„ქვეყანაში არსებული ღირსშესანიშნაობების დათვალიერება ყველასთვის არ არის ხელმისაწვდომი,“ - როგორც „ტრეფიკ თრეველის“ დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე რადიოგადაცემაში „საქმე“ განმარტავს, ქვეყნის შიგნით არსებული ღირსშესანიშნაობების მონახულება საკმაოდ ძვირი ჯდება.

„სვანეთში ჰაწვალის საბაგირო ღირს 25 ლარი უფროსი, 20 ლარი - მცირეწლოვანი ანუ ორ-შვილიან ოჯახს რომ მოუნდეს საბაგიროზე ასვლა 90 ლარი უნდა გადაიხადოს და ეს იმ რეალობაში, როგორშიც დღეს ვართ. ასევე წარმოუდგენლად მაღალი ფასებია წალკის კანიონზე, პრომეთეს მღვიმეში და ა.შ. ჩემი აზრით, სკოლის მოსწავლეებზე და სტუდენტებზე მაინც უნდა იყოს შეღავათი.

თუ ჩვენ გვინდა, განვავითაროთ შიდა ტურიზმი და ვთქვათ, მივდივართ სვანეთში, გზად შევიარეთ ქუთაისში, მღვიმეები ვნახეთ, მერე კანიონებისა და ენგური ატრაქციის ნახვა მოვინდომეთ, იმხელა თანხებზე ადის ეს ვიზიტები, რომ გვირჩევნია ავიღოთ საბერძნეთის ბილეთი და ძალიან კომფორტულად დავისვენოთ, თანაც საბოლოოდ, შეიძლება იმაზე ნაკლები დაგვიჯდეს, ვიდრე საქართველოში დასვენება,“ - აცხადებს ის.

ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ წელს შიდა ტურიზმი გააქტიურებული იყო, თუმცა ძალიან ცოტა ტურისტი იყო ევროკავშირიდან, ძირითადად ქართველები და რუსები იყვნენ.

„წელს შიდა ტურიზმი გააქტიურებული მომეჩვენა. იყო ბევრი ქართველი და სამწუხაროდ, ასევე ბევრი რუსი.. ამის პარალელურად, ძალიან ცოტა ევროკავშირის წარმომადგენელი გვყავდა. უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანაში არსებული ღირსშესანიშნაობების დათვალიერება ყველასთვის არ არის ხელმისაწვდომი“ - აცხადებს ის.

bpn.ge