“დღეს ხარისხის სერიოზული პრობლემა გვაქვს, ევროპელი ტურისტები  კი ქვეყანაში ამ ხარისხს ზრდიან, ” - ამის შესახებ Salt Projects-ის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპელი ტურისტი ყველაზე სასურველი ტურისტია, მათ შორის, საინტერესო და გადამხდელუნარიანია ბრიტანეთის მიმართულებაც. 

როგორც ჩეხერია განმარტავს,  იმისათვის, რომ ბიზნესმა შექმნას პროდუქტი, მას სჭირდება გარანტია, რომ ქვეყანაში იქნება ისეთი გარემო, სადაც ბიზნესის კეთებას შეძლებს, გათვლის ტურისტების რაოდენობას და ეცოდინება, რომ ნამდვილად სტაბილური და მიმზიდველი პირობებია როგორც  ევროპული, ასევე ამერიკული ბაზრისთვის.

“ისრაელის ბაზარიც ასევე ძალიან საინტერესოა, საიდანაც უმეტესად კაზინოს მომხმარებელი ჩამოდის. ძალიან მნიშვნელოვანია კამპანიების კეთება, ტურიზმის დეპარტამენტისა თუ ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან. ფოკუსი არის იმაზე, რომ მაქსიმალურად ბევრი ტურისტი ჩამოვიდეს, თუმცა ჩვენი ფოკუსი არის ხარისხიანი ტურისტის ჩამოყვანა, რომელიც დოვლათს მოუტანს ბიზნესს და მათ ახალი პროდუქტების განვითარებაზე დააფიქრებს”, - განაცხადა Salt Projects-ის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ.