ახალი კვლევის თანახმად, რომელიც Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა, წყალი სამყაროში პირველად დიდი აფეთქების შემდეგ რამდენიმე ასეული მილიონი წლის შემდეგ წარმოიშვა. ეს ნიშნავს, რომ სიცოცხლე სამყაროში შეიძლება მილიარდობით წლით უფრო ადრე წარმოიშვა, ვიდრე ამას აქამდე მეცნიერები ვარაუდობდნენ.

წყალი - სიცოცხლის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ათწლეულების განმავლობაში მეცნიერები ცდილობდნენ დაედგინათ, თუ როდის გაჩნდა ის სამყაროში. ახალი კვლევის თანახმად ის დიდი აფეთქების შემდეგ ასიდან ორასი მილიონი წლის განმავლობაში გაჩნდა. ეს კი მილიარდობით წლით უფრო ადრეა, ვიდრე აქამდე იყო ნავარაუდები.

კვლევაში აღნიშნულია, რომ თავიდან სამყარო მშრალი იყო, რადგან შედგებოდა ისეთი უბრალო ელემენტებისგან, როგორებიცაა: წყალბადი, ჰელიუმი, ლითიუმი. უფრო მძიმე ელემენტები პირველი ვარსკვლავების შემდეგ გაჩნდნენ.

„პირობები, რომლებიც სიცოცხლის ფორმირებისთვისაა საჭირო, ბევრად უფრო ადრე არსებობდა, ვიდრე ჩვენ ეს აქამდე გვეგონა. ეს წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენს მიერ ადრეული სამყაროს შეცნობაში“, - განაცხადა კვლევის თანაავტორმა დენიელ უეილენმა.

კვლევები ამ თეორიის გამყარებისთვის გრძელდება და ამ მიმართულებით ასტროფიზიკოსებს ჯეიმს უების კოსმოსური ტელესკოპი ეხმარება, რომელიც სამყაროს ყველაზე ძველ ვარსკვლავებს აკვირდება.

წყარო: imedinews.ge