Gallup-ის უახლესი მონაცემებით, ამჟამად აშშ-ის ზრდასრული მოსახლეობის 11% წონის დასაკლებად GLP-1 კლასის მედიკამენტებს იღებს, რაც ორი წლის წინანდელ მაჩვენებელს (3%) თითქმის ოთხჯერ აღემატება. შეერთებულ შტატებში სიმსუქნის დონემ 39.9%-დან 36.4%-მდე დაიწია.
ისტორიაში არცერთ ფარმაკოლოგიურ ჩარევას არ მოუპოვებია პოპულარობა ასე სწრაფად ჯანმრთელ ადამიანებში. ექსპერტები ამ პროცესს „არაკონტროლირებად კლინიკურ ცდას“ უწოდებენ, რომელშიც უკვე 28 მილიონი ადამიანია ჩართული. იმისდა მიუხედავად, აპირებთ თუ არა ოდესმე ამ პრეპარატების მიღებას, ექსპერიმენტის პირველადი შედეგები ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს.
მონაცემების ანალიზი გვასწავლის 4 მთავარ გაკვეთილს:
გაკვეთილი 1: პრობლემა ნებისყოფა კი არა, მადა იყო
ათწლეულების განმავლობაში ფიტნეს-ინდუსტრია საზოგადოებას უმტკიცებდა, რომ წონის კლება მხოლოდ ნებისყოფის ამბავი იყო. თუმცა, პრეპარატმა, რომელიც უბრალოდ შიმშილის გრძნობას თრგუნავს, კვლევებში სხეულის მასის 15%-იანი კლება გამოიწვია. ამ ფაქტმა ძველი დავა წარსულს ჩააბარა: ადამიანები, რომლებიც წონაში ვერ იკლებენ, სუსტი ნებისყოფისანი სულაც არ არიან — პრობლემა მუდმივი შიმშილის გრძნობაა, რომელთან ბრძოლაშიც ნებისყოფა, ადრე თუ გვიან, ყოველთვის მარცხდება. წონის კლების მთავარი მექანიზმი კვლავ კალორიული დეფიციტია, მედიკამენტმა კი უბრალოდ ამ დეფიციტის ატანა გახადა შესაძლებელი.
გაკვეთილი 2: ცხიმთან ერთად ვიკლებთ კუნთსაც
ის ფაქტი, რომ დაკლებული წონის 40%-ს ხშირად კუნთოვანი მასა შეადგენს, რეალური და სერიოზული პრობლემაა. მექანიზმი მარტივია: როცა მადა მკვეთრად ქვეითდება, მცირდება ცილების მიღებაც, რის გამოც ფიზიკურად პასიური ადამიანები ცხიმთან ერთად კუნთსაც კარგავენ. გამოკითხული 63 წამყვანი სამედიცინო ექსპერტის 76% აცხადებს, რომ GLP-1 პრეპარატების მიღებისას კუნთის კარგვა ერთ-ერთი მთავარი საფრთხეა. გამოსავალი იგივეა, რაც აქამდე იყო: ძალისმიერი ვარჯიში და სხეულის წონის თითოეულ კილოგრამზე დაახლოებით 1.5 – 2.2 გრამი ცილის მიღება.
გაკვეთილი 3: მედიკამენტი ვარჯიშს არ ანაცვლებს, პირიქით — ახალისებს
არსებობდა სტერეოტიპი, რომ წამალი ადამიანებს გააზარმაცებდა და ფიზიკურ აქტივობას ჩაანაცვლებდა. თუმცა, მონაცემები საპირისპიროს ამტკიცებს: ადამიანები, რომლებიც ამ პრეპარატებს იღებენ, ოთხჯერ მეტ დროს ხარჯავენ ფიტნესზე, უფრო ხშირად დადიან ფეხით, ასრულებენ კარდიოვარჯიშებს და მეტ ცილას იღებენ. წამალი მათთვის არა ვარჯიშის შემცვლელი, არამედ ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ ბიძგის მიმცემი (ე.წ. ტრამპლინი) აღმოჩნდა.
გაკვეთილი 4: არავინ იცის, რა მოხდება ფინალში
რა მოუვა იმ 28 მილიონ ადამიანს, როდესაც ისინი წამლის მიღებას შეწყვეტენ? კლინიკური ცდები აჩვენებს, რომ მედიკამენტის შეწყვეტიდან ერთ წელიწადში დაკლებული წონის დიდი ნაწილი ბრუნდება. როგორი იქნება მათი კუნთოვანი მასის, ახალი ჩვევებისა თუ მეტაბოლიზმის მდგომარეობა 10 წლის შემდეგ, ჯერჯერობით უცნობია, რადგან ასეთი მასშტაბით ეს პრეპარატები ათწლეულის განმავლობაში არასდროს გამოუყენებიათ.
მათთვის, ვინც უკვე ამ მასშტაბური „ექსპერიმენტის“ ნაწილია, მთავარი რეკომენდაციაა: ივარჯიშეთ კვირაში სამჯერ, აკონტროლეთ ცილების მიღება და ნუ დაეყრდნობით მხოლოდ სასწორის ციფრებს. ხოლო მათთვის, ვინც პრეპარატებს არ იღებს, მთავარი გაკვეთილი უცვლელი რჩება: პირველ რიგში, ისწავლეთ მადის კონტროლი და წონის კლების დანარჩენი პროცესი ბევრად მარტივი გახდება.