"საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრმა" (TCRC) წინასაარჩევნოდ საზოგადოებას წარუდგინა მორიგი კვლევა, რომელიც "კომერსანტს" ექსკლუზიურად მოაწოდა.
კვლევის სახელწოდებაა „ეკონომიკური კეთილდღეობა - საბაზისო ინფრასტრუქტურული პროექტები“ და მოიცავს, 100-ზე მეტ პრიორიტეტულად განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტს.
კვლევის დოკუმენტში, რომელიც "კომერსანტს" ექსკლუზიურად მოაწოდეს, მთავარ პრიორიტეტად გამოყოფილია ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტიციების მოზიდვის კომპონენტი. აქვე წარმოდგენილია სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი პრიორიტეტებიც, ისეთი, როგორიცაა ენერგეტიკის სექტორში გადასადგმელი ნაბიჯები. აქვეა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში განსახორციელებელი პროექტების ნუსხაც, რომელიც, კვლევის ავტორის, პაატა ცაგარეიშვილის, მტკიცებით, ქვეყანას ეკონომიკურ კეთილდღეობას მოუტანს. დოკუმენტში ცალკე თავი ეთმობა დედაქალაქის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის იმგვარ მოწყობას, რომელიც თბილისისთვის, კვლევის ავტორის აზრით, ეკონომიკური კეთილდღეობის გარანტი გახდება. კვლევაში ხაზგასმულია ციფრული ეკონომიკის განვითარებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვის აუცილებლობაც. დეტალურადაა გაწერილი ტურიზმის სექტორის პრიორიტეტებიც. დეტალიზებულია საავტომობილო ინფრასტრუქტურაში საჭირო პრიორიტეტები. კვლევის მიღმა არც ისეთი საბაზისო ინფრასტრუქტურის პრიორიტეტები დარჩენილა, როგორიცაა წყალმომარაგება, გაზმომარაგება და ნარჩენების მართვა.
აქვე წარმოდგენილია პრიორიტეტები რეგიონული განვითარების საკითხებსა და აგრარულ პოლიტიკაში:
რეგიონული განვითარების ინფრასტრუქტურა:
პრიორიტეტი 1. რეგიონების ეკონომიკური უთანაბრობების აღმოფხვრა
რეგიონების ეკონომიკური აქტიობა უთანაბროდაა გადანაწილებული, ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის, ძირითადი მოცულობა 51% თბილისშია კონცენტრირებული, ამ დისბალანსის აღმოსაფხვრელად, აქცენტი გადატანილი იქნება საპილოტე რეგიონების მიზნობრივი განვითარების პროგრამების განხორციელებაზე, რომელშიც გათვალისწინებული იქნება bottom up (ქვემოდან-ზემოთ) დეცენტრალიზებული მიდგომა. მუნიციპალიტეტის მიერ წინასწარ შემუშავებული ინიციატივები რეგიონის (სამხარეო) ადმინისტრაციაში წარდგენამდე მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ იქნება დამტკიცებული. პროგრამის ფარგლებში მიღებული დაფინანსება მუნიციპალიტეტებს შესაძლებლობას მისცემს, მიზნობრივად განახორციელონ მნიშვნელოვანი პროექტები ისეთი მიმართულებით, როგორებიცაა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, ძირითადი ურბანული თუ ტურისტული ინფრასტრუქტურის და მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესება, ადამიანური კაპიტალის, საგანმანათლებლო და კვლევითი დაწესებულებების გაძლიერება. აღნიშნული ინიციატივებისთვის აუცილებელი ფინანსური სახსრები, ასახული იქნება საერთაშორისო საფინანსო ინსიტუტების და ქვეყნის სექტორულ პროგრამებში და პროექტებში, ასეთი მიდგომა ხელს შეუწყობს სამიზნე რეგიონებში ინვესტიციების და დასაქმების ზრდას.
პრიორიტეტი 2. მაღალმთიან დასახლებებში მოსახლეობის ცხოვრებისა და განვითარებისათვის აუცილებელი პირობების უზრუნველყოფა
მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს 1700 ზე მეტ დასახლებას და 260 000 მოქალაქე სარგებლობს მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსით, ამ თვალსაზრისთ აქცენტი გადატანილი იქნება მაღალმთიანი დასახლებების მდგრად განვითარებაზე, იქ მცხოვრებთა სოციალური მხარდაჭერასა და სერვისების ხელმისაწვდომობაზე. შემუშავდება მიზნობრივი სამოქმედო პროგრამები, რომელშიც გათვალისწინებული იქნება სასწრაფო დახმარების შენობების მშენებლობა, გზების, ამბულატორიული შენობების, სკოლების, საბავშვო ბაღების, მუზეუმების მშენებლობა-რეაბილიტაცია, მყარი ნარჩენების გადამტვირთი სადგურების მოწყობა, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია, პრევენციული ღონისძიებები ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული ზიანის შემცირების მიზნით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია, ელექტროფიცირება, გაზიფიცირება, ინტერნეტიზაცია და მუნიციპალიტეტებში ინფორმაციული ნაკადების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის დანერგვა. განსაკუთრებით ხელი შეეწყობა აგროტურისტული და ეკოტურისტული ინდუსტრიების მიმართულებას, განვითარდება არამოტორიზებული ტიპის გადაადგილების საშუალებების გაქირავების სერვისები.
სოფლის მეურნეობის ინფრასტრუქტურა:
პრიორიტეტი 1. - აგროსასურსათო სექტორში ღირებულებათა ჯაჭვის განვითარება
აქცენტი გადატანილი იქნება აგროსასურსათო სექტორში ღირებულებათა ჯაჭვის განვითარებაზე (ნედლეულის წარმოება - შუამავლები - გადამუშავება - სარეალიზაციო ბაზრები), რომელიც მოიცავს: წარმოების საშუალებების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, პირველადი წარმოების განვითარებას, მოსავლის აღების შემდგომი ტექნოლოგიების განვითარებას, შემნახველი და გადამამუშავებელი სიმძლავრეების განვითარებას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობასა და ბაზარზე წვდომის გაუმჯობესებას.
პრიორიტეტი 2. სასოფლო - სამეურნეო მიწების კერძო საკუთრებაში მზარდი კონსოლიდაციის ხელშეწყობა
ქვეყანაში სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწები უაღრესად დანაწევრებულია, კერძო საკუთრებაში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო მიწის 36 % მცირე ზომის ნაკვეთებია, ხოლო დიდი ნაკვეთები სახელმწიფოს საკუთრებაში ან მართვაშია. ამ თვალსაზრისით, აქცენტი გაკეთდება საკუთარ მოხმარებაზე ორიენტირებული სოფლის მეურნეობიდან, კომერციულ სოფლის მეურნეობაზე გადასვლაზე, რომლის ერთ-ერთი გზა, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებაში მზარდი კონსოლიდაციის ხელშეწყობაა.
პრიორიტეტი - 3. ადგილობრივი სასათბურე მეურნეობების პროდუქტიულობის გაზრდის ხელშეწყობა
მიუხედავად სასათბურე მეურნეობების საინვესტიციო მიმზიდველობისა, ზამთრის სეზონში, ადგილობრივი სასათბურე მეურნეობების მიერ წარმოებული პროდუქცია, არაკონკურენტუნარიანია, რაც, სათბურების გაზმომარაგებით გამოწვეული დიდ საოპერაციო ხარჯებთანაა დაკავშირებული. ამ მიზნით, პირველი 5 წლის განმავლობაში, აქცენტი მიმართული იქნება, გაზის სათბურებისათვის, გაზის მომარაგების, შესაბამისი სპეციალური ტარიფების შემუშავებაზე.
პრიორიტეტი - 4. მაღალპროდუქტიული სათესი და სარგავი მასალის წარმოება
ყოველწლიური სანერგე და სათესლე ბაზრის მოცულობიდან გამომდინარე - 10 მილიონი საღვინე ვაზის ნერგი, 12 ათასი ტონა ხორბლის თესლი - 10 მილიონი ხეხილის ნერგი, ქვეყნის სანერგეებში წარმოებისათვის პრობლემას წარმოადგენს სამყნობი მასალის (ყლორტების, კვირტების, კალმების) წარმოშობის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა, სერტიფიცირების არ არსებობა, ჯიშობრივი სიწმინდე - უმეტეს შემთხვევაში ჯიშობრივი იდენტიფიცირება ხორციელდება თვალის დონეზე, ჩატარებული ლაბორატორიული ანალიზის ნაკლებობა, ვირუსების და ნემატოდების სიმრავლე. აქცენტი გადატანილი იქნება, სერთიფიცირებულ ხარისხიან სარგავ და სათესლე მასალის წარმოებაზე, ამ მიზნით სანერგე მეუნეობებში დაინერგება სუბსიდიების მექანიზმები: ნერგებზე, ჭის/ჭაბურღილის მოწყობაზე, სარწყავ და სეტყვის საწინააღმდეგო სისტემებზე.
პრიორიტეტი 5. სოფლის მეურნეობის მექანიზაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა
სოფლის მეურნეობის ტექნიკის სიძვირის და ფინანსურ რესურსებზე წვდომის სირთულის გათვალისწინებით, აქცენტი გაკეთდება, როგორც ახალი, ასევე გამართული მეორადი გამოყენების ტექნიკაზე, იგულისხმება, როგორც გამწევი და მოსავლის ამღები ტექნიკა, ისე იმპლემენტები. ახლებურად იქნება გადააზრებული სოფლის მეურნეობის მექანიზაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა, შემუშავდება „მოქნილი“ შეღავათიანი საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსების მექანიზმები. ყოველწლიურად თანადაფინანსებით მექანიზმით - 200 მლნ ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მობილიზება იქნა შესაძლებელი.
პრიორიტეტი 6. შემნახველი და გადამმუშავებელი მეურნეობების ინფრასტრუქტურის განვითარება
აქცენტი გადატანილი იქნება ყოველწლიურად 4 - 5 მლნ ტონამდე საექსპორტო და იმპორტჩანაცვლების პოტენციალის მქონე კულტურებისთვის ასევე სასურსათო პროდუქციისათვის, სათანადო, შემნახველი და გადამმუშავებელი მეურნეობების ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. რადიკალურად შეიცვლება სახელმწიფო პროგრამა საწარმოების თანადაფინანსების გაცემის შესახებ. სახელმწიფო ყოველწლიურად გადამმუშავებელი და შემნახველი ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის, ბიზნესს თანადაფინანსების სახით 100 დან 150 მლნ ლარს გამოყოფს.
პრიორიტეტი 7. ფერმერულ მეურნეობებში მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის განვითარება
რეგიონებიდან ახალგაზრდების გადინებით გამოწვეული ნაპრალის ამოსავსებად, აქცენტი გადატანილი იქნება სოფლის მეურნეობაში ტექნოლოგიური გადაწყვეტების დანერგვის მოტივიზაციის ხელშეწყობაზე. გამოყენებული იქნება „ჭკვიანი ფერმის“ კონცეფცია, რომელიც ტექნოლოგიების გამოყენებით, ითვალისწინებს მიწოდების ჯაჭვში ჩართულ სხვა რგოლებთან ინფორმაციის მიმოცვლის შესაძლებლობას, მომხმარებლებთან პირდაპირი კონტაქტების დამყარებას. ტექნოლოგიების ინტეგრირებით ფერმერებს შეეძლებად ეფექტურად მართონ რესურსები და შეამცირონ წარმოების დანახარჯები.
პრიორიტეტი 8. მეფუტკრეობის მიმართულებით ახალი ტექნოლოგიების დანერგვა
აქცენტი გადატანილი იქნება საფუტკრე - ფერმებში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე, ფუტკრის იდენტიფიკაცია - რეგისტრაციისა და სელექციის სტრატეგიის შემუშავებაზე, დედა ფუტკრისა და ფუტკრის პროდუქტების სრული მიკვლევადობის უზრუნველყოფაზე, კავკასიური ფუტკრის, როგორც მდიდარი და საქართველოსთვის ავთენტური ბიომრავალფეროვნების უმნიშვნელოვანესი რესურსის კონსერვაციის საკითხის გადაჭრაზე. კავკასიური ფუტკრის დედების წარმოებისა და ექსპორტის შესაძლებლობაზე.
პრიორიტეტი 9. აკვაკულტურის ფერმების ინფრასტრუქტურის განვითარება
ქვეყანაში აკვაკულტურა განვითარებადი სექტორია, თუმცა თევზის მოხმარებით, ქვეყანა იმპორტზე დამოკიდებულია. ამ თვალსაზრისით, აქცენტი გაკეთდება შავი ზღვის აკვაკულტურის ფერმების ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, რაც მოიცავს, თევზის კვებისათვის ლაგუნების და ნავსადგურების ადგილების შერჩევას და მათ არჭურვას. აკვაკულტურის განვითარებისათვის განხორციელდება თევზის რესურსების ინვენტარიზაცია, პერსპექტიული თევზის სახეობებისა და თევზსამეურნეო დანიშნულების წყლის ფონდის განსაზღვრა, ამოქმედდება აკვაკულტურის შესახებ კანონი, რომელიც ერთი მხრივ ფერმერებს დაავალდებულებს ჯანსაღი პროდუქტის წარმოებას, მეორე მხრივ კი სახელმწიფო ვალდებული იქნება, გაზარდოს ფერმერისთვის რესურსებზე ხელმისაწვდომობა, როგორიც არის იხტიოპათოლოგია, თევზის დაავადებების კონტროლი და მართვა.
პრიორიტეტი 10. ერთწლოვანი კულტურების სათესლე მასალით თვითუზრუნველყოფა
აქცენტი გადატანილი იქნება, ერთწლოვან სასოფლო-სამეურნეო კულტურებში თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლის ზრდის მიმართებით. რაც აგრეთვე მოიცავს, მარცვლეულისა და იონჯის პირველადი წარმოების ხელშეწყობას. შემოთავაზებული იქნება, სათესი და სარგავი მასალის, პესტიციდების, ორგანული და მინერალური სასუქების, მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების, შრომითი რესურსებისა და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაქირავების და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის გამოყენებული ტექნიკის საწვავ-საცხები მასალების ერთწლოვანი კულტურების ერთი საოპერაციო წლის ხარჯების, თანადაფინანსების ახლებური მექანიზმები.
პრიორიტეტი 11. სასათბურე ბოსტნეულის საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალური სტიმულირება - „იმერეთის აგროზონის პროექტი“
აქცენტი გადატანილი იქნება, იმერეთის აგროზონის სასათბურე კლასტერის 220 ჰექტარი ტერიტორიის განვითარებითსკენ. სადაც გათვალისიწნებულია ტრადიციული საექსპორტო დარგის - სასათბურე სექტორის საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების სტიმულირება. საჭირო ინფრასტრუქტურის: შიდა და გარე გზები, ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიის წყაროების მიყვანა, სარწყავი და სადრენაჟე სისტემების მოწყობა. სინქრონულად განვითარდება კოპიტნარის აეროპორტის მიმდიბარედ, 5 კმ ში სატვირთო ტერმინალი. „იმერეთის აგროზონის პროექტი“ – მოიზიდვას 200 მლნ ევროს.
პრიორიტეტი 12. სასურსათო უსაფრთხოება - მარცვლეულის თვითუზრუნველყოფის დონის გაუმჯობესება
აქცენტი გადატანილი იქნება, სასურსათო უსაფრთხოების კუთხით, მარცვლეულის წარმოების ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით, შემუშავდება ღონისძიებები თვითუზრუნველყოფის დონის გასაუმჯობესებლად. ნათესი ფართობის – 160 -180 ათას ჰა-მდე გაზრდით. შემოთავაზებული და გამოყენებული იქნება გენეტიკის თანამედროვე მიღწევები, აგროტექნოლოგიებისა და ბიოსტიმულატორების გამოყენებით ხორბლის და სიმინდის ნათესი ფართობებისა და მოსავლიანობის არსებითი ზრდა, ხუთ წელიწადში ადგილობრივი წარმოების მარცვლეულით თვითუზრუნველყოფის დონის 40 – 50 %-მდე გაზრდა.
პრიორიტეტი 13. იმპორტირებული ნერგების - „ადგილზე“ წარმოებული ნერგებით ჩანაცვლება - ზეთისხილის სანერგეების განვითარება
აქცენტი გაკეთდება, ადგილობრივი ფერმერებისთვის, იმპორტირებული ნერგების ნაცვლად, ადგილზე წარმოებული ნერგების ჩანაცვლების განვითარებაზე, ქვეყანაში ზეთისხილის წარმოებას გააჩნია პოტენციალი და სანერგეების მოწყობა ამ პროცესს ხელს შეუწყობს. სახელმწიფოს მხრიდან, შემოთავაზებული იქნება სანერგე მეურნეობების თანადაფინანსების ახალი მექანიზმები. მხარდაჭერილი იქნება, ქვეყნის კლიმატზე მაქსიმალურად მორგებული, ქართული ზეთისხილის ჯიშის გამოყვანის შესაძლებლობა.
პრიორიტეტი 14. ღვინის სექტორის განვითარებისთვის - სახელმწიფო სრულად გამოვა, როგორც ყურძნის სუბსიდირებიდან, ასევე ყურძნის შესყიდვიდან.
ღვინის სექტორის განვითარებისთვის, აქცენტი აუცილებელია ხარისხზე იქნეს გადატანილი, რათა ქართულმა ღვინომ საერთაშორისო ბაზარზე თავისი ადგილი დაიმკვიდროს და საკუთარი „ნიშური“ სეგმენტი განავითაროს. აღნიშნული მიზნის მიღწევის ერთ-ერთ ხელისშემშლელ ფაქტორს ყურძნის სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა წარმოადგენს, რომელიც, ხელს უწყობს უხარისხობას და ჭარბ წარმოებას, რომელიც, თავის მხრივ, ხელს უშლის ქართული მეღვინეობის განვითარებას.
პრიორიტეტი 15. ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება - „ახალი ბაზრების“ ათვისება
ქართული ღვინო განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადასაყვანად, ქვეყანაში ახალი მარნების და მეტი უცხოელი სპეციალისტი დაინტერესების მიზნით, პოპულარიზაცია გაუკეთდება ქარვისფერ და ქვევრის ღვინოებს, რომლებიც მსოფლიო ბაზარზე დღეს ყველაზე მოთხოვნადია. მიუხედვათ თვალნათელი პერსპექტივას, ბოლო წლებია საერთო ტენდენცია - უცვლელია, მთავარ საექსპორტო ბაზრად, კვლავ ტრადიციული ბაზრები რჩება, სადაც ქართული ღვინო საკმაოდ დაბალ ფასად, თუმცა დიდი რაოდენობით გადის. განსაკუთრებით დიდია რუსეთის წილი, რაზეც ექსპორტის 65 % მოდის. აქცენტი გაკეთდება, ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებაზე - „ახალი ბაზრების“ (ევროპის ყველა ქვეყანა, კორეა, კანადა, აზიის ქვეყნები) ათვისებაზე.
პრიორიტეტი 16. სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის (HACCP) ის სტანდარტის სრულფასოვანი ამოქმედება
ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოება - გადამუშავებაზე (ხორცი და ხორცის პროდუქტები, რძის ფხვნილზე დამზადებული სურსათი, თევზი და თევზის პროდუქტები, კვერცხი და კვერცხის პროდუქტები, თაფლი ა.შ.) დაკავებული ბიზნეს ოპერატორების საქმიანობაზე დანერგილი იქნება HACCP (Hazard Analysis and Critical Control Point) სისტემა. რომლის მიზანი, კონკრეტული საწარმოო ხაზის შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე ისეთი სტადიების - „წერტილების“ - გამოვლენაა, რომელზეც რაიმე შეცდომამ, შეიძლება საბოლოო პროდუქტის დეფექტი გამოიწვიოს. ყველა ასეთი ეტაპი წარმოადგენს „კრიტიკულ წერტილს“. HACCP ის სტანდარტის დანერგვა ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებაა.
პრიორიტეტი 17. არაწყალუზრუნველყოფილი მიწების ათვისება, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის აღდგენა - განახლება
სადღეისოდ ქვეყანაში მიწის 30 000 ჰექტარი, არაწყალუზრუნველყოფილი და აუთვისებელია, რომელზეც, თუნდაც ნუშის და ზეთისხილის მოყვანით 300 მლნ დოლარის საექპორტო პროდუქციის მოყვანაა შესაძლებელი. ამ თვალსაზრისით, პრიორიტეტი იქნება, არაწყალუზრუნველყოფილი მიწების წყალუზრუნველყოფილი მიწების კატეგორიაში გადასაყვანად - ინფრასტრუქტურის აღდგენა - განახლებაზე, განხორციელებული იქნება - არაფუნქციონირებადი წყალსაცავების აღდგენა-რეაბილიტაცია, ახალი წყალსაცავების მოწყობა, სათავე-ნაგებობების, მაგისტრალური არხებისა და მათზე მოწყობილი ჰიდროტექნიკური ნაგებობების (გვირაბები, აკვედუკები, გალერეები და სხვა) საპროექტო პარამეტრებში აღდგენა/რეაბილიტაცია/გაწმენდა. მოკლე ვადაში განხორციელდება, მდინარე ალაზნის შენაკად, მდინარე ილტოზე ახალი ირიგაციული წყალსაცავის მოწყობა. ახალი წყალსაცავი 50 000 ფერმერის წყალმომარაგებას შეძლებს, რითაც წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდება ქვემო და ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის 40 000 ჰექტარ ფართობზე.
პრიორიტეტი 18. კასპის მუნიციპალიტეტში თეძამის წაყალსაცავის მოწყობა
კასპის მუნიციპალიტეტში თეძამის წაყალსაცავით მუნიციპალიტეტის 22 სოფელი და 10 ათასამდე მოქალაქე ისარგებლებს. თეძამის წყალსაცავის მშენებლობა 2019 წელს დაანონსდა და 4 წელიწადში უნდა დასრულდებულიყო. ამ ეტაპზე მშენებლოაბა არ მიმდინარეობს. შიდა ქართლისთვის აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტი პრიორიტეტულად იქნება განხილული.
პრიორიტეტი 19. მიწის მდგრადი მართვა - მიწის რაციონალური გამოყენება, ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაცია, საძოვრების ფერმერებისათვის ხელმისაწვდომობა, დეგრადირებული ნიადაგების აღდგენა
აქცენტი გადატანილი იქნება მიწის რესურსების მდგომარეობის შესახებ სრულყოფილი და განახლებადი ინფორმაციის წარმოებაზე, რაც წარმოადგენს მიწის რაციონალური გამოყენების, მიწის მდგრადი მართვის პოლიტიკის გატარების აუცილებელ წინაპირობას. ხელმისაწვდომი იქნება ქვეყნის მიწის რესურსებზე (მიწათდაფარულობა და მიწათსარგებლობა) ერთიანი, ზუსტი, ერთგვაროვანი გეოინფორმაციით სარგებლობა. განხორციელდება საძოვრებისა და პირუტყვის გადასარეკი ტრასების იდენტიფიცირება, დაინტერესებული ფერმერებისთვის ხელმისაწვდომი გახდება იჯარით გასაცემი საძოვრის მიწის ნაკვეთების მონაცემები. განხორციელდება ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაცია, სტატუსის მინიჭება, საჯარო რეესტრში რეგისტრაცია, აღდგენა, რეაბილიტაცია, გაშენება. ნიადაგის დეგრადაციის მთავარი ეფექტი მისი უნაყოფობაა. თუ ნიადაგს არ აქვს შესაბამისი მინერალები, ის ვერ ახერხებს მათ მცენარეებზე გადატანას, შემუშავდება დეგრადირებული ნიადაგების აღდგენის მეთოდები.
პრიორიტეტი 20. ჩაის ფართობების აღდგენა - რეაბილიტაცია
ბოლო პერიოდში ჩაის პლანტაციების დიდი ნაწილი სტიქიურად განადგურდა. ახლო წარსულში ჩაის მწარმოებელი და ექსპორტიორი ქვეყანა გახდა იმპორტიორი. ფერმერულ და გლეხურ მეურნეობებში ჯერ კიდევ შემორჩენილ ჩაის პლანტაციებს სასწრაფოდ ესაჭიროებათ სახელმწიფო მხარდაჭერა და რეაბილიტაცია. აქცენტი გადატანილი იქნება ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის განხორციელებაზე. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციების აღდგენა - რეაბილიტაცია. სარეაბილიტაციო სამუშაოების აგროტექნოლოგიური გეგმა ითვალისწინებს რეაბილიტირებული ჩაის პლანტაციის სრულ მსხმოიარობამდე პერიოდს. ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა მოიცავს სადრენაჟე არხების მოწყობას და რიგთაშორის ნიადაგის დამუშავება/გაფხვიერება და სასუქების და სასოფლო-სამეურნეო პრეპარატების შესყიდვას. შემუშავდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 5 ათასი ჰექტარი ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცის პროგრამა.