2023 წლის 31 მარტის მდგომარეობით, ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვებმა 5 003 000 000 დოლარი შეადგინა, რაც რეზერვების მაქსიმალური მოცულობაა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24%-ითაა გაზრდილი. Galt&Taggart-ის ეკონომისტის, ლაშა ქავთარაძის თქმით ამის მიზეზი მთავრობის, საბანკო სექტორისა და ეროვნული ბანკის მხრიდან ჩატარებული გარკვეული ოპერაციებია. Galt&Taggart-ში ვარაუდობენ, რომ წლის ბოლოს საერთაშორისო რეზერვები 5.3 მლრდ იქნება.
„ეროვნული ბანკის რეზერვებმა რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა. მარტის მონაცემით 5 მლრდ გვაქვს, ეს 24%-იანი წლიური ზრდაა. წინა თვესთან შედარებითაც გაზრდილია 6%-ით. ამის მიზეზი გარკვეული ოპერაციებია, როგორც მთავრობის, ისე საბანკო სექტორის მხრიდან, ამას ემატება ეროვნული ბანკის მხრიდან ინტერვენციები.
რეზერვების ზრდა ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა გადახდისუნარიანია. საგარეო კრიზისის დროს, როცა ქვეყანას აქვს საერთაშორისო რეზერვების მაღალი დონე, ქვეყანა უსაფრთხოდ გრძნობს თავს, რადგან გადახდის უნარიანი დარჩება. ჩვენი პროგნოზია, რომ წლის ბოლოს კიდევ უფრო გაიზრდება საერთაშორისო რეზერვები და 5.3 მლრდ-ის ფარგლებში დავხურავთ მიმდინარე წელს“, - განაცხადა ლაშა ქავთარაძემ.