიკას ამდიდრებს. ქვეყანაში აუცილებელია აღორძინდეს ადგილობრივი პროდუქციის გამოშვება, იმპორტი მაქსიმალურად ჩანაცვლდეს და განვითარდეს გადამამუშავებელი მრეწველობა. წლებია ეს მდგომარეობა გვაქვს და არაფერი იცვლება. 3-4 წლის უკან ტურისტისთვის აქ მომსახურება იაფი იყო, ახლა მხოლოდ რეგიონის ქვეყნებიდან შემოდიან.
მეზობელი ქვეყნებიდან ძირითადად შემოდიან საშუალო ფენის წარმომადგენლები, ისინი მიჩვეულნი არიან აქაურ მომსახურებას და ფასებს. ტურისტი საქართველოში ყოველთვის იქნება, მაგრამ შეძლებული ევროპელი ტურისტი არა“, - ამბობს ნიკა შენგელია.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის იანვარ-ივნისში მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლებით ქვეყნებს შორის რუსეთი ლიდერობს. ჯამში, წლის პირველ ნახევარში რუსმა ტურისტებმა საქართველოში 482.1 მლნ აშშ დოლარი დახარჯეს. მეორე ადგილზე თურქეთი, მესამეზე კი ევროკავშირის ქვეყნებია.