შეერთებულ შტატებში „ტიკტოკი“ აიკრძალება, თუ 19 იანვრამდე, ანუ ბაიდენის ადმინისტრაციის ხელისუფლებში ყოფნის ბოლო დღემდე, ეს სოციალური ქსელი არაჩინურ კომპანიაზე არ გაიყიდება. ორშაბათს დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებით, აშშ-ში ამ პლატფორმის მომავალი გაურკვეველი ხდება, რადგან ქვეყნის ახალი მთავრობა აპირებს „მიიღოს ზომები იმის თავიდან ასაცილებლად“, რომ შეერთებულ შტატებში „ტიკტოკი“ მიუწვდომელი გახდეს. ვადა იწურება, მაგრამ ალტერნატიული გამოსავალი ჯერ კიდევ არ არსებობს: რა არის აპლიკაციის შეჩერების მიზეზი და როგორ შეიძლება ამის თავიდან აცილება?

გასულ წელს, მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაამტკიცა კანონი, რომელიც კრძალავს „ტიკტოკის“ გავრცელებას შეერთებულ შტატებში, თუ მისი მფლობელი კომპანია ByteDance ამ აპს 2025 წლის 19 იანვრამდე, ანუ არჩეული პრეზიდენტის მიერ თანამდებობის დაკავებამდე ერთი დღით ადრე, არაჩინურ კომპანიაზე არ გაყიდის.

ბაიდენის მიერ კანონის ხელმოწერისთანავე, ByteDance და თავად „ტიკტოკმა“ აშშ-ს უზენაეს სასამართლოს ამ გადაწყვეტილების გადახედვის თხოვნით მიმართეს, პარალელურად კი, ბევრმა მომხმარებელმა და კონტენტის მწარმოებელმა სხვა პლატფორმებზე გადასვლა დაიწყო და აბონენტებსაც იგივე ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდა.

„ტიკტოკს“ შეერთებულ შტატებში მილიონობით მომხმარებელი ჰყავს და ძალიან გავლენიან სოციალურ ქსელად მიიჩნევა. ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხად და ვაშინგტონის შეშფოთების მიზეზადაც კი იქცა, რადგან აშშ-ს ხელისუფლება შიშობს, რომ ჩინურ კომპანია ByteDance-ს ამერიკულ მონაცემებზე აქვს წვდომა და მას თავისი ქვეყნის მთავრობას უზიარებს. ამ პრეტენზიებს თავად კომპანია და მისი პლატფორმა ყოველთვის უარყოფდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ „ტიკტოკის“ შეჩერება მომავალი კვირიდან იგეგმება, ამ სოციალური ქსელის შეერთებულ შტატებში ფუნქიონირება, შესაძლოა, არ შეჩერდეს, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის შეშფოთების კიდევ ერთი მიზეზია.

დონალდ ტრამპს, რომელიც ოთხი წლის წინ დაკარგულ თანამდებობაზე მომავალი კვირიდან ისევ დაბრუნდება, სურს, ამ საკითხზე მსჯელობა გაგრძელდეს და, მისი წინამორბედის მიერ ხელმოწერილი კანონისთვის გვერდის ასავლელად, სააღმსრულებლო განკარგულების გამოცემასაც კი გეგმავს.

არჩეული პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში უკვე დადო პირობა, რომ მიიღებს ზომებს აპლიკაციის ხელმისაწვდომობის შესანარჩუნებლად და განაცხადაა, რომ კანონი ByteDance-სთვის, როგორც „ტიკტოკის“ სათავო კომპანიისთვის, გაყიდვის დასასრულებლად, 90-დღიან გადავადებას ითვალისწინებს და მის ადმინისტრაციას, გაყიდვის ან სხვა ალტერნატიული გადაწყვეტილებისს საკითხებზე მოლაპარაკებისთვის, დროს აძლევს. ეს ძალისხმევა, რომელიც შეიძლება იურიდიულად საეჭვო იყოს და მხოლოდ დროებით გამოსავალს წარმოადგენდეს, აპლიკაციის მომავალს მაინც გაურკვეველს ტოვებს.

ტრამპს „ტიკტოკის“ გადარჩენა სურს

„ჩემს გულში „ტიკტოკს“ განსაკუთრებული ადგილი უკავია“, - განაცხადა ტრამპმა გასულ თვეში ვიდეოში, რომელიც მან „ტიკტოკზე“, საკუთარ ანგარიშზე განათავსა (მას 14 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს). ამ ვიდეოში ტრამპი პირობას დებს, რომ „ტიკტოკს“ გადაარჩენს.

მიუხედავად ტრამპის განზრახვისა, რომ გადაარჩინოს სოციალური ქსელი, რომელიც, მისი აზრით, აღმაფრთოვანებულია, ჩნდება კითხვა, თუ როგორ შეუძლია მას ამის გაკეთება, იმის გათვალისწინებით, რომ ბაიდენის მიერ დამტკიცებული კანონი „ტიკტოკს“ დაუყოვნებლივ აკრძალავს, თუ მას მომავალი კვირისთვის არაჩინელი ახალი მფლობელი არ ეყოლება, უზენაესმა სასამართლომ კი, რომელსაც ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია, კანონის ამოქმედება უნდა დაამტკიცოს.

სააღსრულებლო განკარგულებების სტრატეგია დონალდ ტრამპმა თავის პირველ საპრეზიდენტო ვადაშიც გამოიყენა, მაგრამ არსებობს ეჭვი, რომ ამ შემთხვევაში პრეზიდენტის ბრძანებულება საკმარისი იქნება აღსრულების შეჩერების თავიდან ასაცილებლად, რადგან პრეზიდენტის განკარგულება იურიდიულად ვერ გააუქმებს კანონს, რომელიც კონგრესში ორპარტიული მხარდაჭერით არის მიღებული. აკრძალვის გადასინჯვის მიზნით, არჩეული პრეზიდენტი შეიძლება შეეცადოს ზეწოლა მოახდინოს კონგრესზე მის გასაუქმებლად, რაც არ იქნება ადვილი გადაწყვეტილება, ან მოსთხოვოს გენერალურ პროკურორს, რომ კანონი არ არის დამტკიცებული და შესაბამისად, არ გამოიყენოს იგი.

აქვე აღსანიშნავია, რომ ჩინური პლატფორმის აკრძალვა ტრამპის პირველი ადმინისტრაციის დროსაც განიხილებოდა. თუმცა, არჩეული პრეზიდენტი ბოლო წლებში „ტიკტოკს“ აქებს და მას პოლიტიკური კამპანიის ინსტრუმენტადაც კი იყენებს, რადგან უფრო სწრაფად და ვირუსულად იპყრობს ახალგაზრდა ამომრჩევლებს.

კიდევ ერთი გამოსავალი, რომელიც აქამდეც განიხილებოდა, არის კომპანიის გაყოფა, რათა ის ნაწილ-ნაწილ გაიყიდოს, ეს ნაწილები ამერიკულ კომპანიებს გადაეცეს და ამით კანონის მოთხოვნები შესრულდეს. ე.წ „კვალიფიცირებული გასხვისება“ ტრამპს პრობლემის გადაჭრის უფრო ლეგიტიმურ და, შესაძლოა, უფრო მისაღებ შესაძლებლობას მისცემს. ამ შემთხვევაში, ჩნდება კითხვა, არის თუ არა „ტიკტოკი“ კვლავ ისეთი აქტივი, რომელიც ინვესტორებს მიიზიდავს.

ამ კვირაში „ბლუმბერგმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩინეთის ხელისუფლება განიხილავს შესაძლებლობას, რომ თუ პლატფორმა შეერთებულ შტატებში აიკრძალება, „ტიკტოკის“ აქციები ჩრდილოეთ ამერიკაში ელონ მასკმა შეძინოს. თუმცა, ByteDance ამ ინფორმაციას უარყოფს და მას „წმინდა წყლის ფიქციას“ უწოდებს.

მაგიდაზე დევს კიდევ ერთი ვარიანტი: ტრამპის ადმინისტრაცია აღადგენს „ტეხასის პროექტს“ -კორპორატიულ რეფორმის განხორციელების პაკეტს, რომელიც, სავარაუდოდ, „ტიკტოკიდან“ მომდინარე ეროვნული უსაფრთხოების პრობლემებს გადაჭრის. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ეს ვარიატი უარყო, მიუხედავად იმისა, რომ ის თეთრ სახლს აპლიკაციის პროგრამირების საკითხებზე ვეტოს დადების უფლებას აძლევს.

თუმცა, ამ დროისთვის ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ როგორც ByteDance აცხადებს, „ტიკტოკი“ არ იყიდება, რაც შეერთებულ შტატებში მისი აკრძალვის თავიდან აცილებას ართულებს.

დღეის მდგომარეობით...

გასულ წელს შეერთებულმა შტატებმა მიიღო კანონი, რომელიც გასართობი ინდუსტრიის ჩინურ გიგანტ ByteDance-ს ავალდებულებს, „ტიკტოკი“ 2025 წლის 19 იანვრამდე გაყიდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აპლიკაცია აიკრძალება ქვეყანაში, სადაც მას დაახლოებით 170 მილიონი მომხმარებელი ჰყავს.

საქმე აშშ-ს უზენაეს სასამართლომდე მივიდა, რომელმაც ორივე მხარის არგუმენტები მოისმინა: ვაშინგტონი ამტკიცებდა, რომ მას პეკინის ჯაშუშობისა და მანიპულირების რისკების თავიდან აცილება სურს, ხოლო სოციალური ქსელი და ასოციაციები აცხადებდნენ, რომ აშშ-ს მიერ მიღებულ კანონი სიტყვის თავისუფლებას არღვევს.

უზენაესი სასამართლოს ოფიციალური გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა ცნობილია, რომ მოსამართლეთა აბსოლუტური უმრავლესობა აკრძალვის სანქცირებისთვის მზად არის.

აშშ-ს კონგრესის მიერ გასული წლის აპრილში მიღებული გადაწყვეტილებით, ჩინურ კომპანია ByteDance-ს ცხრა თვე მიეცა ინვესტორის მოსაძებნად. ისინი იმ ქვეყნიდან უნდა იყვნენ, რომელიც შეერთებული შტატების მიმართ „მტრულად განწყობილად“ არ მიიჩნევა. პრობლემა ახალი არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ ჩინეთის მთავრობა, რომელიც კომპანიის პრივილეგირებული აქციების მფლობელია და ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე ვეტოს უფლება გააჩნია, ყოველთვის ღიად ეწინააღმდეგებოდა „ტიკტოკის“ აქციების ამერიკული ნაწილის გაყიდვას. იგივე პოზიცია გააჩნია თავად ByteDance-საც.

Bytedance არის კერძო კომპანია, რომლის დაახლოებით 60 პროცენტი ეკუთვნით ისეთ ინსტიტუციონალურ ინვესტორებს, როგორებიც არიან Blackrock და General Atlantic, ხოლო დამფუძნებლები და თანამშრომლები 20-20 პროცენტს ფლობენ. შეერთებულ შტატებში კომპანიას 7000-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული. „ტიკტოკმა“და ByteDance-მ მოითხოვეს, მინიმუმ, გადაიდოს კანონის ამოქმედება, რადგან, მათი აზრით, ამით დაირღვევა აშშ-ს კონსტიტუციის პირველი შესწორება, რომლითაც მთავრობის მიერ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა იკრძალება.

ბოლო წლებში ჩინეთმა არაერთხელ გააკრიტიკა აშშ-ს „რეპრესიები“ „ტიკტოკის“ წინააღმდეგ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის „დაშინების ტაქტიკა", რომელზეც, ვაშინგტონი, საბოლოოდ, უარს იტყვის.