Galt & Taggart-ის ტურიზმის სექტორის მიმოხილვის მიხედვით, 2022 წლიდან გაზრდილი ფასების და ლარის გამყარების შედეგად საქართველოს ტურიზმის სექტორი გლობალურად ნაკლებ კონკურენტუნარიანი გახდა. როგორ საინვესტიციო ბანკის კვლევაშია აღნიშნული, 2022 წლამდე საქართველოში ტურიზმის ინფლაცია საშუალო წლიური ინფლაციის მაჩვენებელზე ნაკლები იყო, 2022 წლის შემდეგ კი ტურისტული პროდუქტების ფასები უფრო მეტად გაიზარდა. ამასთან, ეროვნული ვალუტის დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარებამ, ტურისტებისთვის ფასები დოლარში და ევროში გაზარდა. შესაბამისად, 1 საერთაშორისო ვიზიტორის საშუალო ხარჯი 2019-24 წლებში 1.6-ჯერ გაიზარდა.
„მარტივად რომ ვთქვა - ჩვენ გავძვირდით. საქართველო აღარ არის ისეთი იაფი ტურისტული მიმართულება, როგორც ეს წლების განმავლობაში იყო“, - განაცხადა Galt & Taggart -ის კვლევების დეპარტამენტის დირექტორმა BMG tv-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ ტურიზმის სექტორის მიმოხილვის მთავარ მიგნებებზე საუბრისას.
ის აღნიშნავს, რომ ტურიზმი ეკონომიკისთვის საექსპორტო პროდუქტია და მისი წილი სერვისების საერთო ექსპორტში 60%-მდეა.
„მნიშვნელოვანია კონკურენტუნარიანობას სხვა ქვეყნებთან შედარებით შევხედოთ. აქ მაკროდონეზე შემოდის ინფლაცია - ქვეყანაში ტურისტულ პროდუქტებზე ფასების ზრდის დინამიკა. 2022 წლამდე ტურიზმის ინფლაცია, მთლიან ინფლაციასთან მიმართებით უფრო დაბალი იყო. თუმცა 2022 წლიდან საპირისპირო ტენდენცია გვაქვს, ანუ ტურისტული პროდუქტების ფასები უფრო სწრაფად გაიზარდა.
მეორე - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გაცვლითი კურსია. 2022 წლიდან როგორც დოლართან ისე ევროსთან მიმართებით გამყარება გვაქვს. ინფლაციის და ვალუტის კურსის ფაქტორების კომბინაცია ნიშნავს, რომ უცხოელ ტურისტს უფრო მეტი დოლარი და ევრო სჭირდება, რომ მიიღოს იგივე ტურისტული სერვისები, რასაც წლების წინ იღებდა. ძალიან მარტივად რომ ვთქვათ - ჩვენ გავძვირდით. საქართველო აღარ არის ისეთი იაფი ტურისტული მიმართულება, როგორც ეს წლების განმავლობაში იყო. ერთ ვიზიტორზე საშუალო დანახარჯი 1.6-ჯერ არის გაზრდილი და განსაკუთრებული ეფექტი აქ ლარის კურსის გამყარებას აქვს.
გლობალური კონკურენტუნარიანობის კონტექსტში, სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოს კონკურენტუნარიანობა შემცირებულია, რადგან გაძვირებულები ვართ. მაგალითისთვის, ხორვატიაში ტურისტს სერვისები 2024 წელს 2019 წელთან შედარებით მხოლოდ 5%-ით გაუძვირდა და ჩვენთან 24%-იანი გაძვირებაა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანა უფრო მაღალმხარჯველ ტურისტების მოზიდვაზე, სერვისების და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე უნდა გადაერთოს“, - განმარტა ევა ბოჭორიშვილმა.