კახოვკის კაშხლის აფეთქების შემდეგ აქტუალური გახდა შავი ზღვის უსაფრთხოების თემა, ტურისტების ნაწილი  წელს შავიზღვისპირეთში დასვენებისგან თავს იკავებს, კვლევების და ექსპერტების განცხადებების მიუხედავად, რომ ამ ეტაპზე შავი ზღვა საშიშ ზონას არ განეკუთვნება, სასტუმროებს ჯავშნები მაინც არ აქვთ.

აჭარაში აქტიური საზღვაო კურორტებზე, სეზონი დაგეგმილზე დაბალი აქტივობით დაიწყო. როგორც სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, ტურისტების კლება შავი ზღვის რეგიონიდან, ყველაზე ნაკლებად ბათუმს შეეხო.

„აქტიური საზღვაო სეზონი დაგეგმილზე დაბალი აქტივობით მიმდინარეობს. კლება ნაკლებად შეეხო ბათუმს, თუმცა დამსვენებელთა რაოდენობის შემცირება უფრო მეტად იგრძნობა ქობულეთში, ურეკში და გრიგოლეთში.

ქართველები და უცხოელი თავს იკავებენ ზღვის სანაპიროზე მოგზაურობისგან, რადგან მიუხედავად სპეციალისტების განცხადებებისა, რომ შავი ზღვა უსაფრთხოა, ჯავშნების უმეტესობა მაინც გაუქმდა.

ამ დროისთვის ზღვის სანაპიროზე მდებარე სასტუმროებში დატვირთულობის კოეფიციენტი 30%-მდეა. მართალია სეზონი თანდათან მაინც უფრო აქტიურ ფაზაში შედის და იმედია, აგვისტოში ცოტა უფრო მეტი ჯავშანი შემოვა, მაგრამ კახოვკის ჰესის აფეთქებამ ძალიან  ნეგატიური გავლენა უკვე მოახდინა,“- ამბობს შალვა ალავერდაშვილი.

მისი თქმით, დასავლეთ ევროპიდან ჯგუფური ტურები თითქმის 80%-ითაა შემცირებული და ძირითადად ინდივიდუალურად შემოდიან ტურისტები, რადგან დასავლეთ ევროპაში უკრაინასთან ძალიან ახლოს მდგომ ქვეყნად მოვიაზრებით და ევროპელები საშიშროებას ხედავენ და თავს არიდებენ საქართველოში ვიზიტს. ასევე შემცირებულია ბალტიისპირა ქვეყნებიდან ვიზიტები. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირველ და მეორე კვარტალში საქართველოში 2 860 000-ზე მეტი საერთაშორისო მოგზაურის შემოვიდა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 74% აღდგენაა.