ენერგეტიკის სექტორში გაცემული სესხების მოცულობამ 2026 წლის ივლისის მდგომარეობით 3.18 მილიარდ ლარს გადააჭარბა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ენერგეტიკის სექტორის საკრედიტო პორტფელი 731 მილიონი ლარით, ანუ 30%-ით არის გაზრდილი.
დაკრედიტების მოცულობით ენერგეტიკის სექტორი დარგებს შორის მეხუთე ადგილზეა და ამ მაჩვენებლით სასტუმროებისა და ტურიზმის სექტორს გადაასწრო, რომლის საკრედიტო პორტფელი 2.78 მილიარდ ლარს შეადგენს.
ენერგეტიკის სექტორის დაკრედიტების ზრდა, მათ შორის, მცირე ჰესების პროექტების დაფინანსებას, ასევე ბოლო პერიოდში საქართველოში გააქტიურებულ ქარისა და მზის ელექტროსადგურების პროექტებს უკავშირდება.
ენერგეტიკის სექტორი ასევე გამოირჩევა ვადაგადაცილებული სესხების განსაკუთრებით დაბალი მაჩვენებლით. ივლისის მდგომარეობით, სექტორის 3.18-მილიარდიანი საკრედიტო პორტფელიდან ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა მხოლოდ 0.8 მილიონი ლარია, რაც მთლიანი პორტფელის 0.03%-ს შეადგენს.
შედარებისთვის, მთლიანად ბიზნესსესხებში ვადაგადაცილებული კრედიტების წილი 1.94%-ია. შესაბამისად, ბიზნესსესხებთან შედარებით, ენერგეტიკის სექტორში ვადაგადაცილებული კრედიტების წილი დაახლოებით 64-ჯერ ნაკლებია.
2026 წლის ივლისის მდგომარეობით, ბიზნესის სექტორებს შორის ყველაზე დიდი საკრედიტო პორტფელი უძრავი ქონების დეველოპმენტს აქვს — 5.09 მილიარდი ლარი. მას მოსდევს სერვისის სექტორი 4.54 მილიარდი ლარით, უძრავი ქონების მენეჯმენტი — 4.51 მილიარდი ლარით და სოფლის მეურნეობა — 3.9 მილიარდი ლარით.
ენერგეტიკის სექტორის 3.18-მილიარდიანი პორტფელი ამ ჩამონათვალში მეხუთე ადგილს იკავებს. ამასთან, ენერგეტიკის სექტორში დაფიქსირებული 30%-იანი წლიური ზრდა მნიშვნელოვნად აღემატება მთლიანად ბიზნესის დაკრედიტების 12%-იან ზრდას.
სხვა სექტორებისგან განსხვავებით, ტურიზმის საკრედიტო პორტფელი 15%-ით შემცირდა და 2.78 მილიარდი ლარი შეადგინა. ასევე კლება დაფიქსირდა ჯანდაცვის სექტორში — 27%-ით, მძიმე მრეწველობაში — 10%-ით და სხვა ვაჭრობის მიმართულებაში — 8%-ით.