ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში სამუშაოს ძიების პროცესი სრულიად ახალ, საკმაოდ კომპლექსურ ეტაპზე გადავიდა. დღეს კანდიდატებს შეუძლიათ დიდი ენობრივი მოდელების დახმარებით ასობით ვაკანსია ერთდროულად შეავსონ და სააპლიკაციო ბადე ბევრად უფრო ფართოდ გაშალონ. თუმცა, ამ ტენდენციამ რეკრუტერებში დიდი შფოთვა გამოიწვია – ისინი სულ უფრო მეტად ნერვიულობენ მიღებული აპლიკაციების ავთენტურობაზე, რამაც ბაზარზე კანდიდატების ხელოვნური მოზღვავება და აუზის გადავსება გამოიწვია. სტაგნაციის ფაზაში მყოფ შრომის ბაზარზე ეს პროცესი ტექნოლოგიებით გაძლიერებულ გაუთავებელ რბოლას ჰგავს, სადაც ჯერჯერობით გამარჯვებული არავინ ჩანს.
ბაზარზე ერთგვარი პარადოქსული შუალედური მდგომარეობა შეიქმნა: სააპლიკაციო ხელოვნური ინტელექტის ინტრიგების გამო განაცხადების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, თუმცა თავად რეკრუტერების ხელთ არსებული სისტემები, რომლებითაც ამ ნაკადის დამუშავება ხდება, შეზღუდულია და ამ ტემპს ფეხს ვეღარ უწყობს. ამ რეალობაში ერთი რამ ცხადია – სამოტივაციო წერილი საბოლოოდ წარსულს ჩაბარდა, ხოლო მათთვის, ვინც სამუშაოს კვლავ ეძებს, ჩატბოტების ათვისების საუკეთესო დრო სწორედ ახლაა.
ბრძოლა ტალანტებისთვის
დიდი ენობრივი მოდელების განვითარებასთან ერთად, მაღალი კვალიფიკაციის კადრებზე ინტენსიური კონკურენცია გამწვავდა. ეს ბრძოლა უკვე გასცდა მხოლოდ წმინდა ტექნიკულ სფეროს და შეეხო აბსოლუტურად ყველა კომპანიას, რომელიც პროდუქტს ამ მოდელებზე აშენებს. ბაზარზე ეძებენ როგორც ძლიერ ტექნიკურ, ისე არატექნიკურ ტალანტებს, რომლებსაც ამ ინსტრუმენტების მართვა შეუძლიათ.
ვინაიდან ეს სრულიად ახალი უნარების ერთობლიობაა, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალების პოვნა რთულია, რადგან თავად ტექნოლოგია სულ რამდენიმე წელს ითვლის. საინტერესოა, რომ დიდი ენობრივი მოდელების ფლობა განსხვავდება ძველი საინჟინრო უნარებისგან, რომელთა შესასწავლადაც კონკრეტული, გაწერილი გზები არსებობდა. სწორედ ამიტომ, მსხვილი კორპორაციები დღეს კადრებს ყველაზე აგრესიულად სტარტაპებიდან ნადირობენ. სტარტაპულ გარემოში ბევრად უფრო მარტივი და სწრაფია ახალი ხელსაწყოების დანერგვა და მათზე დაყრდნობით რეალური პროდუქტების შექმნა, რაც ამ სფეროში კომპანიების შესყიდვის მთავარი მამოძრავებელი ძალაც ხდება.
ამ რეალობაში კარგად პოზიციონირებისთვის, კანდიდატებს ყოველდღიურ დონეზე სჭირდებათ ამ ხელსაწყოებთან პრაქტიკა. გასაუბრებებზე უკვე სტანდარტულ, ნაგულისხმევ კითხვად იქცა იმის გარკვევა, თუ როგორ იყენებს ადამიანი ხელოვნურ ინტელექტს თავის სასარგებლოდ და აქვს თუ არა კონკრეტული მაგალითები. ამ უნარების დადასტურება ყველას შეუძლია სამუშაო გარემოს მიღმაც, რადგან ბაზარზე უამრავი საჯარო აპლიკაციაა, რომელთა ტესტირება და გამოყენება ციფრული კომპეტენციის საჩვენებლად საუკეთესო მტკიცებულებაა.
სამოტივაციო წერილის დასასრული
სამუშაოს მაძიებლების მხრიდან აპლიკაციების ავტომატურად შევსება რეკრუტერებისთვის დიდ გამოწვევად იქცა. როდესაც მისაღები სამოტივაციო წერილების ოთხმოცდათხუთმეტი პროცენტი ხელოვნური ინტელექტის მიერ არის გენერირებული, ეს ფორმატი აზრს სრულად კარგავს. შესაბამისად, შერჩევის პროცესი იმ მიმართულებით განვითარდება, რომ კანდიდატებმა საკუთარი უნიკალურობა და ძლიერი მხარეები პრაქტიკული ქეისების ან დამოუკიდებლად შესასრულებელი დავალებების საშუალებით აჩვენონ.
პარალელურად, გამოიკვეთა თაღლითობის ორი ძირითადი მიმართულება. პირველი და ყველაზე საშიში ბოროტმოქმედთა მიზანმიმრთული ქმედებებია, რომლებიც დამსაქმებლის მოტყუებას ცდილობენ. ეს განსაკუთრებით ხშირია დისტანციური სამუშაოების დროს, როდესაც ვირტუალური პერსონები პოზიციას იკავებენ ინტელექტუალური საკუთრების მოსაპარად ან ფინანსური სარგებლის მისაღებად. მეორე, შედარებით ფართომასშტაბიანი და რთულად გამოსავლენი კატეგორია კი კანდიდატების მიერ საკუთარი რეზიუმეების ხელოვნურად გაზვიადება და მონაცემების შელამაზებაა.
როგორ უნდა უპასუხონ დამსაქმებლებმა ბაზარს
ბევრი სამუშაოს მაძიებელი იმედგაცრუებულია, რადგან გრძნობს, რომ მათი განაცხადები უფსკრულში იკარგება და მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის მკითხველებთან უწევთ გამკლავება, რაც მათ ყველაფრის ავტომატურად გენერირებისკენ უბიძგებს.
ამ სიტუაციაში პასუხისმგებლობა დამსაქმებლებზე გადადის. მათ უნდა უზრუნველყონ, რომ ტექნოლოგიური სისტემები შერჩევის პროცესის რეალურ მიზნებს ასახავდეს. რეგულაციების მიღმაც კი, უმნიშვნელოვანესია სისტემაში ყოველგვარი მიკერძოების გამორიცხვა. ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოებს აქვთ პოტენციალი, ეს პროცესი იდეალურად მართონ, თუმცა კომპანიების მხრიდან განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. ამასთან, დამსაქმებელს აქვს მორალური ვალდებულება, კანდიდატს თავიდანვე ღიად აცნობოს, გამოიყენება თუ არა ხელოვნური ინტელექტი შერჩევის მიმდინარე ეტაპებზე, რათა პროცესი ორივე მხარისთვის გამჭვირვალე და სამართლიანი იყოს.
წყარო: Fastcompany, www.marketer.ge