"საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრმა" (TCRC) წინასაარჩევნოდ საზოგადოებას წარუდგინა მორიგი კვლევა, რომელიც "კომერსანტს" ექსკლუზიურად მოაწოდა. კვლევის სახელწოდებაა „ეკონომიკური კეთილდღეობა - საბაზისო ინფრასტრუქტურული პროექტები“ და მოიცავს, 100-ზე მეტ პრიორიტეტულად განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტს.
კვლევის დოკუმენტში, რომელიც "კომერსანტს" ექსკლუზიურად მოაწოდეს, მთავარ პრიორიტეტად გამოყოფილია ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტიციების მოზიდვის კომპონენტი. აქვე წარმოდგენილია სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი პრიორიტეტებიც, ისეთი, როგორიცაა ენერგეტიკის სექტორში გადასადგმელი ნაბიჯები. აქვეა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში განსახორციელებელი პროექტების ნუსხაც, რომელიც, კვლევის ავტორის, პაატა ცაგარეიშვილის, მტკიცებით, ქვეყანას ეკონომიკურ კეთილდღეობას მოუტანს. დოკუმენტში ცალკე თავი ეთმობა დედაქალაქის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის იმგვარ მოწყობას, რომელიც თბილისისთვის, კვლევის ავტორის აზრით, ეკონომიკური კეთილდღეობის გარანტი გახდება. კვლევაში ხაზგასმულია ციფრული ეკონომიკის განვითარებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვის აუცილებლობაც. დეტალურადაა გაწერილი ტურიზმის სექტორის პრიორიტეტებიც. დეტალიზებულია საავტომობილო ინფრასტრუქტურაში საჭირო პრიორიტეტები. კვლევის მიღმა არც ისეთი საბაზისო ინფრასტრუქტურის პრიორიტეტები დარჩენილა, როგორიცაა წყალმომარაგება, გაზმომარაგება და ნარჩენების მართვა. აქვე წარმოდგენილია პრიორიტეტები რეგიონული განვითარების საკითხებსა და აგრარულ პოლიტიკაში.
რაც შეეხება გარემოსდაცვით ინფრასტრუქტურას, ამ მიმართულებით იდენტიფიცირებულია შემდეგი პრიორიტეტები:
პრიორიტეტი 1. კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების მიმართ - ქვეყნის მასშტაბით, საფრთხეების ადრეული შეტყობინების სისტემის მოწყობა.
აქცენტი გადატანილი იქნება - ძირითადი მდინარეების აუზებში და მყინვარებზე ჰიდრომეტეოროლოგიური საფრთხეების (წყალდიდობა - წყალმოვარდნა, გვალვა, ძლიერი ქარი, მეწყერი, ღვარცოფი და სხვა) გამოვლენაზე და ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ავტომატური ჰიდრომეტეოროლოგიური სადამკვირვებლო ქსელისა და პუნქტების მოწყობაზე.
პრიორიტეტი 2. წყლის რესურსების რაციონალური გამოყენების სისტემის ამოქმედება
აქცენტი გაკეთდება სამართლებრივ /ინსტიტუციური მექანიზმების ამოქმედებაზე, რაც გაულისხმობს მდინარეებიდან ან ტბებიდან ზედაპირული წყლის აღება - გამოყენებაზე რაციონალურ კონტროლს. პირველ რიგში, შეეხებათ რეზერვუარიან ჰიდროელექტროსადგურებს და მელიორაციის ობიექტებს.
პრიორიტეტი 3. ქვეყნის მასშტაბით ატმოსფერული ჰაერის და შავი ზღვის გარემოს ხარისხის მონიტორინგის სისტემის დანერგვა
აქცენტი გაკეთდება, საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის ავტომატური მონიტორინგის სადგურების, გრავიმეტრიული ხელსაწყოების და მობილური სადგურების დამონტაჟებაზე. დამატებით, შავი ზღვის გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, არსებული 4 ბიოლოგიური და 13 ფიზიკურ-ქიმიური, ჯამში 17 პარამეტრის 3 ჯერ გაზრდაზე. თევზის მარაგების შეფასებისათვის დამონტაჟდება წყლის პორტატული CTD მოტივტივე სადგურები.
პრიორიტეტი 4. ნარჩენების მართვის და ცირკულარული ეკონომიკის ინფრასტრუქტურის განვითარება
აქცენტი გაკეთდება, ნაგავსაყრელებზე განთავსებული ნარჩენების რაოდენობის შემცირებასა და ახალი საწარმოების შექმნაზე, პრიორიტეტი მიეცემა მაღალი ტექნოლოგიების უნარჩენო წარმოების ინფრასტრუქტურის განვითარებას, მოიაზრება - საბურავების, მეორადი ზეთების, აკუმლატორების, ელექტრონული ნარჩენების, ხმარებიდან ამოღებული ავტომობილების გადამუშავება. დიდი რესურსია ინერტული ნარჩენების თვალსაზრისით. მხოლოდ თბილისში ყოველწიურად 750 000 ტონა ინერტული ნარჩენი გროვდება. დაინერგება ხმარებიდან ამოღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვის რეგლამენტი. ეტაპობრივად დაინერგება, მწარმოებლის ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის გაფართოებული ვალდებულება (EPR) - (Extended Producer Responsibility).
პრიორიტეტი 5. ქიმიური ნივთიერებების მართვის სისტემის დანერგვა
აქცენტი გაკეთდება, ქვეყანაში ქიმიური ნივთიერებებისა და მინარევების იმპორტის და ტრანზიტის სამართლებრივ რეგულირებაზე. მოხდება პროდუქციის აღრიცხვა, შემოტანაზე სპეციალური ნებართვის გაცემა, რეგულირება, მონიტორინგი. ევროკავშირის მოთხოვნების საფუძველზე მკაცრად გაკონტროლდება ტრანზიტი.
პრიორიტეტი 6. დაცული ტერიტორიების გაფართოება და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება
აქცენტი გაკეთდება, ქვეყნის ტერიტორიაზე, დაცული ტერიტორიების ფართობების გაზრდაზე. შეიქმნება - რაჭის, შიდა ქართლისა და კვერეთის ახალი დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურა.
პრიორიტეტი 7. ტყის აღდგენა და გაშენება, ტყის ეკოსისტემის მართვის სისტემის დანერგვა
აქცენტი გადატანილი იქნება ტყეების აღდგენისა და გაშენების ღონისძიებებზე, დეგრადირებულ ფართობებზე ბუნებრივთან მაქსიმალურად მიახლოებული ტყის ეკოსისტემის შექმნაზე. სამიზნე რეგიონებში, განხორციელდება ტყის ინვენტარიზაცია, რაც შედეგობრივად, ტყის ნარჩენების გადამუშავებასა და სათბური აირების (GHG) ემისიების შემცირებაში აისახება.
პრიორიტეტი 8. რადიაქტიული ნარჩენების ონფრასტრუქტურა და გარემოს რადიაციული მონიტორინგი
აქცენტი გაკეთდება, რადიოაქტიური ნარჩენების ახალი საცავის ინფრასტრუქტურის შექმნაზე. განისაზღვრება და მოეწყობა რადიოაქტიური ნარჩენების საცავი, გადამამუშავებელი საწარმო და სხვა დამხმარე ინფრასტრუქტურა. ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, გარემოს რადიაციული მონიტორინგის მიზნით, განთავსდება ავტომატური სადგურები.