"წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სასტუმროს გაყიდვები, დაახლოებით, 20%-ით შემცირდა და ამჟამად, 50-55%-იანი დატვირთულობით ვმუშაობთ", - ამის შესახებ Boutique Hotel Borjomi Verde-ს დამფუძნებელმა ხატია მელიქიძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე შეფასებით, კლების ტენდენციის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა რამადანი იყოს, რადგან ამ პერიოდში მუსულმანური ქვეყნებიდან ვიზიტორები არ არიან, რომლებიც ბოლო პერიოდში ვიზიტორთა საკმაოდ დიდ რაოდენობას შეადგენენ.
"გარდა ამისა, ბევრი ჯავშანი გაუქმდა ამინდის გაუარესების გამო. ამასთან, ქვეყანაში არსებული მდგომარეობა ყველა სფეროზე გავლენას ახდენს. ამიტომ, შესაძლოა ესეც არის მიზეზი იმისა, რომ კლების ტენდენცია დაფიქსირდა.
ჩვენი ვიზიტორები როგორც ადგილობრივები, ისე უცხოელები არიან, მათ შორის, საუდის არაბეთიდან, ინგლისიდან, გერმანიიდან, ისრაელიდან, პოლონეთიდან, ინდოეთიდან, საბერძნეთიდან, ბელარუსიიდან, ყაზახეთიდან, სლოვაკეთიდან. ზოგადად, ბოლო პერიოდში დიდი დაინტერესება აზიური ქვეყნებიდან წამოვიდა", - აცხადებს ხატია მელიქიძე.
რაც შეეხება წინასწარ ჯავშნებს - როგორც სასტუმროს დამფუძნებელი აღნიშნავს, ზაფხულის პერიოდზე დაინტერესება უკვე არის და შესაბამისად, სრულ დატვირთვას ელოდებიან.
"ჩვენი სასტუმრო წინასწარ ჯავშნებს იღებს მომდევნო სამი თვის პერიოდზე რადგან წინასწარი ჯავშნები როგორც წესი ხშირად უქმდება ან იცვლება. აქედან გამომდინარე ამ ეტაპზე აპრილში არის წინასწარი ჯავშნები და იგრძნობა ზრდის ტენდენცია მარტის თვესთან შედარებით. 35% არის აპრილში უკვე დარეზერვებული, ხოლო მაისში რამდენიმე ჯავშანია.
ჩვენ მუდმივად ვცდილობთ გვქონდეს პროგრესი, განვვითარდეთ და სტუმრებს პატარ-პატარა სიახლეები შევთავაზოთ. ნომრების დამატების თვალსაზრისით ამ ეტაპზე გაფართოება არ იგეგმება, თუმცა მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონზე გვინდა, რომ ახალი მოსასვენებელი სივრცეები მოვაწყოთ", - აცხადებს ხატია მელიქიძე.
ცნობისთვის, ბორჯომში მდებარე სასტუმრო - Boutique Hotel Borjomi Verde 7 სასტუმრო ნომერს და რამდენიმე ღია და დახურულ ტერასას მოიცავს. გარდა ამისა, სასტუმრო დამსვენებლებს სხვადასხვა სათავგადასავლო ტურებს სთავაზობს.