რაჭაში შიდა ტურიზმი აქტიურად ვითარდება. წლევანდელ სეზონზე გაზრდილია ტურისტების მიმართვიანობაც და განთავსების ობიექტების დატვირთულობაც. ბოლო წლებში რეგიონში გესტჰაუსების და განსაკუთრებით ხის კოტეჯების ბუმია. ყველა სოფელში 3-4 კოტეჯს მაინც ნახავთ და მათი რაოდენობა სეზონიდან სეზონზე იზრდება. კოტეჯების 1 ღამით დაქირავება საშუალოდ 150-დან 250 ლარამდე ღირს.
მარიკა ვაჩაძემ და მისმა მეუღლემ ხის კოტეჯი „ბიბილაური“ სოფელ აგარაში, ოჯახის ძველ ნამოსახლარზე, ჯობენაურის ტყის პირას 3 წლის წინ ააშენეს. კოტეჯში ძირითადად ქართველი სტუმრები ჰყავთ და როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას მარიკა ვაჩაძე ამბობს, მათი კოტეჯის ქირის ფასი 1 ღამით, სეზონის მიუხედავად, 250 ლარია.
„კოტეჯი 3 წელია რაც გვაქვს, განსაკუთრებით ივლის-აგვისტოშია დიდი დატვირთულობა. ძირითადად ქართველი სტუმრები გვყავს, თუმცა გვყავდა არაბი, ირანელი ტურისტები და უკვე მესამე წელია სექტემბერში დანიელები ჩამოდიან. ისინი რაჭაში სოჭის გირჩის წარმოებით არიან დაკავებული. ჩვენს კოტეჯში 10 ადამიანი თავსდება და 1 ღამის ფასი 250 ლარია,“ - აცხადებს მარიკა ვაჩაძე.
მისი თქმით, პანდემიის შემდეგ ფასების მატების ტენდენციის მიუხედავად, კოტეჯის ფასები არ გაუზრდიათ. მომავალ წლისთვის კი მეორე კოტეჯის აშენებას აპირებენ და ახალი სეზონისთვის სტუმრების მისაღებად იქნებიან მზად.
მარიკა მომცელიძემ და ლევან ჭელიძემ პირველი კოტეჯი „სხივი“ ამბროლაურში 1 წლის წინ გახსნეს და ყველა პირობა აქვთ შექმნილი კომფორტული დასვენებისთვის. 5 სტუმარზე გათვლილი კოტეჯის ქირის ფასი 150-დან 200 ლარამდეა. „სხივიც“ ძირითადად შიდა ტურიზმზე მუშაობს თუმცა, როგორც მარიკა მომცელიძე ამბობს, ჰყავდათ რუსი ტურისტებიც.
მარიკამ და მისმა მეუღლემ მეორე - უკვე ეკო კოტეჯი სოფელ აგარაში 2 დღის წინ გახსნეს და იქ განთავსების ფასი 250-დან 300 ლარამდეა
„ჩვენს მეორე - ეკო კოტეჯში 6 ადამიანი თავსდება. დღე-ღამის ღირებულება 250-დან 300 ლარამდეა. აქ უფრო ძვირია იმიტომ, რომ ეს კოტეჯი ნამდვილი დასვენებისა და განტვირთვისთვისაა, კონდიციონერებიც არ გვაქვს ისეთი ნიავი, სიგრილე და ფიჭვის სურნელია. აქაურობა არაფრით ჩამოუვარდება სხვა ცნობილ კურორტებს. კოტეჯი თავიდან ბოლომდე ხისაა, ხე სპეციალური ლაქითაა დამუშავებული, რომელიც სუნს არ ტოვებს. 2-კვირიანი ჯავშანი უკვე მივიღეთ და სხვა სტუმრებსაც ველოდებით,“ - ამბობს მარიკა მომცელიძე.
„კომერსანტი“ უკვე წერდა, სოფელ სადმელში „გარემოს“ კოტეჯების შესახებ, სადაც ქირის ფასი 150-დან 250 ლარამდე მერყეობს. როგორც „გარემოს“ ხელმძღვანელი თამარ დავითულიანი ჩვენთან საუბრისას აცხადებდა, „გარემოს“ სივრცეში, სიახლეების - აუზისა და გარე კაფეს გახსნის მიუხედავად, ფასები არ გაუზრდიათ და მომავალ წელს შშმ პირებზე მორგებული კოტეჯის მოწყობას გეგმავენ.