STORI AI ქართული ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციაა, რომელიც რამდენიმე პროფესიის ადამიანებს ცვლის, მათ შორის - დამწყებ მარკეტინგის და სოცმედია მენეჯერებს, ქოფირაითერეს და გრაფიკულ დიზაინერებს. STORI AI, ხელოვნურ ინტელექტის დახმარებით, რამდენიმე წამში ქმნის ბრენდს და კრეატიულ მარკეტინგულ ქონტენტს, როგორც ტექსტის, ისე ფოტოებისა და პოსტერების სახით. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას STORI AI -ს თანადამფუძნებელი სანდრო ოქროპირიძე გვიხსნის, ამისათვის საჭიროა დარეგისტრირდეთ Storiai.com-ზე, ხელოვნურ ინტელექტს მიაწოდო ცნობები შენი კომპანიისა და მომავალი ბრენდის შესახებ და ხელოვნური ინტელექტი რამდენიმე წამში დააგენერირებს საჭირო ინფორმაციას.
„კომერსანტმა“ სანდრო ოქროპირიძეს STORI AI -ს მუშაობის სპეციფიკასა და სამომავლო გეგმებზე რამდენიმე კითხვა დაუსვა.
როდის შეიქმნა STORI AI და რას სთავაზობთ მომხმარებელს?
სანდრო ოქროპირიძე, STORI AI -ს თანადამფუძნებელი: STORI AI დავიწყეთ შარშან, რადგან ჩვენი გამოცდილებიდან ვნახეთ, რომ როგორც ჩვენ, ისე ჩვენს მომხმარებელს ქონტენტის შექმნაზე ჰქონდა პრობლემა. თავიდან ინტერაქციული Tool-ები შევქმენით, რაც მერე STORI AI-დ გარდაიქმნა, რომელიც მარტო საიტებზე აღარ იყო ორიენტირებული, მთლიანად ინტერნეტში ქონტენტის შექმნაზე გადავიტანეთ ფოკუსი, როგორც სოცმედიის, ისე ბლოგის კუთხით. კომპანია 2022 წლის სექტემბერში შეიქმნა.
STORI AI-ზე შეგიძლიათ შემოხვიდეთ, წამებში შექმნათ ბრენდის იდენტობა და ქონტენტი, რაც მოიცავს როგორც ვიზუალურ ნაწილს, ისე ტექსტს.
როგორ მუშაობს STORI AI?
მომხმარებელი ხელოვნურ ინტელექტს აძლევს კომპანიის აღწერილობას და დანარჩენს ხელოვნური ინტელექტი აგენერირებს. მერე ამის მიხედვით იქმნება მარკეტინგული ქონტენტი, პოსტერი, ტექსტი, ბევრი ფოტო ან ყველაფერი ერთად, რაც ბრენდის გაიდლაინების გათვალისწინებით კონკრეტულ სეგმენტსა და სოცმედიაზეა მორგებული. მაგალითად, LinkedIn-ისთვის სხვანაირს აკეთებს, Facebook-ისთვის - სხვანაირს, Twitter-ისთვის - სხვანაირს. და ამ ქონტენტის გაშვება ჩვენი Dashboard-დანაა შესაძლებელი. მერე ამ ყველაფრის „ანალიტიკა“ ხდება, რომელიც ბრენდს მიეწოდება და წრე იკვრება. ეს ციკლი გულისხმობს ბრენდისა და ქონტენტის შექმნას, მარკეტინგს და ანალიტიკას.
ბაზარზე კონკურენტი გყავთ?
კონკურენტები გვყავს ამერიკაში. ჩვენი პლატფორმა ინგლისურადაა და საქართველოში მისი გამოყენება შეუძლია მას, ვისაც პროდუქცია ექსპორტზე გააქვს უცხოეთში ან ინგლისურენოვან ვიზიტორებზე სურს მარკეტინგის გათვლა.
მეტი დაინტერესება ქართველი მომხმარებლისგან გაქვთ, თუ უცხოელისგან? უფრო კონკრეტულად რა სეგმენტზეა გათვლილი STORI AI?
ჩვენთან ქართველი და უცხოელი იუზერები ალბათ თანაბრად შემოდიან. რაკი აპლიკაცია ინგლისურენოვანია, იუზერები ინგლისურად მოლაპარაკე გვყავს და ფოკუსსაც მათზე ვაკეთებთ.
2 მთავარ სეგმენტზე ვმუშაობთ, ესენია: პატარა ტექნოლოგიური გუნდები, ან ელექტრონული კომერციაზე მომუშავე კომპანიები, ვისაც მარკეტინგული კონტენტის შექმნა სჭირდება, მარკეტინგული გუნდი არ ჰყავთ და არ აქვთ საშუალება, რომ დიდი სააგენტო დაიქირაოს. მეორე სეგმენტი - სოცმედია მენეჯერები და მარკეტერები არიან, რომლებსაც აქვთ პორტფოლიო, ჰყავთ თავისი კლიენტები და 10 სხვადასხვა ბრენდზე მუშაობენ, ჩვენთან შეუძლიათ 50-100-მდე, ულიმიტოდ გაზარდონ ამ ბრენდების რაოდენობა.
სეგმენტების გაფართოებას ხომ არ გეგმავთ?
გავაფართოებთ, მაგრამ ამ 2 სეგმენტზეა ძირითადი ფოკუსი. თუ პატარა მეღვინეობას ექსპორტზე გასვლა უნდა, ახლაც შეუძლია ჩვენი აპლიკაციით ისარგებლოს და შექმნას მარკეტინგული ქონტენტი.
რა ღირს STORI AI მომსახურება?
არის უფასო, თვეში 15$-იანი, 30$-იანი ედიტორები. ჩვენი მომსახურების ყოველთვიური გამოწერაა შესაძლებელი, სხვა ლიმიტები არ გვაქვს.
რომელი პროფესიის სპეციალისტებს ანაცვლებს STORI AI?
დამწყებ მარკეტინგის მენეჯერებს, სოცმედია მენეჯერებს, ქოფირაითერს, გრაფიკულ დიზაინერს, რომელიც კომპანიას Fiverr-ზე ერთჯერადად უნდა დაექირავებინა. უფრო ვიტყოდი, რომ STORI AI ანაცვლებს მარკეტინგისთვის სხვადასხვა პროგრამაში და აპლიკაციაში მუშაობის, ასევე ფრილანსერების ძებნის საჭიროებას. აქ კომპანიას შეუძლია შექმნას ბრენდი, მარკეტინგული ქონტენტი და გაავრცელოს ის სოციალურ მედიაში ხელოვნური ინტელექტის დახმარებით.
სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
პროექტის კუთხით ბევრი ცვლილება გვაქვს დაგეგმილი, სოცმედია მენეჯერებისთვის ცალკე მორგებული ფუნქციონალი შემოგვაქვს, აქამდე უფრო პირველ სეგმენტზე გვქონდა აქცენტი. გვინდა მეტი ხალხი დარეგისტრირდეს STORI AI -ზე, რომ უკუკავშირი მივიღოთ, თუნდაც კრიტიკა და ამის მიხედვით სისტემა გავაუმჯობესოთ.
გარდა ამისა, პირველ აგვისტოს Product Hunt-ზე ვეშვებით, სადაც ხმის მიცემით მსოფლიოს საუკეთესო პროდუქტები ვლინდება.