დღეს ბევრი კომპანია ფიქრობს, როგორ ჩართოს რაც შეიძლება მეტი თანამშრომელი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაში? დაპირება მაცდურად ჟღერს – AI შეამცირებს რუტინულ ტვირთს (მაგალითად, დოკუმენტების შედგენა, ინფორმაციის შეჯამება, კოდის გასწორება) და თანამშრომლებს მეტ დროს დაუტოვებს მაღალი ღირებულების მქონე, კრეატიული ამოცანებისთვის. მაგრამ მზად არიან კი ისინი იმისთვის, რაც წარმატების შემთხვევაში მოხდება? სანამ ხელმძღვანელები პროდუქტიულობის ზრდაზე არიან ფოკუსირებულნი, შესაძლოა გამოეპაროთ რთული რეალობა და ის ფასი, რასაც ამ ზრდის სანაცვლოდ იხდიან.

ჩვენი მიმდინარე კვლევის ფარგლებში აღმოვაჩინეთ, რომ AI ინსტრუმენტებმა საქმე კი არ შეამცირა, არამედ სამუშაო პროცესი მკვეთრად დატვირთა. ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიაში ჩატარებულმა 8-თვიანმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ თანამშრომლები მუშაობდნენ უფრო სწრაფად, იღებდნენ უფრო ფართო სპექტრის დავალებებს და ახანგრძლივებდნენ სამუშაო საათებს – ხშირად, დაუვალებლად. საგულისხმოა, რომ კომპანიას AI-ს გამოყენება სავალდებულო არ ჰქონია. თანამშრომლები საკუთარი ინიციატივით აკეთებდნენ მეტს, რადგან AI-მ „მეტის გაკეთება“ შესაძლებელი, ხელმისაწვდომი და შინაგანად დამაჯილდოებელი გახადა.

ცვლილებები ხშირად არამდგრადია. როცა ექსპერიმენტების ეიფორია გაივლის, თანამშრომლები აღმოაჩენენ, რომ მათი სამუშაო დატვირთვა ჩუმად, შეუმჩნევლად გაიზარდა. ამან შეიძლება გამოიწვიოს კოგნიტური დაღლილობა, გადაწვა და გადაწყვეტილების მიღების ხარისხის გაუარესება. პროდუქტიულობის საწყისი მაჩვენებელი საბოლოოდ დაბალი ხარისხის სამუშაოსა და კადრების დენადობაში გადაიზრდება.

მაშ, რა უნდა გააკეთონ ლიდერებმა? თანამშრომლებისთვის თვითრეგულაციის მოთხოვნა არ მუშაობს. კომპანიებმა უნდა შეიმუშაონ ნორმებისა და სტანდარტების ნაკრები.

გამოიკვეთა სამუშაო პროცესის დამძიმების სამი ძირითადი ფორმა:

საქმიანობის არეალის გაფართოება. AI-ს შეუძლია ცოდნის დეფიციტის შევსება, ამიტომ თანამშრომლებმა დაიწყეს ისეთი პასუხისმგებლობების აღება, რაც ადრე სხვებს ეკუთვნოდათ. პროდუქტ მენეჯერებმა კოდის წერა დაიწყეს, მკვლევრებმა – საინჟინრო ამოცანების შესრულება. AI-მ ეს საქმეები ხელმისაწვდომი გახადა, რაც თანამშრომლებს საკუთარი ძალების რწმენას მატებდა. თუმცა, ამას თან ახლდა გვერდითი ეფექტებიც: მაგალითად, ინჟინრებს უწევდათ კოლეგების მიერ AI-თ გენერირებული კოდის შემოწმება და გასწორება, რაც მათ დატვირთვას რეალურად ზრდიდა.

ზღვარის წაშლა სამუშაოსა და დასვენებას შორის, AI-მ საქმის დაწყება გაამარტივა – აღარ არსებობს „ცარიელი ფურცლის შიში“. შედეგად, თანამშრომლებმა მუშაობა შესვენებებზეც დაიწყეს, ლანჩის დროს, შეხვედრებზე ან ფაილის ჩატვირთვის მოლოდინში. ჩატბოტთან საუბარი ნაკლებად ჰგავს ფორმალურ მუშაობას და უფრო მეგობრულ მიმოწერას მოგაგონებთ, ამიტომ საქმე შეუმჩნევლად გადადის საღამოებსა თუ დილის საათებში. დროთა განმავლობაში, დასვენება ნაკლებად აღდგენითი გახდა, სამუშაო კი – უფრო ბუნებრივი და მუდმივი.

გაზრდილი მულტიტასკინგი AI-მ შემოიტანა ახალი რიტმი, სადაც თანამშრომლები ერთდროულად რამდენიმე აქტიურ პროცესს მართავენ. „პარტნიორის“ ყოლა, რომელიც ფონურ რეჟიმში მუშაობს, ქმნის იმის ილუზიას, რომ საქმე წინ მიდის, მაგრამ რეალობაში ეს ნიშნავს ყურადღების მუდმივ გადატანას და ტვინის გადატვირთვას.

რას ნიშნავს ეს ორგანიზაციებისთვის?

AI აჩქარებს ამოცანებს, იზრდება მოლოდინი სისწრაფეზე, სისწრაფე ზრდის დამოკიდებულებას AI-ზე, დამოკიდებულება აფართოებს სამუშაო არეალს, ფართო არეალი ზრდის სამუშაოს რაოდენობას. გეგონა, რომ AI-სთან ერთად დროს დაზოგავდი და ნაკლებს იმუშავებდი. მაგრამ რეალურად, ნაკლებს არ მუშაობ. მუშაობ იგივეს, ან უფრო მეტს.

მოკლევადიანი პროდუქტიულობა მზარდ დატვირთვას მალავს. თუ ეს პროცესი არ გაკონტროლდა, ორგანიზაციები მიიღებენ დაღლილ, გადამწვარ გუნდს, რომელსაც უჭირს სწორი გადაწყვეტილებების მიღება.

პასიური დაკვირვების ნაცვლად, კომპანიებმა უნდა დანერგონ „AI პრაქტიკა“ – ნორმები, რომლებიც განსაზღვრავს, როგორ გამოვიყენოთ AI, როდის გავჩერდეთ და როგორ არ უნდა გაფართოვდეს სამუშაო უკონტროლოდ.

სისწრაფის ზრდასთან ერთად, თანამშრომლებს სჭირდებათ სტრუქტურირებული პაუზები გადაწყვეტილებების გადასახედად და ინფორმაციის გასააზრებლად. ეს არ ანელებს მუშაობას, არამედ იცავს მას ქაოსისგან.

ნაცვლად იმისა, რომ რეაგირება მოახდინოთ AI-ს თითოეულ პასუხზე, დააჯგუფეთ ამოცანები და შეტყობინებები. ეს ამცირებს კონტექსტის ხშირ ცვლილებას და ზოგავს კოგნიტურ რესურსს.

AI ხელს უწყობს იზოლირებულ მუშაობას. ორგანიზაციებმა უნდა დაიცვან დრო ცოცხალი ურთიერთობებისა და დიალოგისთვის. AI-ის დაპირება არა მხოლოდ ისაა, თუ რისი გაკეთება შეუძლია მას სამუშაოსთვის, არამედ ის, თუ რამდენად გააზრებულად იქნება ის ინტეგრირებული ყოველდღიურ რიტმში. სწორი მართვის გარეშე, AI აადვილებს „მეტის კეთებას“, მაგრამ ართულებს შესვენებას პროცესიდან.

წყარო: HBR;   marketer.ge