ხელოვნური ინტელექტი სამსახურს „წაგართმევთ“ თუ პირიქით, მას უკეთესად აქცევს? შრომის ბაზარზე AI-ის გავლენის შესახებ დისკუსიები არ წყდება. მონაცემები კი უკვე საკმაოდ საინტერესო სურათს გვიჩვენებს – 2022 წლის ნოემბერში ChatGPT-ის საჯაროდ ჩაშვების შემდეგ, იმ ვაკანსიების რაოდენობა, რომლებიც სტრუქტურირებულ და რუტინულ ამოცანებს მოიცავს და რომელთა ჩანაცვლებაც გენერაციულ AI-ს მარტივად შეუძლია, 13%-ით შემცირდა. სამაგიეროდ, 20%-ით გაიზარდა დამსაქმებელთა მოთხოვნა ისეთ პოზიციებზე, სადაც ანალიტიკური, ტექნიკური ან კრეატიული მუშაობაა საჭირო – ანუ იქ, სადაც ხელოვნურ ინტელექტს ადამიანის შესაძლებლობების გაძლიერება შეუძლია.
მკვლევართა გუნდმა შეისწავლა 2019 წლიდან 2025 წლის მარტის ჩათვლით გამოქვეყნებული თითქმის ყველა ამერიკული ვაკანსია. კვლევის მთავარი დასკვნა საკმაოდ ოპტიმისტურია: სამუშაო ადგილების უბრალოდ გაქრობის ნაცვლად, გენერაციული AI ახალ მოთხოვნას აჩენს იმ პოზიციებზე, რომლებიც ტექნოლოგიით ძლიერდება. ეს კი იმაზე მიანიშნებს, რომ შრომის ბაზრის ტრანსფორმაციის მთავარი მამოძრავებელი ძალა ადამიანისა და ხელოვნური ინტელექტის თანამშრომლობაა. აღსანიშნავია, რომ ვაკანსიების ყველაზე დიდი კლება ფინანსურ და ტექნოლოგიურ სექტორებში დაფიქსირდა.
პროფესიები, რომლებსაც AI-ით გაძლიერების მაღალი პოტენციალი აქვთ, აერთიანებს ისეთ ამოცანებს, რომელთა ავტომატიზაციაც შესაძლებელია და ისეთებსაც, სადაც ადამიანის ჩართულობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ასეთი როლები ძირითადად სოციალური და პრაქტიკული ტექნიკური უნარების აქტიურ გამოყენებას მოითხოვს. იდეალურ მაგალითებს წარმოადგენენ მიკრობიოლოგები, ფინანსური ანალიტიკოსები და კლინიკური ნეიროფსიქოლოგები. მაგალითად, ფინანსების სფეროში საინვესტიციო მენეჯერები საბაზრო მონაცემების დასამუშავებლად AI ინსტრუმენტებს იყენებენ, თუმცა საბოლოო განსჯა და გადაწყვეტილების მიღება მაინც ადამიანის პრეროგატივად რჩება. ამ სურათის დასანახად მკვლევრებმა თავად OpenAI-ის ChatGPT გამოიყენეს და 900-ზე მეტი პროფესიის 19 000-მდე სამუშაო დავალების ავტომატიზაციის პოტენციალი შეაფასეს.
კვლევამ ნათლად აჩვენა, რომ ავტომატიზაციის მაღალი რისკის მქონე პოზიციებისთვის საჭირო უნარების ჩამონათვალი მცირდება. დამსაქმებლები ვაკანსიებში 7%-ით ნაკლებ მოთხოვნას უთითებენ და ამ პროფესიებში ახალი უნარებიც იშვიათად ჩნდება. პარალელურად, იმ პოზიციებზე, სადაც AI-ის დამხმარე როლი მაღალია, მკვეთრად იზრდება ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული უნარების, მაგალითად, პრომპტების წერა ან AI ინსტრუმენტების გამოყენება მოთხოვნა. ახალი ტექნოლოგიების დანერგვასთან ერთად, ბაზარზე სრულიად ახალი უნარებიც იბადება.
მართალია, ეს კვლევა აშშ-ის ბაზარზე გენერაციული AI-ის მოკლევადიან გავლენას ასახავს და გრძელვადიანი ეფექტები ტექნოლოგიის მასშტაბირებამდე ჯერ კიდევ ბუნდოვანია, თუმცა ერთი რამ ცხადია: კომპანიების მიერ ტექნოლოგიის ინტეგრაციის სტილი გადამწყვეტი იქნება იმისათვის, დაიკარგება სამუშაო ადგილები თუ გაიზრდება. ჰარვარდის მკვლევრები ბიზნესებს ურჩევენ, აქტიურად დააბანდონ რესურსები თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ როლებისთვის, სადაც AI უნარების მრავალფეროვნებას ამცირებს. რუტინული პროფესიის მქონე ადამიანებმა სამსახურის დაკარგვის თავიდან ასაცილებლად აუცილებლად უნდა განივითარონ ისეთი უნარები, რომელთა ავტომატიზაციაც შეუძლებელია, როგორიცაა კრიტიკული აზროვნება, განსჯა და ინტერპერსონალური კომუნიკაცია.
ამასთან, აუცილებელია გუნდის უწყვეტი კვალიფიკაციის ამაღლება ახალი ინსტრუმენტების ასათვისებლად, რადგან იზრდება მოთხოვნა AI წიგნიერებასა და ადამიანისა და მანქანის ეფექტურ თანამშრომლობაზე. მთავარი სტრატეგიული რჩევა კი ისაა, რომ ორგანიზაციებმა გენერაციული AI უნდა აღიქვან არა უბრალოდ ხარჯების შემცირების მექანიზმად, არამედ ზრდისა და გაძლიერების ინსტრუმენტად, რასაც შესაბამისი სატრენინგო პროგრამებით უნდა დაუჭირონ მხარი, რათა დაეხმარონ თანამშრომლებს ტრანზიციის პროცესში.
წყარო: HBR; www.marketer.ge