„გარემოს“ პირველი კოტეჯი, რაჭაში, სოფელ სადმელში 6 წლის წინ მოეწყო, დღეს უკვე 5 კოტეჯითაა წარმოდგენილი და სეზონს სიახლეებით ხვდება. წელს „გარემოს“ სტუმრებს ადგილზე აუზი, მარანი და კაფე დახვდებათ. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას „გარემოს“ დამფუძნებელი თამარ დავითულიანი აცხადებს, ამ სიახლეების მიუხედავად ფასები არ გაუზრდიათ და წელსაც იგივე ღირს მათ კოტეჯებში დასვენება, რაც შარშან.

თამარმა ტყუპის ცალთან და მეუღლესთან ერთად რაჭაში კოტეჯის აშენება და ბიზნესის დაწყება 2016 წელს გადაწყვიტეს, მაშინ მათ წამოწყებას ბევრი სკეპტიკურად უყურებდა, რადგან იმ დროისთვის მსგავსი კოტეჯები რაჭაში თითქმის არ იყო, მაგრამ იდეამ გაამართლა.

„უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ვფიქრობდით, რა შეიძლება გაგვეკეთებინა მნიშვნელოვანი და ღირებული რაჭაში, ადგილზე, სადაც ხალხი არ ჩერდება, საიდანაც ახალგაზრდები გარბიან. რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გაგვეკეთებინა, რაც რაჭაში დაგვაბრუნებდა და თან შემოსავლიანი იქნებოდა, რომ იქ გაჩერების შესაძლებლობა გვქონდა მყარად ვყოფილიყავით და არსად გაქცევის სურვილი არ გაგვჩენოდა. გადავწყვიტეთ, ჩვენს საკუთრებაში არსებული მიწა უფრო მნიშვნელოვან სივრცედ გადაგვექცია და მისთვის ფუნქცია შეგვეძინა. ეზოში ძველი სახლი იდგა კარკასულ მდგომარეობაში. ვიფიქრეთ, რომ ის უნდა აღგვედგინა და მომხმარებლისთვის შეგვეთავაზებინა. ხალხი სკეპტიკურად უყურებდა ამ ყველაფერს, ფიქრობდნენ, რომ ეს შემოსავალს არ მოგვიტანდა, მაგრამ ჩვენ მაინც გავრისკეთ, ჩვენი შრომით გავაკეთეთ 1 კოტეჯი. გარემო ისე მოვაწესრიგეთ, რომ მყუდრო და სასიამოვნო ყოფილიყო იქ დროის გატარება. პირველ ეტაპზე მიზერული სიახლეებით შევთავაზეთ სტუმრებს კოტეჯი, მაგრამ ეს მაშინ, 2016 წელს, სიახლე იყო. ასეთი შეთავაზებები არ იყო არც რაჭაში და არც საქართველოში და ნებისმიერი ჩვენი ახალი ფოტო, ძალიან საინტერესოდ აღიქმებოდა,  ერთი ფერად ფანჯრებიანი კოტეჯით ძალიან ინტერესდებოდნენ და ყველას უნდოდა იქ ღამის გატარება“, - იხსენებს თამარ დავითულიანი „გარემოს“ შექმნის გარემოებებს.

2017 წლიდან „გარემო“ უკვე ბაზარზე გამოჩნდა, რის შემდეგაც მეორე კოტეჯის შენება დაიწყეს. ამაზე არ გაჩერებულან და დღეს „გარემო“ 5 კოტეჯითაა წარმოდგენილი და წლევანდელ სეზონზეც დიდი სიახლეებით ხვდება მომხმარებელს.

„სტუმრების კმაყოფილებამ და მოთხოვნამ „დაამატეთ ბევრი“ მოგვცა იმის საშუალება, რომ ყოველ წელს დაგვემატებინა თითო კოტეჯი. ხუთი წელია, მეექვსე წელია ფუნქციონირებს „გარემო“ და 5 კოტეჯით ვართ წარმოდგენილი ბაზარზე. ყოველ წელს ვხვდებით სიახლით, ვცდილობთ, რაღაც ახალი შევთავაზოთ მომხმარებელს. წელს უკვე აუზი, კაფე და მარანი გვექნება და მომხმარებელს ყველა სასურველი მომსახურების მიღება ერთ სივრცეში შეეძლება,“ - აცხადებს თამარ დავითულიანი.

თითოეული კოტეჯი 2 პერსონაზეა გათვლილი, თუმცა დამატებით კიდევ შეიძლება თითო სტუმრის დამატება. ერთ-ერთი კოტეჯი ტყის პირასაა, რომელთან მისასვლელად ბეწვის ხიდია გასასვლელი.

კოტეჯების ქირის ფასი 150-დან 250 ლარამდე მერყეობს. როგორც თამარ დავითულიანი კომერსანტთან აცხადებს, „გარემოს“ სივრცეში სიახლეების მიუხედავად წელს ფასები არ გაუზრდიათ და შარშანდელი უცვლელად დატოვეს.

„ზაფხული მეტად დატვირთულია, ისე წლის განმავლობაში სტუმრის დეფიციტს არ განვიცდით. ზაფხულში იმდენად დიდია მოთხოვნა, ვერ ვაკმაყოფილებთ. სეზონების მიხედვით ფასებს არ ვცვლით და წელსაც იგივე ფასი გვაქვს, რაც შარშან, მიუხედავად იმისა, რომ აუზი დავამატეთ“, - აცხადებს თამარ დავითულიანი.

მისი თქმით, გაჩერებას არ აპირებენ და სამომავლოდ“ ჯაკუზის და შშმ პირებზე მორგებული კოტეჯის მოწყობას გეგმავენ, სურთ რომ „გარემო“ ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს.