კომპლექსური კვლევის შედეგად, კომუნიკაციების კომისიის მიერ დაკისრებული ვალდებულებების ფარგლებში „მაგთიკომმა“ ქსელზე დაშვების მსურველი ოპერატორებისთვის მოწვევის ოფერტები გამოაქვეყნა. ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

„კერძოდ, კომპლექსური კვლევის მიხედვით, 2024 წლის ComCom-ის გადაწყვეტილებით, „მაგთიკომი“ მობილური და ფიქსირებული ქსელის ბაზრების მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორად განისაზღვრა, რის შედეგადაც მას როგორც ფიქსირებულ, ისე მობილურ ქსელზე დაშვების ვალდებულება და დაშვების ოფერტების გამოქვეყნება განესაზღვრა. ამასთან, ComCom-მა დაადგინა მობილურ და ფიქსირებულ ქსელზე საბითუმო დაშვების მარეგულირებელი ჩარჩო. აღნიშნული ვალდებულება დაშვების მსურველ კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, დაშვების პირობებთან დაკავშირებით წინასწარ მიიღონ ინფორმაცია, რაც მათთვის გამჭვირვალე, არადისკრიმინაციულ და სამართლიან პირობებს უზრუნველყოფს.

დაშვების მსურველ კომპანიებს უკვე აქვთ შესაძლებლობა გაეცნონ „მაგთიკომის“ მიერ გამოქვეყნებულ ქსელზე დაშვების პირობებს და განაცხადით მიმართონ მათთვის სასურველ შემდეგ მომსახურებებზე: ფიქსირებულ ქსელზე - ფიქსირებულ ლოკაციაზე ადგილობრივი და ცენტრალური (ე.წ. ბითსტრიმ) დაშვების საბითუმო მომსახურება; ხოლო მობილურ ქსელზე - ეროვნული როუმინგის, თანალოკაციის და მობილური ვირტუალური ოპერატორის (MVNO) საბითუმო დაშვების მომსახურებები.

მოწვევის ოფერტაში მაგთიკომის მიერ წარმოდგენილია მობილურ და ფიქსირებულ ქსელზე საბითუმო დაშვების დეტალური ტექნიკური თუ კომერციული პირობები, მათ შორის, საბითუმო დაშვების მომსახურების ტარიფები. მოწვევის ოფერტები გამოქვეყნებულია როგორც მაგთიკომის, ასევე, კომუნიკაციების კომისიის ვებ-გვერდზე.

საგულისხმოა, რომ ComCom-მა მიღებული გადაწყვეტილებებითვე განსაზღვრა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო მოწვევის წინადადების შემადგენელი ელემენტები, რათა დაშვების მსურველმა მიიღოს საკმარისად დეტალური ინფორმაცია, შეძლოს ეფექტურად მოემზადოს და წარადგინოს განაცხადი, ამასთან, შეაფასოს დაშვების პირობები, რომ მიეცეს საშუალება უზრუნველყოს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორის მიერ შეთავაზებული საცალო მომსახურებების სერვისების მსგავსი პირობებით მიწოდება. ამ მიზნით კომუნიკაციების კომისიამ განსაზღვრა, რომ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორის მოწვევის წინადადება უნდა შეიცავდეს მინიმუმ ისეთ ელემენტებს, როგორიცაა: დაშვების მომსახურებების აღწერა, დაშვების ტარიფები, დაშვების ტექნიკური პირობები, მათ შორის ქსელის არქიტექტურა და ქსელზე დაშვების ყველა შესაბამისი ტექნიკური სტანდარტი, აპარატურის სპეციფიკაციები, რომლებიც უნდა გამოიყენოს დაშვების მსურველმა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორის ქსელთან დასაკავშირებლად, მომსახურების მიწოდების პირობები და მათი ცვლილების შემთხვევაში, პროცედურა, მომსახურების ხარისხის სტანდარტები და გარანტიები, გაუმართაობის შესახებ შეტყობინებისა და შეკეთების პროცედურა, ანგარიშსწორების პირობები და სხვა.

როგორც ცნობილია, კომპლექსურ კვლევაში მონაწილე ევროკავშირის ექსპერტების მიერ  დადგინდა, რომ საქართველოში მობილური მომსახურებების და ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტის საცალო ბაზრები არაკონკურენტულია და განიცდის სტაგნაციას. იდენტიფიცირებული კონკურენტული პრობლემების აღმოსაფხვრელად კი, ასევე კვლევის შედეგად გამოვლენილ, მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორს შესაბამისი სპეციფიკური ვალდებულებები დაეკისრა.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს, კომუნიკაციების კომისიამ, ევროკავშირის დაფინანსებითა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დახმარების („AA Facility II“) პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად, დაიწყო მუშაობა საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური კვლევის პროექტზე, რომელიც საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესებას, ასევე მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი, ხარისხიანი თუ ხელმისაწვდომი მომსახურებების უზრუნველყოფასა და ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით, საქართველოს მარეგულირებელი ჩარჩოს ევროპულთან დაახლოებას ემსახურება. კომპლექსური კვლევა ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, ამ მასშტაბის კვლევა კი, აქამდე ქართულ ტელეკომ ბაზარზე არ ჩატარებულა. ევროკავშირის ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას ასევე რევიზია TAIEX-ის (ევროკავშირის ტექნიკური დახმარებისა და  ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტი) ექსპერტებმა გაუწიეს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.