მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა ადრეული ბრინაოს ხანის 61 ოქროს არტეფაქტი შეისწავლა და დაადგინა, რომ ტროაში, კუნძულ ლემნოსზე მდებარე პოლიოქნეში, მესოპოტამიის ქალაქ ურში და ძველ საქართველოში აღმოჩენილ ოქროს ნივთებს ძალიან მსგავსი ქიმიური შემადგენლობა აქვს.

სამკაულები ძვ.წ. 2500-2000 წლებით თარიღდება. მათ შორისაა ტროაში აღმოჩენილი ე.წ. „პრიამოსის საგანძურის“ ნივთებიც, რომლებიც ჰაინრიხ შლიმანმა 1873 წელს იპოვა და შეცდომით ტროას მითიურ მეფეს დაუკავშირა.

კვლევისთვის მეცნიერებმა პორტატული ლაზერული აბლაციის სისტემა გამოიყენეს. მოწყობილობა ნივთიდან თვალით თითქმის უხილავ ნიმუშს იღებს, რაც განსაკუთრებით ძვირფასი სამკაულების დაზიანების გარეშე შესწავლის საშუალებას იძლევა. შემდეგ ნიმუშების შემადგენლობა მასსპექტრომეტრიის საშუალებით გააანალიზეს.

ოქროში აღმოჩენილი თუთიის, პალადიუმისა და პლატინის მაღალი კონცენტრაცია მიუთითებს, რომ ნედლეული, სავარაუდოდ, მდინარის მეორადი საბადოებიდან, ოქროს მტვრის სახით იყო მოპოვებული.

მკვლევრებმა ასევე დაადგინეს, რომ მსგავსი დიზაინის სამკაულები, მათ შორის ოქროს დისკოებით დამზადებული ყელსაბამები, შესაძლოა სპეციალიზებულ სახელოსნოებში მასობრივად იწარმოებოდა. სხვადასხვა ადგილას აღმოჩენილ ნივთებში პლატინისა და პალადიუმის თითქმის იდენტური შემცველობა საერთო ნედლეულსა და წარმოების კავშირებზე მიუთითებს.

კვლევის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ერნსტ პერნიკას შეფასებით, შედეგები ადასტურებს, რომ დაახლოებით 4 500 წლის წინ ეგეოსის რეგიონს, მესოპოტამიასა და კავკასიას შორის აქტიური სავაჭრო კავშირები არსებობდა. ამას სხვა არქეოლოგიური აღმოჩენებიც ამყარებს, მათ შორის ერთნაირი ფორმის საყურეები, სტანდარტული საწონები, ბეჭდები და ძვირფასი ქვები, რომლებიც ეგეოსის ზღვიდან ინდუსის ველამდე ფართო ტერიტორიაზე გვხვდება.

მიუხედავად მსგავსებისა, მეცნიერები ჯერ ვერ ამტკიცებენ, რომ ტროას და ურის ოქრო უშუალოდ საქართველოს ტერიტორიიდან იყო მოპოვებული. ქართული ბრინჯაოს ხანის ოქრო მათთან ყველაზე ახლო ქიმიურ კორელაციას აჩვენებს, თუმცა ზუსტი წარმომავლობის დასადგენად სხვა რეგიონებიდან დამატებითი მონაცემების შესწავლაა საჭირო.

კვლევა აჩვენებს, რომ ადრეული ბრინჯაოს ხანის საზოგადოებები ერთმანეთთან გაცილებით მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა, ხოლო ოქრო დიდ მანძილზე გადაადგილდებოდა როგორც სავაჭრო, კულტურული და პოლიტიკური მნიშვნელობის რესურსი.

წყაროები:

https://phys.org/news/2022-11-gold-troy-poliochni-ur.html

https://cursorinfo.co.il/…/uchenye-vyyasnili-interesnuyu…/

https://iberiana2.wordpress.com/v-mire/gold-troy/