გასული კვირის ბოლოს გლობალური IT-შეფერხების შედეგად 8.5 მილიონი კომპიუტერი დაზარალდა, რაც Windows-ის მოწყობილობების დაახლოებით 1%-ია, თუმცა ამის მიუხედავად ეკონომიკური და სოციალური ეფექტი საკმაოდ დიდი იყო.
შეფერხების შედეგად, მსოფლიოს მასშტაბით ათასობით ავიარეისი გაუქმდა. BBC-ის ინფორმაციით, მხოლოდ აშშ-ში 512, გერმანიის მასშტაბით - 92, ინდოეთის - 56, იტალიის - 45, ხოლო კანადის მასშტაბით 21 ფრენა გადაიდო. მაგალითად Turkish Airlines-მა 84 ფრენა გააუქმა. მსოფლიოს არაერთი ქალაქის აეროპორტში მგზავრების რეგისტრაცია შეფერხებებით, პროგრამულის ნაცვლად ხელით შევსებით ხდებოდა.
აეროპორტების გარდა შეფერხდა ბანკების, მედიაორგანიზაციების, კლინიკების და სხვა დაწესებულებების მუშაობა. მიზეზი კიბერუსაფრთხოებაზე მომუშავე კომპანია CrowdStrike-ის მიერ განახლების პროცესი გახდა.
იურისტმა და სამოქალაქო უფლებების სპეციალისტმა გვანცა ჟორჟოლიანმა რადიო „კომერსანტის“ ეთერში იმ უფლებებზე ისაუბრა, რომელიც მგზავრებს ავიარეისების გაუქმების შემთხვევაში წარმოეშობათ.
მისი თქმით, 2023 წელს დაახლოებით 65 000 ფრენა არის გაუქმებული, რაც თუ შევაჯამებთ, ფრენების სრული რაოდენობის დაახლოებით 2%-ია, თუმცა თითოეული ფრენა მგზავრისთვის კონკრეტულ გეგმებთან ასოცირდება და მათი იძულებით შეცვლის შემთხვევაში მგზავრმა უნდა იცოდეს, რა შეუძლია გააკეთოს.
„თუ ავიარეისი გაუქმდა ან გადაიდო ფრენამდე 2 კვირით ადრე, ავიაკომპანია გიგზავნით ი-მეილს და გატყობინებთ,რომ ფრენა უქმდება. ამ დროს გთავაზობენ 2 ვარიანტს, რომ ბილეთი გაუქმდეს და თანხა აგინაზღაურონ 7 დღის განმავლობაში, ან გთავაზობენ სხვა რეისით გაფრენას. მგზავრი იღებს გადაწყვეტილებას თუ რა ურჩევნია.
თუ ფრენის გაუქმება მოხდა უშუალოდ ფრენის წინ, ამ დროს მგზავრს შეუძლია მოითხოვოს კომპენსაცია. თუ ფრენის მანძილი არ არის 1500 კმ-ზე მეტი, ასეთ დროს მგზავრს შეუძლია მოითხოვოს 200 ევროს ოდენობით კომპენსაცია, ხოლო თუ მანძილი არის 1500-დან 3000კმ-მდე, გვაქვს 400 ევროს მოთხოვნის უფლება და 3500კმ-ზე მეტი მანძილის დროს - 600 ევრო“, - აღნიშნა გვანცა ჟორჟოლიანმა.
როგორც მან განმარტა, რეისის შეცვლის დროს, თუ ახალი ფრენა არის 2სთ-ზე ნაკლებ დროში მგზავრს შეუძლია მოითხოვოს საჭმელი და წყალი, თუ ფრენა იგვიანებს 4სთ-ზე მეტი ვადით, მგზავრს შეუძლია მოითხოვოს ასევე მოსასვენებელი სივრცე.
მგზავრს უფლება აქვს თავად მოიძიოს ალტერნატიული რეისი, არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ძვირი ღირს ეს ფრენა, ავიაკომპანია ვალდებულია მგზავრს ეს ბილეთი შეუძინოს.
მისი თქმით, ავიაკომპანიას საპატიოდ ეთვლება ფრენის გაუქმება რამდენიმე მიზეზით: ცუდი ამინდი, სტიქიური უბედურება, საომარი მოქმედებები და აეროპორტის თანამშრომლების გაფიცვა. ასეთ შემთხვევებში ავიაკომპანიას უფლება აქვს მგზავრებს არ აუნაზღაუროს მოთხოვნილი კომპენსაცია.
თუ ფრენა არის გადაჯდომით და მგზავრს ორივე რეისის ბილეთი ერთი ავიაკომპანიისგან აქვს შეძენილი, ფრენის გაუქმების ან გადადების დროს ავიაკომპანია ვალდებულია დაუგეგმოს მგზავრს ალტერნატიული რეისებით ფრენა, ხოლო თუ მეორე რეისის ბილეთი სხვა ავიაკომპანიისგან არის შეძენილი, ამ დროს კომპენსირდება მხოლოდ გაუქმებული ან გადადებული ფრენა.