წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიება სავსეა ჩიპების მნიშვნელოვანი განახლებებით, AI-ითა თუ დიდი ბრენდების ინოვაციური პროდუქტებით, თუმცა არანაკლებად ვხვდებით უცნაურ ტექნოლოგიებს, ერთი შეხედვით, გიჟურს, ზოგისთვის გამოსადეგს, ზოგისთვის კი სრულად აზრს მოკლებულს. რომელი, როგორია ეს თქვენ გადაწყვიტეთ, ჩვენ კი ქვემოთ თითოეულზე მოგიყვებით:

მუსიკის დაგემოვნება

ოდესმე დაინტერესებულხართ, როგორი გემო აქვს მუსიკას? თუ ასეა, ახლა გაიგებთ. Lollipop Star მოწყობილობაა, რომელიც მუსიკას თქვენი კბილების მეშვეობით უკრავს. უფრო ზუსტად რომ გითხრათ, ძვლის გამტარობის გამოყენებით მუსიკას ყურის შიდა ნაწილს აწვდის, ამასთან, შაქრის დოზის მიღების საშუალებასაც გაძლევთ.

ყურსასმენები თქვენი ფიქრებისთვის

Neurable-ის ყურსასმენები ზომავს, რამდენად სწრაფად ფიქრობთ — იდეა იმაში მდგომარეობს, რომ გეიმერებმა შეძლონ საკუთარ რეაქციებსა და ფიქრის პროცესებზე თვალყურის დევნება. სწორედ ამ მონაცემების საშუალებით განავითარა კომპანიამ სისტემა, რომელიც უკეთ ფოკუსირებაში დაეხმარებათ.

ყურსასმენები, რომლებიც დინამიკად გარდაიქმნება

ახალმა აუდიო ბრენდმა TDM-მ კი CES 2026-ზე ისეთი ყურსასმენები შემოგვთავაზა, რომლებიც დინამიკადაც გარდაიქმნება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ასე პირადი გამოცდილება სხვებისთვის ხელმისაწვდომი შეგიძლიათ, გახადოთ.

შეფის დანა, რომელიც ვიბრაციას გამოსცემს

Seattle Ultrasonics-ის C-200 UltraSonic Chef’s Knife ვიბრირებს, რათა პროდუქტების დაჭრა გაგიმარტივოთ. მართალია, ეს ვიბრაცია შეუიარაღებელი თვალით არ ჩანს, მაგრამ პროცესში ნამდვილად გეხმარებათ. დანის ფასი 399 დოლარი იქნება და ფიქრობენ, რომ იგი დიასახლისებს, განსაკუთრებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, გამოადგებათ.

პანდა კომპანიონი

CES 2026-ზე კვლავ ვხვდებით საყვარელ ტექნოლოგიებს, მათ შორისაა Mind With Heart Robotics — ფუმფულა პატარა პანდა, რომელიც ინტერაქტიული კომპანიონის როლს ირგებს მოხუცებისთვის, რომელთაც კოგნიტიური დაქვეითება აქვთ და ბავშვებისთვის, რომელთაც სოციალური უნარების გამომუშავება სჭირდებათ.

AI პარტნიორი

დესკტოპ OLED ეკრანია, რომელშიც AI პარტიორს შეხვდებით და კომპანიონობას გაგიწევთ. ჩინური კომპანია Lepro Ami-ის კომპანიონად გვაცნობს, რომელიც ემპათიური შეიძლება იყოს და მომხმარებლებსაც დაუკავშირდეს უფრო სიღრმისეულ დონეზე. ასე კი AI კომპანიონი ფიზიკურ ფორმას იძენს და მომხმარებლებისთვის მეტად საინტერესოც ხდება. 

თმის საშრობი სანათი

წარმოიდგინეთ, რომ აბაზანიდან გამოსვლისას ჩვეულებრივ კომფორტულ ტახტზე მოთავსდებით, ტელევიზორს უყურებთ ან თამაშებს ჩართავთ და ამის პარალელურად სანათი თმას ისე გაგიშრობთ, რომ თავად არაფრის გაკეთება მოგიწევთ… სწორედ ამას გვთავაზობს Dreame, ეს სიამოვნება კი მინიმუმ 700 დოლარი დაგიჯდებათ. 

რობოტიკამერა თქვენი შინაური ცხოველებისთვის

დაბოლოს, ეს პატარა ბოტი გეტყვით, როგორ ატარებს თქვენი შინაური ცხოველი დროს, როცა თავად სახლში არ იმყოფებით. Vex ჰქვია და იმისთვისაა შექმნილი, რომ თქვენს კატას ან ძაღლს აედევნოს, ვიდეოებიც გადაუღოს, როცა მათთან თამაშს დააპირებს. საინტერესოა, რომ ბოტს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ვიდეოს დამოუკიდებლად რედაქტირებაც შეუძლია, რათა უკეთ გადმოგცეთ ინფორმაცია თქვენი შინაური ცხოველის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ CES 2026 9 იანვრის ჩათვლით გაიმართება, ამიტომ სიახლეები ამით არ მთავრდება.

www.marketer.ge