ევროკომისია აცხადებს, რომ TikTok-ის აპლიკაციის დიზაინი არღვევს ევროპის "ციფრული სერვისების აქტს" (DSA) და ვერ უზრუნველყოფს მომხმარებლების სათანადო დაცვას.
როგორც უწყების მიერ 6 თებერვალს გამოქვეყნებულ წინასწარ დასკვნაში წერია, TikTok-ის აპლიკაციის დიზაინი მომხმარებლის პლატფორმაზე მიჩვევას იწვევს, მაგალითად დასახელებულია "უსასრულო თვალიერება" (infinite scroll), რომელიც ეკრანის განახლებისას მომხმარებელს მუდმივად აწვდის ახალ კონტენტს. ეს კი მომხმარებლის ტვინს "ავტოპილოტის რეჟიმში" ამუშავებს და ასტიმულირებს აკვიატებულ ქცევას, აპლიკაციის განმეორებით გახსნას მუდმივ თვალიერებას.
კომისია განსაკუთრებით აკრიტიკებს TikTok-ის "ეკრანთან გატარებული დღიური დროის" (Daily Screen Time) ფუნქციას, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, დააწესონ დროის ლიმიტი და მიიღონ შეტყობინება ამოწურვაზე. მართალია 13-დან 17 წლამდე მომხმარებლებისთვის ავტომატურად მოქმედებს ერთსაათიანი ლიმიტი. თუმცა, როგორც მარეგულირებელი ამბობს, ამ გაფრთხილებების "იგნორირება/გათიშვა ძალიან მარტივია". შედეგად, მარეგულირებლის შეფასებით, ეს დამცავი ზომა არაეფექტურია.
კომისია მოითხოვს, DSA-სთან შესაბამისობისთვის, TikTok-მა უნდა "შეცვალოს სერვისის ფუნდამენტური დიზაინი", გათიშოს უსასრულო სქროლის ფინქცია, უფრო ეფექტური გახადოს "შესვენებები" და შეცვალოს აპლიკაციის ვიდეო რეკომენდაციებიც.
TikTok-ი ევროკომისიის ბრალდებებს არ ეთანხმება და განმარტავს, რომ კომისიის წინასწარი მიგნებები მათი პლატფორმის მცდარი და სრულიად უსაფუძვლო აღწერაა. მათივე მტკიცებით, პლატფორმა მომხმარებლებს სთავაზობს მრავალფეროვან ინსტრუმენტებს, რათა მათ თავად მიიღონ გადაწყვეტილება დროის განაწილებაზე.
TikTok-ი ევროკომისიის შეფასებების გასაჩივრებას გეგმავს.
შეგახსენებთ, საქმეზე გამოძიება, რომელიც 2024 წელს დაიწყო. ევროკომისიამ დაიწყო მოკვლევა, შეესაბამება თუ არა TikTok "ციფრული სერვისების აქტს" (DSA) - ევროკავშირის კანონს, რომელიც ონლაინ პლატფორმებს ავალდებულებს რისკების მართვას, კონტენტის მოდერაციასა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფას. 2025 წლის ოქტომბერში კომისიამ დაასკვნა, რომ TikTok და სოციალური მედიის გიგანტი Meta არღვევდნენ DSA-ს,
TikTok-ს ევროკავშირი სარეკლამო წესების დარღვევასაც ედავება.
შეგახსენებთ, ევროკომისიის ეს მიგნებები წინასწარია, რაც ნიშნავს, რომ ჯარიმები ან სანქციები ჯერ არ დაწესებულა და გამოძიება გრძელდება.