„ირანის ხელისუფლებამ ღრუბლების „დათესვა“ ანუ რეაგენტების გაბნევა დაიწყო, წვიმის ხელოვნურად გამოსაწვევად“ - ასეთი სათაური აქვს ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის - „ბიბისის“ (BBC) ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც ირანის მთავრობის ძალისხმევაა გადმოცემული, ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი უძლიერესი და საშინელი გვალვის შედეგების შესამცირებლად.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ღრუბლების „დათესვა“ გამოიხატება ატმოსფეროს ქვედა ნაწილში - ტროპოსფეროში შედარებით დაბალ სიმაღლეზე ქიმიური რეაგენტების - განსაკუთრებით ვერცხლის ან კალიუმის იოდიდის გაბნევაში, თვითმფრინავით, რაკეტით ან ქვემეხის მეშვეობით. რეაგენტები აჩქარებენ ჰაერში არსებული წყლის ორთქლის კონდენსირებას და ნალექების გამოწვევას.

15-16 ნოემბერს ღრუბლების „დათესვა“ განხორციელდა ურმიის ტბის აუზში, რომელიც ირანის ყველაზე დიდი წყალსაცავია (უფრო ზუსტად, იყო), კასპიის ზღვის შემდეგ. ბოლო წლების გვალვის გამო ტბა დაშრა და მლაშობად (მლაშე ჭაობად) გადაიქცა. მომდევნო დღეებში ღრუბლების „დათესვა“ დასავლეთ და აღმოსავლეთ აზერბაიჯანის ოსტანებშიც (პროვინციებში) მოხდება, რომლებიც აზერბაიჯანის რესპუბლიკას ესაზღვრებიან.

ირანის მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, მიმდინარე 2025 წელი განსაკუთრებით გვალვიანი გამოდგა - საშუალო მაჩვენებელთან შედარებით ატმოსფერული ნალექი 89%-ით ნაკლები მოვიდა.

ირანის დედაქალაქ თეირანში, რომლის მოსახლეობა 9 მილიონ მცხოვრებს აღწევს, სასმელი წყლის წყალსაცავები თითქმის უკვე დაშრნენ, მათში მხოლოდ მაცოცხლებელი სითხის 8-10%-ღაა დარჩენილი. ხელისუფლება არ გამორიცხავს მოსახლეობის ევაკუაციას, თუმცა სიტუაციას ის გარემოება ამძიმებს, რომ წყალთან დაკავშირებით თითქმის იგივე რთული მდგომარეობაა მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ღრუბლების „დათესვის“ მეთოდი დიდი ხანია, უკვე ცნობილია. „დათესვა“ ხშირად ხდება ხოლმე ბოლო წლებში არაბთა გაერთიანებულ საემიროებში.

უკუპროცესს „ღრუბლების განთესვას“ (გაფანტვას) უწოდებენ და გამოიყენება, კერძოდ, რუსეთში, როცა დღესასწაულების დროს წვიმის თავიდან აცილება სურთ.

საბჭოთა კავშირიც ხშირად მიმართავდა ღრუბლების განთესვის მეთოდს. მაგალითად, ასე იყო ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიის შემდეგ, 1986 წელს. ერთ-ერთი პოპულარული ვერსიის თანახმად, როცა აღმოჩნდა, რომ რადიაქტიური ღრუბლები მოსკოვისაკენ მიემართებოდნენ, კრემლმა შესაბამისი ღონისძიება განახორციელა - „ღრუბლები შეაჩერა“ და მათ მიმართულება შეიცვალეს - რადიაქტიური ნალექი მოსკოვისა და პოდმოსკოვიეს ნაცვლად ბელორუსიის სსრ-ის სამხრეთ რაიონებში მოვიდა.

მოამზადა kvirispalitra.ge

წყარო