ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის სატრანზიტო პროცედურების გამარტივება, სასაზღვრო-გამტარ პუნქტებზე ლოდინის დროის შემცირება და ვაჭრობისა და ტრანზიტის ხელშემწყობი ინფრასტრუქტურის შექმნა - ამ ქვეყნების მიერ საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის გზით, - აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ თურქეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ სეზაი უჩარმაკმა აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის საბაჟო საკითხებზე მომუშავე სამმხრივი კომიტეტის მე-5 შეხვედრაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
“დღეს, სამი ქვეყნის საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელები მეხუთე შეხვედრას ვმართავთ. ამ სამ ქვეყანას უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია საერთაშორისო ტრანზიტისა და მეზობლური ურთიერთობების, ასევე აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით ვაჭრობის კუთხით. შესაბამისად, ამ შეხვედრას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ამ საკითხებს ყოველ შეხვედრაზე განვიხილავთ. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია სატრანზიტო პროცედურების გამარტივება, სასაზღვრო-გამტარ პუნქტებზე ლოდინის დროის შემცირება და ვაჭრობისა და ტრანზიტის პროცესების ხელშემწყობი ინფრასტრუქტურის შექმნა - აღნიშნულ ქვეყნებში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის გზით“, - აღნიშნა სეზაი უჩარმაკმა.
მისი თქმით, საქართველოში, აზერბაიჯანსა და თურქეთში მნიშვნელოვანი ინვესტიციები ხორციელდება საავტომობილო, სარკინიგზო და საზღვაო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში:
„ჩვენ ამას ნათლად ვხედავთ. როდესაც პერიოდულად საქართველოს ვსტუმრობ, ვაკვირდები გზების განვითარებას. ინფრასტრუქტურის ანალოგიურ განვითარებას ვხედავთ აზერბაიჯანშიც. აქ ერთი რამ უნდა ვაღიაროთ: დასავლეთში ხდება მოხმარება, ხოლო წარმოება - აღმოსავლეთში. ბუნებრივია, ამ მიმართულებით ტვირთებისა და საქონლის მნიშვნელოვანი გადაადგილება ხდება. თუმცა, იმ გეოგრაფიულ არეალში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით - კერძოდ, „შუა დერეფნის“ მარშრუტის გასწვრივ - სატრანზიტო გამტარუნარიანობა ამჟამად საკმაოდ დაბალია. მიგვაჩნია, რომ ინფრასტრუქტურის განვითარების, პროცედურების გამარტივებისა და ყველა პროცესის ურთიერთჰარმონიზაციითა და ერთიანი სისტემის ფარგლებში მოქცევით, ეს სატრანზიტო ნაკადი კიდევ უფრო გაიზრდება. ამ საკითხს მხოლოდ ტრანსპორტირების კუთხით არ განვიხილავ; ეს პროცესი ახალ ინვესტიციებსაც მოიზიდავს. საქმე ისაა, რომ საქონლით ვაჭრობას თავისი სპეციფიკა აქვს: შეუძლებელია მნიშვნელოვანი ეკონომიკური ღირებულების შექმნა მხოლოდ საქონლის ერთი წერტილიდან მეორეში გადატანით. შემოსავალს მხოლოდ პროცესის სატრანსპორტო ნაწილით ვერ მიიღებ; თუ ამ საქონელს გადაამუშავებ და სხვა პროდუქტად აქცევ, დამატებით შემოსავალსაც მიიღებ. ქვეყნებს ეს, ფაქტობრივად, გააზრებული აქვთ“, - აღნიშნა სეზაი უჩარმაკმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება და სხვადასხვა პროექტის განხორციელება ახალი ინვესტორების მოზიდვის შესაძლებლობას იძლევა.
“აზერბაიჯანი არის ქვეყანა, რომელიც მნიშვნელოვან „ხიდის“ როლს ასრულებს აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანში. კასპიის ზღვის გადაკვეთა დიდწილად ისეთ ქვეყნებთან არის დაკავშირებული, როგორიცაა ყაზახეთი და თურქმენეთი. ბუნებრივია, კასპიის ზღვის გადაკვეთის პროცესის ხელშეწყობაც აუცილებელია. როგორც ვხედავთ, ყველა ამ ქვეყანაში უმჯობესდება საინვესტიციო გარემო, ხორციელდება სხვადასხვა პროექტი და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ხდება ინვესტორების მოზიდვა. თუმცა, უნდა ვაღიაროთ: იმისთვის, რომ სადმე ინვესტიცია განხორციელდეს, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა შესაბამისი შესაძლებლობა და მომგებიანობა. საბაჟო პროცედურებსა და სხვა პროცესებსაც სწორედ ამ კუთხით უნდა მივუდგეთ. არავინ განახორციელებს ინვესტიციას მიდგომით - „მცირე იყოს, მაგრამ ჩემი იყოს“. თუ მიდგომა ეფუძნება პრინციპს - „მასშტაბური იყოს, სარგებელი ნახონ ყველა ქვეყანამ და იმ ქვეყნებმაც, რომლებთანაც თანამშრომლობთ“, - მაშინ ახალი შესაძლებლობები ჩნდება. ამას ძალიან ნათლად ვხედავთ. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით პროცესებს ამ ქვეყნებში -საქართველოში, აზერბაიჯანსა და ირანში”, - აღნიშნა თურქეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ.