2025 წლის ოქტომბრიდან სავარაუდოდ თანდათან ამოქმედდება შენგენის ქვეყნებში შესვლის-გასვლის ახალი სისტემა (EES), რომელიც საქართველოს მოქალაქეებსაც შეეხებათ.

2026 წლის ივნისში მას მოჰყვება განახლებული Eurodac — ევროკავშირის ბიომეტრიული მონაცემთა ბაზა, რომელიც თავშესაფრის მაძიებელთა იდენტიფიკაციას ეხმარება. ევროპული მოგზაურობისა და ავტორიზაციის სისტემა (ETIAS) საბოლოოდ ამოქმედება კი 2026 წლის ბოლო კვარტალში იგეგმება.

ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში მოგზაურობის ახალი წესების ამოქმედება რამდენჯერმე გადავადდა. ახალ ვადებზე ევროკავშირის იუსტიციის და შინაგან საქმეთა მინისტრები 5 მარტის სხდომაზე შეთანხმდნენ, თუმცა ახლა საჭიროა პოზიციის შეჯერება ევროპარლამენტთანაც. კანონი საშუალებას მისცემს წევრ ქვეყნებს, ექვსთვიანი გარდამავალი პერიოდის განმავლობაში თანდათანობით დაიწყონ EES-ზე გადასვლა, ახალი სისტემის სრულად ამოქმედებამდე.

ევროკავშირი საზღვრის მართვის ორივე ინიციატივა მიზნად ისახავს ევროპული უსაფრთხოების გაძლიერებას და ისინი გავლენას მოახდენს ევროპაში უვიზო ან ვიზით მოგზაურობაზე, თუმცა, „ევროპული პრავდას“ ცნობით, გამონაკლისი დაშვებული იქნება დროებითი დაცვის სტატუსის მქონე უკრაინელებზე — ისინი შენგენის ზონაში ყოფნის 90-დღიანი ლიმიტს არ ექვემდებარებიან, ამიტომ EES-ის ფარგლებში მათი გადაადგილების მონიტორინგი არ მოხდება.

რით განსხვავდება ეს ორი სისტემა?

შესვლა-გასვლის სისტემა (EES) დაარეგისტრირებს ევროპაში ხანმოკლე ვიზიტით შემავალ მოგზაურებს, რომლებიც უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ და ასევე მოგზაურებს, რომელთაც ვიზა სჭირდებათ. EES მოგზაურთა სახეების ფოტოებსა და თითების ანაბეჭდებს შეაგროვებს. სისტემა ასევე შეაგროვებს სამოგზაურო დოკუმენტის მონაცემებს და მგზავრის მიერ ევროპის ქვეყნების ტერიტორიაზე შესვლისა და იქიდან გასვლის თარიღსა და ადგილს.

ახალი სისტემა ჩაანაცვლებს 29 ქვეყნის ეროვნულ მონაცემთა ბაზებს შენგენის ერთიანი საზღვრის გადაკვეთის მონაცემთა ბაზით.

მესაზღვრეები თქვენს თითის ანაბეჭდს აიღებენ ან ფოტოს გადაიღებენ, როდესაც პირველად ან ახალი პასპორტით გადაკვეთთ საზღვარს EES-ის ამოქმედების შემდეგ. თქვენი ციფრული ჩანაწერი მოქმედებს 3 წლის განმავლობაში. თუ ამ ხნის განმავლობაში ისევ შეხვალთ შენგენის ზონაში, შესვლისას და გასვლისას დაგჭირდებათ თითის ანაბეჭდით ან ფოტოთი შემოწმება საზღვარზე. ეს პროცედურა პასპორტებში შტამპების დასმას ჩაანაცვლებს.

მოსალოდნელია, რომ ამ ახალმა სისტემამ შეიძლება გამოიწვიოს საზღვარზე უფრო გრძელი რიგები საწყის პერიოდში.

ევროპაში მოგზაურობის შესახებ ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემა (ETIAS) არის ახალი მოთხოვნა უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე მოგზაურებისთვის ხანმოკლე ვიზიტისთვის ევროპის 30 ქვეყანაში შესასვლელად, მათ შორისაა შენგენის ზონის 29 ქვეყანა და კვიპროსი. ETIAS-ის შემოღებისას, უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე მოგზაურებმა მოგზაურობის დაწყებამდე ETIAS-ის მოგზაურობის დასტური (ავტორიზაცია) უნდა მიიღონ. ETIAS-ი ვიზა არ არის და მისი შემოღება მოგზაურთა უვიზო სტატუსს არ ცვლის.

ETIAS-ის სამოგზაურო ავტორიზაციაზე განაცხადის შეტანისას, მოგზაურებს მოეთხოვებათ პირადი ინფორმაციის მიწოდება, მათ შორის მისამართის, საპასპორტო მონაცემების, დასაქმებისა და წარსულში კონფლიქტის ზონებში მოგზაურობის ან ნასამართლობის შესახებ. ETIAS-ის ავტორიზაციის ფარგლებში ბიომეტრიული მონაცემები, როგორიცაა მაგალითად თითის ანაბეჭდები, არ შეგროვდება.

წყარო: ნეტგაზეთი