„მიმდინარე წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 15%-ით გაიზრდება და 4 მლრდ-ს მიაღწევს“, - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში Galt&Taggart-ის ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ტურისტული ნაკადების 96%-იანი აღდგენა იყო, ხოლო მთლიანი საერთაშორისო ვიზიტების აღდგენა მაინც დაბალია და ამის მიზეზი ის არის, რომ აზერბაიჯანს საქართველოსთან და სხვა ქვეყნებთანაც საზღვარი აქვს ჩაკეტილი.
„შემოსავლები პირველ კვარტალში 37,5%-ზე მეტი იყო, ვიდრე 2019 წელს და 795 მლნ დოლარს მიაღწია. რაც შეეხება მაისს, წინა თვეში, ჩვენი შეფასებით, 304 მლნ შემოსავალი მივიღეთ ტურიზმიდან. მთლიანობაში რომ შევხედოთ, ტურიზმის შემოსავლები 1 350 000 000 ლარია, რაც კარგი მაჩვენებელია წინა წელთან შედარებით და მიყვება იმ პროგნოზს, რაც გვქონდა წლის დასაწყისში. ჩვენი პროგნოზით, მიმდინარე წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები გაიზრდება და მიაღწევს 15%-ს, 4 მლრდ-ს. შესაძლოა, უფრო ოპტიმისტური სცენარიც დაგვიდგეს“, - განაცხადა ლაშა ქავთარაძემ.
ტურიზმის ზრდაში მიგრანტების ეფექტზე საუბრისას, ლაშა ქავთარაძემ განაცხადა, რომ გასულ წელს მიგრანტების ეფექტი საკმაოდ სოლიდური იყო, რაც შეეხება მიმდინარე წელს, ეროვნულმა ბანკმა ტურიზმის ზრდის სტატისტიკიდან მიგრანტების ის წილი გამოთიშვა, რომლებიც უკვე რეზიდენტები გახდნენ.
მისი თქმით, პირველი კვარტლის მონაცემებს თუ შევხედავთ, ეროვნულ ბანკი განმარტავს, რომ ბელორუსიის მოქალაქეების 44% შეფასებული იქნა, როგორც საქართველოში 1 წელზე მეტი ვადით მყოფი, ან 1 წელზე მეტი დროით საქართველოში დარჩენის მსურველი და ეს ნაწილი აღარაა გათვალისწინებული ტურიზმის შემოსავლებში; ასევე, სებ-ის შეფასებით, მიმდინარე წლის 31 მარტის მდგომარეობით, რუსეთის მოქალაქეების 36% ერთ წელზე მეტი ვადითაა საქართველოში და უკრაინის მოქალაქეების 24% უკვე ქვეყნის რეზიდენტია.
„წლის მეორე ნახევარში, ჩვენი მოლოდინით, მიგრაციის ნაკადი საერთოდ არ იქნება ტურიზმის შემოსავლებში და ეს იქნება ტურისტთა იმ ნაკადებზე დაფუძნებული შემოსავლები, რომელსაც ქვეყანა მიმდინარე წელს მიიღებს. ამის გათვალისწინებით ველოდებით 4 მლრდ შემოსავალს“, - აცხადებს ლაშა ქავთარაძე.
Galt&Taggart-ის ეკონომისტის თქმით, ქვეყანაში ევროკავშირიდან ტურისტული ნაკადების აღდგენის დინამიკა შეინიშნება.
„პირველ კვარტალში, ევროკავშირიდან ტურისტული ნაკადები 102%, 2%-ით მეტი, იყო, ვიდრე 2019 წლის პირველ კვარტალში და იმედიანად ვართ. 2019 წელთან შედარებით, ტურისტული ნაკადების აღდგენა 100%-ზე მეტი იქნება. რაც შეეხება ერთჯერად ვიზიტორებს, აზერბაიჯანის ფაქტორის გამო, ეს მიმართულება სუსტი იქნება. სომხეთიდან ვიზიტების მხოლოდ 80%-ია აღდგენილი. წლის მეორე ნახევარში უნდა ველოდოთ გაუმჯობესებას. აზერბაიჯანთან საჰაერო მიმოსვლა თბილისსა და ბაქოს შორის აღდგა და 1-ლი ივლისიდან ბაქო-ბათუმიც დაემატება და მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ გაიხსნა სახმელეთო საზღვარი და ეს ნაკადებიც იყოს კომპენსირებული“, - აცხადებს ლაშა ქავთარაძე.