2022 წელს მსოფლიოში ჯამურად განხორციელებულმა საერთაშორისო ტურისტულმა ვიზიტებმა მიაღწია პანდემიამდელი (2019) რაოდენობის 63%-- 900 მილიონ ტურისტს, რაც ორჯერ აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. აღდგენა გაგრძელდა 2023 წლის I კვარტალშიც, როდესაც საერთაშორისო მასშტაბით 235 მილიონმა ტურისტმა იმოგზაურა, რაც შეადგენს პანდემიამდელი მაჩვენებლის 80%-ს, ხოლო 2022 წლის პირველ კვარტალს 111%-ით აღემატება.

PMC Research-ის მონაცემებით, მიუხედავად იმისა, რომ 2023 წელს მოსალოდნელია საერთაშორისო ტურიზმის აღდგენის გაგრძელება, UNWTO-ს მიერ გამოკითხული ექსპერტების უმეტესობას კვლავ მიაჩნია, რომ საერთაშორისო ტურიზმი 2019 წლის დონეს 2024 წლამდე არ დაუბრუნდება. მომავალი მთავარი გამოწვევები მოიცავს ტრანსპორტირებისა და განთავსების ხარჯების გაზრდას მაღალი ინფლაციის გამო, რასაც მოჰყვება რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად გამოწვეული არასტაბილურობა.

მსოფლიოს რეგიონებს შორის 2022 წელს ახლო აღმოსავლეთში ტურისტთა რაოდენობა 83%-მდე აღდგა პანდემიამდელ მაჩვენებელთან შედარებით, რასაც მოჰყვა ევროპა (79%) - მსოფლიოს უდიდესი ტურისტული დანიშნულების რეგიონი. ეს ტენდენცია გაგრძელდა 2023 წლის I კვარტალში, როდესაც ახლო აღმოსავლეთში ტურისტების რაოდენობამ გადააჭარბა (15%- ით), ხოლო ევროპამ თითქმის (10%-ით) მიაღწია პანდემიამდელ რიცხვს.

ევროპის ქვერეგიონებს შორის, ყველაზე მაღალი წლიური ზრდა დაფიქსირდა ჩრდილოეთ ევროპაში (227%), თუმცა აღდგენის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი იყო სამხრეთ/ხმელთაშუა ზღვის ევროპაში (88%). 2022 წელს ცენტრალურმა/აღმოსავლეთ ევროპამ2 აჩვენა ყველაზე დაბალი წლიური ზრდა (58%) და აღდგენა (59%). 2023 წლის I კვარტალში ეს მდგომარეობა შენარჩუნდა, სამხრეთ/ხმელთაშუა ზღვის ევროპაში ტურისტების რაოდენობა ყველაზე მეტად აღდგა, ხოლო ცენტრალურ/აღმოსავლეთ ევროპაში აღდგენის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა“, - ნათქვამია მიმოხილვაში.