Galt & Taggart-მა 2026 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7%-დან 7.5%-მდე გაზარდა,-ამის შესახებ საინვესტიციო კომპანიის ყოველკვირეულ ბაზრების მიმოხილვაშია ნათქვამი.
როგორც მიმოხილვაში აღნიშნულია, პროგნოზის გადახედვის მიზეზი წლის პირველ ნახევარში დაფიქსირებული ძლიერი ეკონომიკური აქტივობაა.
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის ივნისში საქართველოს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი წლიურად 8.6%-ით გაიზარდა, მაშინ როდესაც მაისში ზრდის მაჩვენებელი 6.4% იყო. ჯამურად, წლის პირველ ნახევარში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 7.9% შეადგინა.
Galt & Taggart-ის შეფასებით, ივნისში ეკონომიკის ზრდას ძირითადად ხელი შეუწყო დამამუშავებელმა მრეწველობამ, ტრანსპორტმა, მშენებლობამ, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ასევე საფინანსო საქმიანობის სექტორებმა. ამასთან, კლება დაფიქსირდა ენერგეტიკისა და სამთომოპოვებითი მრეწველობის მიმართულებით.
მიმოხილვაში ასევე შეფასებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა. სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 29 ივლისს რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8.25%-ზე დატოვა.
Galt & Taggart-ის ცნობით, ივნისში წლიურმა ინფლაციამ 5.8% შეადგინა, რაც ძირითადად ენერგორესურსების ფასების ზრდას უკავშირდება.
კომპანიის შეფასებით, ინფლაციის ის მაჩვენებლები, რომლებიც გრძელვადიან ინფლაციურ პროცესებსა და მოლოდინებს უკეთ ასახავს, მიზნობრივ დონესთან ახლოს რჩება. ამასთან, ეკონომიკური ზრდის მთავარ წყაროს მაღალპროდუქტიული, მომსახურებაზე ორიენტირებული სექტორები წარმოადგენს, რაც მოთხოვნის მხრიდან ინფლაციურ წნეხს ამცირებს.
Galt & Taggart-ის შეფასებით, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სებ-მა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვება მიზანშეწონილად მიიჩნია. ამასთან, ეროვნული ბანკი მიუთითებს, რომ მკაცრი მონეტარული პოლიტიკის პოზიცია შედარებით ხანგრძლივად შენარჩუნდება.
მიმოხილვის თანახმად, თუ ინფლაციის მეორე რაუნდის ეფექტები და ინფლაციური მოლოდინები მოსალოდნელზე მეტად გაძლიერდება, ეროვნული ბანკი მზადაა მონეტარული პოლიტიკა დამატებით გაამკაცროს.
სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2026 წლის 9 სექტემბერს გაიმართება.