საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის - ეროვნული ასამბლეის შემდეგ, ზედა პალატამაც  დაამტკიცა კანონპროექტი, რომლითაც ციფრული სრულწლოვანების ასაკად 15 წელი ცხადდება. ეს ნიშნავს, რომ ამ ასაკამდე სოციალური ქსელით სარგებლობისათვის მშობლის ნებართვა სავალდებულო გახდება. 

კანონი მედია პლატფორმებს ავალდებულებს, მათი მომხმარებლების ასაკი გადაამოწმონ და მიიღონ მშობლების თანხმობა იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს 15 წელი ჯერ არ შესრულებია. 

ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის თარიღი ჯერ დადგენილი არ არის. ის, სპეციალური განკარგულებით, მას შემდეგ განისაზღვრება, რაც ევროკომისია გამოაქვეყნებს დასკვნას, რომ 29 ივნისს საფრანგეთის პარლამენტის მიერ მიღებული კანონი შესაბამისობაშია ევროკავშირის კანონმდებლობასთან. „დარწმუნებული იყავით, შევეცდებით, რომ ის რაც შეიძლება მალე აღვასრულოთ“, - აღნიშნა ციფრულ ტექნოლოგიებზე პასუხისმგებელმა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ.

მშობლების თანხმობა ასევე საჭირო იქნება იმ ანგარიშებზე წვდომისთვის, რომლებსაც 15 წლამდე ასაკის ბავშვები უკვე ფლობენ. აღნიშნული მოთხოვნების იგნორირების შემთხვევაში, სოციალური ქსელები კომპანიის გლობალური გაყიდვების 1%-მდე ოდენობის თანხით დაჯარიმდებიან. აცია.