ქვეყანაში შექმნილმა არასტაბილურმა ვითარებამ სასტუმროებში ჯავშნებზე უარყოფითად იმოქმედა. ჯავშნების ნაწილი გაუქმებულია. ტურისტების ნაწილი კი არ აუქმებს, რადგან თანხას უკან ვერ იბრუნებენ. სასტუმროების ნაწილს ეს ვალდებულება აღებული არ აქვთ.
ჰოტელიერი, მაია მურაჩაშვილი ,,კომერსანტთან’’ საუბარში აცხადებს, რომ ქუთაისის სასტუმროში დაგეგმილი კონფერენციები გაუქმდა. მიზეზი დონორების მიერ თანხის გამოყოფაზე უარის გახდა. ამ შემთხვევის გამო სასტუმრომ 28-32 ათასი ლარი დაკარგა.
,,ქუთაისის სასტუმროში დიდ ჯავშნებს არ ველოდებოდით, ძირითადად ბიზნეს ტურიზმზე ვართ დამოკიდებული, სამწუხაროდ რამდენიმე ჯავშანი აქ გაუქმდა, რადგან დონორები აღარ ჰყავთ. ამ დონორებმა, რომლებიც ევროკავშირიდან არიან, ჩაგვიხსნა რამდენიმე ჯავშანი.’’- აცხადებს მაია მურაჩაშვილი.
ჰოტელიერის განმარტებით, ნოემბერ-დეკემბერი ტურისტული აქტიურობით არ გამოირჩევა, თუმცა ამ პერიოდში ახალი წლის დღეებისა და ზოგადად ზამთრის სეზონის ჯავშნების მიღება ხდება, თუმცა წელს ეს საგრძნობლად შემცირებულია.
,,ეს პერიოდი, განსაკუთრებით ნოემბერი და დეკემბრის დასაწყისი ყოველთვის დაბალი სეზონია და დიდი აქტივობით ტურიზმი არ გამოირჩევა. ეს ყოველთვის მძიმე პერიოდია ჩვენთვის, მაგრამ ამ დროს ზამთრის სეზონის ჯავშნებს ვალაგებთ და კურორტებზე ჯავშნებს ვაგროვებთ. გუდაურს რაც შეეხება ჯავშნები შემცირდა, მაგრამ არ შეჩერებულა. ახალი წლის პერიოდში სასტუმრო თითქმის სრულად გაყიდულია. შემოდის იანვარ-თებერვლის ჯავშნებიც, მაგრამ ნაკლები ინტენსივობით. ძირითადად ისეთი პლატფორმებიდან შემოდის, რომელიც ინდივიდუალურად ჯავშნიან ანუ ონლაინ არხებით. ტურისტული კომპანიებიდან ნამდვილად შეჩერებულია, რადგან ჯგუფური ჯავშნებისგან თავს იკავებენ.’’- აცხადება მაია მურაჩაშვილი.
ჰოტელიერი განმარტავს, რომ ტურისტები ძირითადად უსაფრთხოების ზომების დაცვით ინტერესდებიან და გარანტიებს ითხოვენ. მაია მურაჩაშვილის განცხადებით, ამ კითხვით მათ მიმართავენ ადამიანები, რომლებმაც ჯავშნები უკვე გააკეთეს და ასევე ისინი, რომლებიც გუდაურში ვიზიტს გეგმავენ.
,,დაჯავშნამდე გვწერენ ჩვენი პარტნიორები და ასევე ინდივიდუალური დამკვეთებიც, რამდენად უსაფრთხოა ვიზიტი. უკვე ვისაც აქვს დაჯავშნილი ისინიც გვეკითხებიან, რამდენად უსაფრთხოა ჩამოსვლა და რამდენად შეგვიძლია ჩვენ უზრუნველყოთ მათი უსაფრთხო გადაადგილება გუდაურამდე ამის საჭიროება თუ იქნება. ნუ ასეთი მოთხოვნები, შიში და სიფრთხილე უკვე დაფიქსირებულია. პანდემიის შემდეგ შეიცვალა დაჯავშნის კულტურა. როგორც წესი ზამთრის ტურები ერთი-ორი თვით ადრე იჯავშნება ანუ ბოლო მომენტის გადაწყვეტილებებზე მივიდა. ამ პერიოდში, ახალი წლის დღეები შევსებულია, თუმცა ეს არის აქციების დაწყებამდე გაკეთებული ჯავშნები. რეალურად, ამ შეკვეთებს ბევრიც არ დამატებია არაფერი. დღეში 2-3 ჯავშანი შეიძლება შემოვიდეს და მხოლოდ ეს არის. შარშან ინტენსივობა გაცილებით ძლიერი იყო. ახლა მართლა ძალიან შენელებულია. თუ გაგრძელდება ეს ამბები და ინფორმაცია წავა საერთაშორისო ტელევიზიებში, რომ საქართველოში არეულობაა ბუნებრივია პირველი რასაც დაარტყამს ეს ტურიზმი იქნება.’’- აცხადებს მაია მურაჩაშვილი.
,,კომერსანტი’’ დაინტერესდა, რა ზარალზე შეიძლება გავიდეს სექტორი. მაია მურაჩაშვილს უჭირს კონკრეტული თანხის დასახელება, თუმცა აღნიშნავს, რომ თუ არასტაბილური პერიოდი გაგრძელდა და სეზონი ჩავარდა ზარალი ძალიან დიდი იქნება. -,,არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ქვეყნისთვის იმიტომ, რომ ბიუჯეტში თანხები არ შემოვა. თანამშრომლებს ხელფასებს ვერ გადავუხდით, სახელმწიფო დავალიანება გვექნება და ჩათვალეთ პანდემიის პერიოდში რა ზარალიც იყო, იმ ზარალზე გადავალთ. მაგრამ იმედი მაქვს, რომ ასეთ რადიკალურ ნიშნამდე არ მივალთ. ასეთ მძიმე განვითარებას არ ველოდებით, რადგან ფრენები მაინც ხორციელდება და ამ ფრენების შეჩერება არ უნდა მოხდეს წესით.’’- აცხადება მაია მურაჩაშვილი ,,კომერსანტთან’’ საუბარში.