სვანეთში, მესტიაში გასტროტურიზმის, ხელშეწყობის მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ორდღიან კულინარიულ ფესტივალს ჩაატარებს.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა სამეწარმეო ბაზარი და მუსიკალური სივრცეები.
„როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო მოგზაურებმა უკვე შეიყვარეს გემო ფესტი, რომელიც უკვე ტრადიციულია და მეოთხედ იმართება. გემო ფესტი სხვადასხვა რეგიონში ტარდება და გულისხმობს, როგორც ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობას ასევე ტურიზმის განვითარებას. ფესტივალზე ველოდებით ბევრ საერთაშორისო და შიდა მოგზაურს. გემო ფესტზე წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო მედია, რომელიც საქართველოს, როგორც გასტროტურისტული მიმართულების შესახებ დაწერს“, – აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.
მაია ომიაძის თქმით, გემო ფესტის სტუმრებს საშუალება ექნებათ, დააგემოვნონ იშვიათი და ნაკლებად ცნობილი ტრადიციული სვანური კერძები, რომელსაც ადგილობრივი მზარეულები ამზადებენ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ფესტივალის მოსამზადებელ პერიოდში გამოცდილმა შეფ მზარეულებმა გემო ფესტის მონაწილეებს კერძების არჩევისას და მომზადებისას რეკომენდაციები გაუწიეს. გემო ფესტის მიზანია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, ადგილობრივი მეწარმეების ოჯახების ხელშეწყობა, შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების გაზრდა.