2024 წელს საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 6.5 მლნ შეადგინა, რაც მცირედით აღემატება (4.6%) 2023 წლის მაჩვენებელს - წერია PMCG-ის ანგარიშში.

ორგანიზაციის ინფორმაციით, საერთაშორისო ვიზიტების დაბალი ზრდა ძირითადად ერთდღიანი ვიზიტების შემცირებას უკავშირდება (-9.2%).

" 2024 წელს საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი რუსეთიდან განხორციელდა (ვიზიტების საერთო რაოდენობის 22%). მას მოსდევდა თურქეთი (20.7%) და სომხეთი (14.7%).

2023 წელთან შედარებით, მცირედით გაიზარდა რუსეთიდან (0.2%-ით), ხოლო შემცირდა თურქეთიდან (4.3%-ით) და სომხეთიდან (1.5%-ით) განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა.

წლიურად ყველაზე მაღალი ზრდის ტემპი ჰქონდა ჩინეთს, საიდანაც ვიზიტების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა და 88.6 ათასს მიაღწია. ვიზიტების მაღალი ზრდა შეიმჩნეოდა ინდოეთიდან და ისრაელიდანაც.

2024 წელს საქართველოში ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან განხორციელებულმა ვიზიტებმა 438,414 შეადგინა (საერთო ვიზიტების 6.8%), რაც 3.8%-ით აღემატება 2023 წლის მაჩვენებელს. თუმცა 2024 წლის პირველი კვარტლის შემდეგ ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა ყოველ კვარტალში შემცირდა.

ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი კი გერმანიიდან (17.9%) და პოლონეთიდან (15.2%) განხორციელდა“, - წერია PMCG-ის კვლევაში.