რუსეთის სიდიდით მეორე მარკეტპლეისის, Ozon-ის, აქციების ფასი მოსკოვის ბირჟაზე მკვეთრად შემცირდა,- ამის შესახებ ინფორმაციას The Moscow Times ავრცელებს.

Ozon რუსეთის ელექტრონული კომერციის ბაზრის მეოთხედზე მეტს აკონტროლებს. კომპანიის აქციების ფასი 27%-ით, 2 112.5 რუბლამდე, ანუ დაახლოებით 25.5 დოლარამდე შემცირდა. ეს 2023 წლის აგვისტოს შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

აქციების მკვეთრი ვარდნის შედეგად Ozon-მა რამდენიმე წუთში დაახლოებით 185 მილიარდი რუბლის, ანუ 2.2 მილიარდი დოლარის საბაზრო კაპიტალიზაცია დაკარგა. ამის შემდეგ მოსკოვის ბირჟამ კომპანიის აქციებით ვაჭრობა დროებით შეაჩერა და დისკრეტული აუქციონის რეჟიმი აამოქმედა. მოსკოვის დროით 12:40 საათისთვის Ozon-ის დღიური ვარდნა 19.3%-მდე შემცირდა.

წლის დასაწყისიდან Ozon-ის საბაზრო ღირებულება 47%-ით, დაახლოებით 376 მილიარდი რუბლით, ანუ 4.54 მილიარდი დოლარით არის შემცირებული.

კომპანიის ინფორმაციით, ბოლო სამი დღის განმავლობაში უკრაინული დრონების თავდასხმების შედეგად Ozon-ის ექვსი საწყობი დაზიანდა. 22-23 აგვისტოს იერიშები სამარასა და ორენბურგში მდებარე ობიექტებს შეეხო. 24 აგვისტოს გამთენიისას კი თავდასხმა განხორციელდა კრასნოდარის გარეუბნის სოფელ ენემსა და მახაჩკალაში მდებარე ლოგისტიკურ ცენტრებზე. ობიექტებზე ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

თავდასხმების საფრთხის გამო Ozon-ის საწყობები ადიღეისკსა და ნევინომისკში ევაკუირებული იყო. კომპანიის ცნობით, ამ ობიექტებზე არც ინფრასტრუქტურა და არც საქონელი არ დაზიანებულა.

Ozon-ის აქციების კვალდაკვალ 12.4%-ით დაეცა კომპანიის უმსხვილესი მეწილე AFK Sistema-ს ფასიანი ქაღალდების ღირებულებაც. კომპანია მილიარდერ ვლადიმირ ევტუშენკოვს ეკუთვნის. Sistema-ს აქციების ფასი 2014 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე, 7.56 რუბლამდე, ანუ დაახლოებით 0.09 დოლარამდე შემცირდა. Ozon-ის საბაზრო კაპიტალიზაციის შემცირებამ, როგორც Sistema-ს მნიშვნელოვანი აქტივის ღირებულებამ, უშუალოდ იმოქმედა ჰოლდინგის საბაზრო შეფასებაზეც.

რუსული Freedom Global-ის შეფასებით, Ozon-ის აქციების მკვეთრმა ვარდნამ, ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების ახალმა ტალღამ და გაზრდილმა გეოპოლიტიკურმა რისკებმა მთლიანად რუსულ საფონდო ბაზარზე მოახდინა გავლენა.

მოსკოვის ბირჟის ინდექსი, რომელიც რუსეთის 46 უმსხვილესი კომპანიის აქციებს აერთიანებს, 2.5%-ით, 2 081 პუნქტამდე შემცირდა. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ბაზარზე კლების ახალი ტალღა წლიურ მინიმუმებს გამოიწვევს. მათი შეფასებით, Ozon-ს შესაძლოა დივიდენდების გადახდის შეჩერებაც მოუწიოს.

ზარალი შეეხო რუსეთის უმსხვილეს მარკეტპლეის Wildberries-საც. კომპანიის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შედეგად პირდაპირი ზარალი, გამყიდველებისა და საქონლის დანაკარგების ჩათვლით, შესაძლოა რამდენიმე ასეულ მილიარდ რუბლს შეადგენდეს. ზოგიერთი შეფასებით, საერთო ზარალმა შესაძლოა დაახლოებით 1 ტრილიონ რუბლს, ანუ 12 მილიარდ დოლარზე მეტს მიაღწიოს.

Ozon-ისა და Wildberries-ის ბიზნესზე ზეწოლა მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც. ორივე რუსულმა მარკეტპლეისმა საქართველოში მიწოდება 2024 წელს დაიწყო — Ozon-მა გაყიდვები სექტემბერში, ხოლო Wildberries-მა ოქტომბერში დაიწყო.